მიტინგი ცხინვალში. დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა ისევ ბოიკოტის რეჟიმშია

საპროტესტო აქცია ცხინვალში. 11 სექტემბერი, 2020 წ.

ცხინვალში საპროტესტო მიტინგი ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თეატრალურ მოედანზე ხალხიც და ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ორსაათიანი დაგვიანებით მივიდნენ, დაგვიანებას კი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.

დე ფაქტო სამართალდამცავებმა მიტინგამდე ცოტა ხნით ადრე ჯერ პარტია „ნიხასის“ ლიდერის, ალან გაგლოევის ძმა დააკავეს, შემდეგ ამავე პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და, ბოლოს, ამ პარტიის თავმჯდომარე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

მიტინგი მაინც ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა თეატრალური მოედანი მთლიანად შეავსეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოთხოვნები უცვლელი იყო: სამართლიანი გამოძიების ჩატარება, დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენება და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. მიტინგის ორგანიზატორები არიან პარტიები: „ნიხასი“, „სახალხო პარტია“, „ხალხთა ერთობა“ და კომუნისტური პარტია.

როგორც კი ოპოზიციურმა პარტიებმა სამართლიანი გამოძიება და გენერალური პროკურორის გადაყენება მოითხოვეს, მაშინვე პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა

ოსური საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს როგორც გაგლოევების სახლში, ასევე ოპოზიციური პარტიის ოფისში. ეს მოვლენა ცხინვალში განსჯის საგნად იქცა.

„ახლა პარტია „ნიხასის“ ოფისში პროკურატურა ატარებს ჩხრეკას, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ტერორი და დევნა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა?“ - წერს დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ზიტა ბესაევა სოციალურ ქსელში და პოლიტიკური ტერორის დაწყებაზე საუბრობს.

ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარ ფეისბუკგვერდებზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი მიტინგის წინ პროვოკაციას აწყობს, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას. ძმის დაკავების შემდეგ პროკურატურაში დაკითხვაზე თავად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევიც დაიბარეს.

რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან, სამოქალაქო აქტივისტი, გვატყობინებს, რომ უკვე აშკარაა პოლიტიკური დევნის ნიშნები:

„როგორც კი ოპოზიციურმა პარტიებმა სამართლიანი გამოძიება და გენერალური პროკურორის გადაყენება მოითხოვეს, მაშინვე პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, თითქოს მათ გააქტიურებას ელოდნენო. დავით სანაკოევს ცილისწამების მუხლი წაუყენეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ალექსანდრე პლიევს ყალბი საბუთების დამზადების, დეპუტატ დზამბოლატ მედოევს დანაშაულის დაფარვის ბრალდებები. დღეს კიდევ პარტია „ნიხასის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. პარტიის თავმჯდომარის ძმა თუ დამნაშავეა, რა შუაშია მისი ძმის პარტიის ოფისი? ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ბიბილოვმა პოლიტიკური ოპონენტების არა მხოლოდ დისკრედიტაცია, როგორც ამას ბოლო პერიოდში აკეთებს, არამედ უკვე მათი დევნა დაიწყო. ეს ხალხისთვის ერთგვარი მესიჯიც არის, აი, ხომ ხედავთ, დეპუტატებს ვსჯით და თუ მათ გვერდით დადგებით, თქვენც იგივე მოგელითო. ხალხი კი განუკითხაობით დაიღალა. ისეთს რას ითხოვენ? გამოიძიონ სამართლიანად 30 წლის ბიჭის წამებით მკვლელობა. ამ ყველაფრით, პირველ რიგში, ბიბილოვი უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ ის საკუთარ მოხელეებზე არის გადაფარებული, რაც არაერთხელ დადასტურდა“.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ამჟამინდელ პარლამენტს არ ჰყოლია და არ ჰყავს სპიკერი. არცერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ალან ტადტაევს არ მიუღია.
დავით სანაკოევი

რუსეთში გამგზავრებამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან ტადტაევს, ინალ ჯაბიევის დაღუპვის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დაავალა, თუმცა ტადტაევმა კვორუმი ვერ შეკრიბა, რადგან დე ფაქტო დეპუტატების უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებამდე სხდომათა დარბაზში დაბრუნებას არ აპირებს.

