მიშელ უელბეკი და მისი „უღმერთო ადამიანი“

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

მიშელ უელბეკი და მისი „უღმერთო ადამიანი“

„სკანდალური“, „მიზანთროპი“, „ქალთმოძულე“, „პორნოგრაფი“, „ვულგარული“, „ისლამოფობი“ – ამ ეპითეტებს ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის შესახებ დაწერილ ვერც ერთ რეცენზიაში ვერ ასცდებით. მის შესახებ ლაპარაკობენ უნივერსიტეტებში, პრესაში, ტელეგადაცემებში; ლაპარაკობენ თავყრილობებზე, წვეულებებზე - ღვინის ჭიქით ხელში. მასზე აზრი აქვთ მათაც, ვისაც მისი წიგნები არ წაუკითხავს.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

თავად მწერალი კი ირწმუნება, რომ კრიტიკოსების ეს პოლემიკა არც მას ადარდებს და არც მის „რიგით“ მკითხველს. „საფრანგეთში თითქმის აღარავინ კითხულობს პრესას, აღარავინ ადევნებს თვალს მედიას“, გვეუბნება ის ინტერვიუში და იქვე დასძენს: „მე ხშირად გამოვხატავ ჩემს სიძულვილს ელიტებისა თუ მედიის მიმართ. საფრანგეთში ჟურნალისტებს ნამდვილად რაღაც დაემართათ. ისინი გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებენ”.

უელბეკი ძირითადად საფრანგეთის საზოგადოებისთვის სპეციფიკურ პრობლემებზე წერს, მაგრამ თან, უკვე ათწლეულებია, ინარჩუნებს დიდ საერთაშორისო აუდიტორიას. ლიტერატურის მცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ალბერ კამიუს შემდეგ სხვა არც ერთ ფრანგ მწერალს არ ჰყოლია ასეთი მასშტაბის საერთაშორისო მკითხველი.

ბევრი განსაზღვრება, ეპითეტი თუ იარლიყი, რომელსაც უელბეკს კრიტიკოსები მიაწერენ, ნამდვილად ირეკლავს სიმართლეს. უელბეკი მართლაც უხვად, ტლანქად, პორნოგრაფიული სიზუსტით აღწერს სექსის სცენებს; კაცური შოვინიზმით, ვულგარულობით მოგვითხრობს ქალებსა და მათ სხეულებზე; „საფრანგეთის ისლამიზაციის“ აბსურდულ სიუჟეტს იგონებს და ამით დასავლელ მკითხველს კიდევ უფრო მეტად უღვივებს შიშებს უცხოს, ისლამის, მიგრანტების მიმართ.

მიშელ უელბეკი და სალომე ასათიანი, თბილისი, 2018

მაგრამ რაოდენ შემაწუხებელიც უნდა იყოს ეს ყველაფერი, და არის კიდეც, უელბეკისთვის “ქსენოფობი ქალთმოძულის“ დაძახება და ამით მისი მარტივად უგულებელყოფა არ გამოდის. ეს არც კრიტიკოსებს გამოსდით და არც ჟურნალისტებს. ის თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად რჩება, რადგან მკითხველს მის ტექსტებში, ალბათ, სხვა რამ იზიდავს უფრო მეტად - თანამედროვე საფრანგეთის და, შესაძლოა, მთელი დასავლეთის მორალური და კულტურული კრიზისი, „მატერიალისტური კოშმარი“, რომლის ქრონიკასაც უელბეკი გამორჩეული ოსტატობით, სიზუსტით, სიღრმით და, თუ გნებავთ, დაუნდობლობით გვთავაზობს. მისი „პორნოგრაფიულობაც“ აქედან მოდის - სექსი და ეროტიზმი უელბეკთან ადამიანებს შორის არსებული ემოციური, საკრალური, ირაციონალური კავშირი კი არ არის, არამედ კაპიტალიზმის ლოგიკას დაქვემდებარებული, გასაგნებული და კომერციული სფეროა.

დასავლელმა ადამიანმა ღმერთი დაივიწყა და ამ უღმერთობის გამოა სასოწარკვეთაშიო, - ამ - მისთვის, ერთი შეხედვით, უცნაურ - სიტყვებს უელბეკი თავად გეტყვით პოდკასტის ფინალში. „მღვდლები საკმაოდ კარგად მხვდებიან ხოლმე. მათ ჩემი რომანები შემდეგნაირად ესმით: პერსონაჟები, რომლებსაც ღმერთის არ სწამთ, შეცდომაში არიან შესული. მათ ღმერთი აკლიათ, ენატრებათ. და ჩემი ტექსტების ამგვარი ინტერპრეტაცია სულაც არ არის მცდარი“, - იტყვის ის.

თუმცა ამ ფინალამდე მის მოსაზრებებს ბევრ სხვა საინტერესო საკითხის შესახებაც მოისმენთ. პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ ინტერვიუს მიშელ უელბეკთან, რომელიც სალომე ასათიანმა ჩაწერა 2018 წლის ივნისში, უელბეკის თბილისში ვიზიტის დროს. ვსაუბრობთ იმ სკანდალებსა თუ საკითხებზე, რომლებიც უელბეკის ფიგურას უკავშირდება, და ვკითხულობთ ნაწყვეტებს მისი რომანებიდან.