მილიონიანი დავალიანების მქონე კომპანიას ქუთაისის მერიამ იჯარა გაუუქმა

ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით, მერიას დაქვემდებარებულ კომპანია „პარკინგსერვისს“ გაუუქმდა იჯარით აღებული ქონების გადასახადი და პარკირებისთვის განკუთვნილი 300-მდე ადგილი უსასყიდლოდ გადაეცა. ყოველწლიური საიჯარო თანხის - 463 415 ლარის - გაუქმება მიუღებელია საკრებულოს წევრისთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ბრეგაძისთვის. მისი განცხადებით, „ქალაქის საბიუჯეტო შემოსავლებს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დააკლდება“.

Your browser doesn’t support HTML5

მილიონიანი დავალიანების მქონე კომპანიას ქუთაისის მერიამ იჯარა გაუუქმა

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გიორგობიანის განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტის საშემოსავლო პარამეტრები არ შემცირდება, თავად ცვლილება კი ხელს შეუწყობს კომპანიიის განვითარებას. გიორგობიანის ინფორმაციით,„პარკინგსერვისის“ მიერ იჯარით აღებული ქონების გადასახადის დავალიანება მილიონ 734 ათასი ლარია, რომლის ეტაპობრივად დასაფარად გრაფიკის შედგენა იგეგმება.

„პარკინგსერვისს“ქუთაისის მერიისგან იჯარით აქვს აღებული 300-მდე ადგილი და მიწის ნაკვეთი ავტომანქანების საჯარიმო სადგომისთვის. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამწლიან მუშაობას მოგება არ მოუტანია, რადგან ავტომფლობელები პარკირების გადასახადს თავს არიდებენ. კომპანიის მონაცემებით, ყოველწლიურად მცირდება რიცხვი იმ ავტომფლობელებისა, რომლებიც ერთწლიანი პარკირებისთვის 40-ლარიან მოსაკრებელს იხდიან.

„პარკინგსერვისის“ ინფორმაციით, 2016 წელს 6 თვით და 1 წლით პარკირების საფასური, ჯამში, 15 ათასმა ავტომფლობელმა გადაიხადა, 2017 წელს - 13 ათასმა, გასულ წელს კი - 11 600-მა.კომპანიის იურისტის, გვანცა კირკიტაძის, განცხადებით, კომპანიის შექმნის პერიოდში ჩატარებული კვლევით, ქუთაისში ყოველდღიურად მოძრაობდა 40 ათასი ავტომანქანა და მათი რიცხვიყოველწლიურად იზრდება, თუმცა კომპანიას მოგება არ აქვს, რადგან მძღოლები თავს არიდებენ პარკირების საფასურის გადახდას. გვანცა კირკიტაძისავეგანცხადებით, „გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტში დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარი შევიდა პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის დაჯარიმებული ავტომფლობელებისგან, თუმცა გასული წლების იჯარის გადახდა კომპანიის ვალდებულებად რჩება. „პარკინგსერვისმა“ იჯარით აღებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თხოვნით მერიას გასული წლის ბოლოს მიმართა, რადგან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება გაიზარდა, თანხის გადასახდელად საჭირო შემოსავალი კი არ ჰქონდა“.

ქუთაისი

„პარკინგსერვისის“ მიერ 2016-2018 წლებში დაგროვებული დავალიანების გადაუხდელობა კომპანიის არაეფექტურ მართვად და მერიის მხრიდან არაეფექტურ ზედამხედველობად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ორგანიზაციის მიერ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული კვლევით, კომპანიას შემოსავალზე მეტიხარჯი აქვს. მაგალითად, 2017 წელს „პარკინგსერვისმა“ 41 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისა და საოფისე ხარჯისთვის გამოყო 420 ათასი ლარი, რაც 2016 წლის ანალოგიურ ხარჯებს თითქმის 70 ათასი ლარით აღემატება. 2018 წლის 9 თვის მონაცემებით კი, ხელფასსა და ოფისს მოხმარდა 331 ათასი ლარი. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, მერიამ უნდა გააანალიზოს იმ გადაწყვეტილების ადეკვატურობა, რომლითაც ქუთაისში ავტომანქანების პარკირების მოსაწესრიგებლად სახელმწიფო კომპანია შეიქმნა და არ შეირჩა კერძო სტრუქტურა. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ „პარკინგსერვისმა“ ქუთაისში რეალურად ვერ მოაგვარა წლების განმავლობაში არსებული პარკირების პრობლემა.