მიწასთან გასწორებული ეროვნული მემკვიდრეობა

ქოროღოს კომპლექსი - შედგება ეკლესიისგან, ზურგიანი კოშკისგან, რომელიც რეაბილიტაციისას დაინგრა, პატარა სამლოცველოსგან, აკლდამისგან, სავარაუდოდ, საერო ფუნქციის შენობისა და გალავნისგან. აეროფოტო. 27 ოქტომბერი, 2023 წელი

ხადის ხეობაში თითქმის მიწასთან არის გასწორებული მეათე საუკუნის ქოროღოს კოშკი - საზოგადოებამ მისი ნგრევის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობა სრულად იყო დაშლილი. ეროვნული ძეგლის სტატუსი უფრო მაღალი დაცვის გარანტიას გულისხმობს, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ციხე 2022 წლის ზაფხულში სარეაბილიტაციოდ დაანგრიეს და, სავარაუდოდ, მომდევნო ზაფხულში მას ხელახლა ააშენებენ. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ქოროღოზე სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და იქ მისულ ადამიანს მხოლოდ სამშენებლო ნარჩენები, იარაღი და დანგრეული ციხის დაფშხვნილი ქვები ხვდება. ამ დროისთვის დასრულებულია მხოლოდ ქოროღოს კომპლექსში შემავალი ეკლესიის რესტავრაცია, თუმცა დატოვებულია ზედ ამოსული მცენარეები, უფუნქციო ჟოლობები, ინტერიერი კი უსისტემოდ არის შელესილი.

სახელმწიფოს არ განუმარტავს, რატომ გახდა ქოროღოს რეაბილიტაციისას ასეთი უხეში ჩარევა საჭირო. საჯარო არ არის არც საპროექტო დოკუმენტაცია და არც ის, ვინ მიიღო გადაწყვეტილება დაწუნებული მეთოდით ძეგლის რესტავრაციის შესახებ.

ვიცით მხოლოდ ის, რომ პროექტი, რომელიც 2019 წელს შევიდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ კომპლექსის აღსადგენად, სარეკომენდაციო საბჭომ დაიწუნა სწორედ იმის გამო, რომ ის ციხის დანგრევას გულისხმობდა. ამავე წელს გამოცხადდა ტენდერი ქოროღოს კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტისთვის.

რადიო თავისუფლება ქოროღოს ციხეზე 27 ოქტომბერს ავიდა ხელოვნებათმცოდნე ნოდარ აროშინაძესთან ერთდ - ის და მისი ორგანიზაცია, ჩუბინაშვილის ცენტრი მუშაობენ ანგარიშზე, სადაც გაანალიზებული იქნება ძეგლის რეაბილიტაციისას დაშვებული შეცდომები.

ასევე ნახეთ "რაც ამ კოშკს დამართეს, სისხლის სამართლის დანაშაულია" - როგორ დაანგრიეს X საუკუნის ეროვნული ძეგლი