მიმართეთ მუნიციპალიტეტს. ტრანსგენდერობის დაფიქსირება არაა საჭირო – სოფო კილაძის დახმარება ტრანსთემს

სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ტრანსგენდერ ადამიანებს დახმარება შესთავაზა. მიმართვის შემდეგ კი მათ მუნიციპალიტეტებთან ამისამართებს, როგორც შეჭირვებულ მოქალაქეებს.

“თითქმის ყველა ტრანსგენდერმა მივწერეთ მას [სოფო კილაძეს]. როგორც რიგითი მოქალაქეები გადაგვამისამართა ჩვენ-ჩვენ მუნიციპალიტეტებთან”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი და განაგრძობს: “ვითომ ეს იყო დახმარება”.

პირველ მაისს, სოფო კილაძემ – რომელიც ლგბტქ თემის მიმართ არასენსიტიური დამოკიდებულების გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ – ტრანსთემს ფეისბუკზე მიმართა: “თუ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში”. ამ პოსტით კილაძე გამოეხმაურა ტრანსგენდერი ქალის უკიდურეს პროტესტს, როცა მან სახელმწიფოს ყურადღების მიქცევის მიზნით თავის დაწვა სცადა.

საქართველოში ტრანსგენდერი ქალების უმეტესობა თვითგადარჩენისთვის სექს სამუშაოშია ჩართული. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ დაკარგეს ერთადერთი სამსახური, ყოველდღიური შემოსავალი და ახლა ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.

ასევე ნახეთ როცა შენი არავის ესმის: ტრანსგენდერი ქალები ითხოვენ დახმარებას

სოფო კილაძის ფეისბუკ პოსტი იმედის მომცემი გახდა ზოგიერთი ტრანსგენდერი ქალისათვის, რომლებიც დეპუტატთან მიმოწერაში ხაზს უსვამენ, რომ უსახლკაროდ დარჩენილებს ჰომო/ტრანსფობიასთან გამკლავება განსაკუთრებით გაუჭირდებათ.

“სად ხართ ჩაწერილი ტერიტორიულად? განმსაზღვრელი თქვენი იურიდიული მისამართია, როგორც ვიცი. საჭიროა მიმართოთ მერიას ერთჯერად დახმარებაზე. თუ არ დაგიკმაყოფილეს, მითხარით. უნდა მიმართოთ, როგორც სოციალურად შეჭირვებულმა. ტრანსგენდერობის დაფიქსირება არ არის საჭირო. თქვენთვის მნიშნველოვანია, რომ დახმარება გაგეწიოთ, როგორც შეჭირვებულ მოქალაქეს”, - ასე პასუხობს სოფო კილაძე ტრანსგენდერი ქალების კითხვებს.

აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ტრანსთემთან მუშაობს, ამბობს, რომ მათი უმეტესობა რეგიონიდანაა, სადაც ბავშვობის მერე არ ყოფილა და არც “ჩაესვლება”. სოფო კილაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა ფერაძემ რადიო თავისუფლებას მიაწოდა დეპუტატთან ტრანსგენდერი ქალების მიმოწერა.

ტრანსგენდერი ქალების მომიწერა სოფო კილაძესთან

“უთხარით, რომ ხართ უკიდურეს მდგომარეობაში და გესაჭიროებათ დახმარება, რადგან გიდგათ ფიზიკური არსებობის და გადარჩენის პრობლემა. რაც მართალია. ანუ თქვენ გჭირდებათ დახმარება იმიტომ, რომ გიჭირთ ისე, როგორც ბევრ სხვა ადამიანს”, - ეუბნება კილაძე ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს და განაგრძობს: “თქვენ არ ხართ ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ, სამწუხაროდ. უამრავი ადამიანი მომმართავს.”

კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი დეპუტატს ეუბნება, რომ მისი რჩევის მიხედვით მოიქცა, დარეკა მუნიციპალიტეტში, საიდანაც 144-ზე გადაამისამართეს. რეგიონის მომსახურების ცენტრში კი დახმარების მისაღებად სოციალური ქულა, ან სამსახურის დაკარგვის ცნობა მოსთხოვეს.

“სამსახურიდან ცნობის მიტანას და შემოსავლების დადასტურებას ვერ შევძლებ გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერების უმეტესობას თვითგადარჩენის მიზნით გვიწევს, ჩართული ვიყოთ სექს სამუშაოში… ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ - ქუჩაში დარჩენის საფრთხის პირისპირ”.

კილაძე კი პასუხობს: “მე თქვენ სხვაგვარად გითხარით მიგემართათ. ანუ განცხადების დაწერა გჭირდებათ და ამას თქვენს გარდა ვერავინ გააკეთებს. მე ვერ გაგიკეთებთ ამას. სხვა მოქალაქეებიც ზუსტად ასე წერენ განცხადებას.

“გუშინდელის მერე ამაზე გვაქვს ჭიდაობა”, - ამბობს ნატა ფერაძე.

საქართველოში ძლიერი ჰომო/ტრანსფობიური განწყობების გამო, ტრანსგენდერი ქალების უმეტესობა კორონავირუსის პანდემიამდეც ფაქტობრივ იზოლაციაში ცხოვრობდა. ბევრისთვის საკუთარი ოჯახის კარი დიდი ხანია დაკეტილია. ისინი ვერც საზოგადოების სოლიდარობით სარგებლობენ.