ბიბილოვის დავალების შეუსრულებლობის გამო ტადტაევმა პასუხისმგებლობა დეპუტატებს დააკისრა და მედიაში განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები საქმის გამოძიებით კი არა, პოლიტიკური ქულების დაწერით არიან დაინტერესებულნი. ტადტაევის ამ განცხადებას პარტია „ნიხასის“ ერთ-ერთმა წევრმა, დე ფაქტო დეპუტატმა დავით სანაკოევმა, უპასუხა.

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ამჟამინდელ პარლამენტს არ ჰყოლია და არ ჰყავს სპიკერი. არც ერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ალან ტადტაევს არ მიუღია. პრეზიდენტი და „ერთიანი ოსეთი“ („ედინაია ოსეტია“ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიაა) ისე იქცევიან, თითქოს ინალ ჯაბიევი ცოცხალია და არაფერი მომხდარა. თითქოს მათ არ დაარღვიეს პარლამენტის რეგლამენტი. პარლამენტს გენერალური პროკურორის დანიშვნის და გადაყენების უფლება აქვს, ესენი კი მასზე გადაფარებულები არიან. ახლა ისინი ჩვენი კი არა, ხალხის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ ეს არ ესმით. თქვენ წინააღმდეგ არის ხალხი, ვინც სამართლიანობას ითხოვს. საპარლამენტო კომისია არაა საგამოძიებო ორგანო, მას სხვა ფუნქცია აქვს და კომისია მაშინ დაიწყებს მუშაობას, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციის ნორმას დაიცავს, იმისთვის, რომ სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს“, - წერს დავით სანაკოევი საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

მიტინგი ცხინვალში

2 სექტემბერს დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. 17-მა დეპუტატმა დე ფაქტო პრეზიდენტს მოსთხოვა დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენება, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი საპარლამენტო მუშაობის შეჩერებით დაიმუქრა.

პასუხად ბიბილოვმა მათ შეუთვალა, რომ კანონით დადგენილ ათ დღეს იფიქრებს და პასუხს აცნობებს. გარდა ამისა, მან დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს ინალ ჯაბიევის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, თუმცა დეპუტატები, პირველ რიგში, გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ, რადგან ის დე ფაქტო რესპუბლიკაში კანონის აღსრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

მივიჩნევთ, რომ ურუზმაგ ჯაგაევის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა ხელს უშლის სრულყოფილი და მრავალმხრივი გამოძიების ჩატარებას ინალ ჯაბიევის სიკვდილის მიზეზების დასადგენად“, - ეს არის ამონარიდი დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატთა განცხადებიდან.

საპროტესტო მიტინგი ცხინვალში

ცხინვალში პოლიტიკური კრიზისია. დე ფაქტო პრეზიდენტსა და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ერთ ჯგუფს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ე.წ. დეპუტატები ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმეში დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის, პასუხისმგებლობასაც ხედავენ.

დე ფაქტო სამართალდამცავებმა ჯაბიევის საქმეზე 7 მილიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ამოცნობის დროს კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ნიკოლაი ცხოვრებოვმა, რომელიც ინალ ჯაბიევთან ერთად დააკავეს და სასტიკად სცემეს, ხელი დაადო დე ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, იგორ ნანიევის, ახლო ნათესავს, აცამაზ ნანიევს, რომელიც ასევე დაკავებულია.

30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. სავარაუდოდ, ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და ცემეს. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, ე.წ. მთავრობა დაეთხოვა. მიუხედავად ამისა, 28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები თავად ბიბილოვისა და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადადგომის მოთხოვნით. 31 აგვისტოს ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს.