ქუთაისელები ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ბულვარსა და სკვერებში და სკოლებისა და ღია კაფეების მახლობლად უმეთვალყურეო ძაღლების მომრავლებას უჩივიან. როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების უმრავლესობას ყურზე ყვითელი ნიშანი აქვს, რაც მათ უსაფრთხოებაზე მიანიშნებს, ერთად თავმოყრილი ძაღლების მაინც ეშინიათ. ქალაქის ღია კაფეების მფლობელები აღნიშნავენ, რომ ძაღლების სიმრავლის გამო მომხმარებლების წინაშე თავს უხერხულად გრძნობენ და ამ სიტუაციის დაძლევას მიუსაფარი ცხოველების გამოკვებით ცდილობენ.
Your browser doesn’t support HTML5
მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე თვალშისაცემია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარსა და ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, სადაც ქუთაისელებთან ერთად ტურისტებიც ხშირად ისვენებენ. რესპონდენტთა ნაწილი ამბობს, რომ ძაღლები, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მშივრები არიან, გამვლელების მიმართ ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან.
რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში არ უნდა იყვნენ და უმჯობესი იქნება, თუ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები თავშესაფარში იცხოვრებენ.
ქუთაისში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მერიას დაქვემდებარებული კომპანია „სპეციალური სერვისები“. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თავშესაფარში ძაღლებს უსაფრთხოების მიზნით საჭირო პროცედურებს უტარებენ, გარკვეული დროის განმავლობაში უვლიან და შემდეგ გარემოში აბრუნებენ, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. „სპეციალური სერვისების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, უმეთვალყურეოდ მიტოვებული ძაღლის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სამსახურის წარმომადგენლებს ცხოველი თავშესაფარში გადაჰყავთ, სადაც 2 კვირის განმავლობაში აკვირდებიან.
ქუთაისელთა ნაწილმა უკვე იზრუნა იმაზე, რომ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს წყალი და საკვები ჰქონდეთ, რისთვისაც რამდენიმე ადგილას სპეციალური ჯამები დადგეს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იქ საკვები დატოვოს.