მილიონი ლადო აფხაზავასთვის - სოციალურ ქსელში ერთლარიანი კამპანია დაიწყო

„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“, - მილიონიანი კამპანია ჩიბათელი მასწავლებლის, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტისთვის, სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო. იდეის ავტორი მეწარმე ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა.

ჯილდო, რომელიც ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში უნდა მიეღო, მილიონ დოლარს შეადგენდა. მილიონის მოგების შემთხვევაში კი ლადო აფხაზავა აპირებდა, რომ თანხა გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებისა და ბავშვებისათვის მოეხმარებინა. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, რომ ლადო აფხაზავას ამ გეგმების განხორციელებაში, საზოგადოება დაეხმარება:

„ლადომ მოახერხა და მსოფლიოს გააცნო საქართველო. და იმის ნაცვლად, რომ ყველას გაგვეხარა მისი წარმატებით, საზოგადოების ნაწილმა ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა. მივხვდი, რომ ეს ბიჭი, ჩვენგან, საზოგადოებისგან, იმსახურებს სიყვარულს და თანადგომას. ლადოს ძალიან დელიკატურად მივწერე ჩემი იდეის შესახებ და მიხარია, რომ მან ეს ინიციატივა, ზუსტად ისე მიიღო, როგორც ჩავიფიქრე“.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ პოსტი მისი ინიციატივის შესახებ, ფეისბუქში 26 მარტს გამოაქვეყნა. მის იდეას მალევე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები:

„ჩემი იდეა იყო, რომ ყველას თითო ლარი გადაგვერიცხა ლადოს ანგარიშზე. თუმცა, ამ ორმა დღემ აჩვენა, რომ გაცილებით მეტი რაოდენობის თანხა ირიცხება მის სახელზე. ანგარიშის გამოქვეყნებიდან პირველ ხუთ წუთში, 200 ლარი იყო უკვე ჩარიცხული. ის არის კარგი, საღი ადამიანი და ჩვენ გვაქვს შანსი, მივცეთ მას შესაძლებლობა განახორციელოს თავისი გეგმები. დარწმუნებული ვარ, სიყვარულს + 1 ლარი, ლადოს გააკეთებინებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს“.

ძალიან გამიხარდება, თუკი მოვახერხებ, რომ ჩემი გეგმები განვახორციელო სწორედ საზოგადოების თანადგომით.

ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას დადებითად უყურებს. ამბობს, რომ ეს კამპანია სცდება ყველანაირ პირად მიზანს და ის იქნება საქართველოდან ძალიან დიდი სიგნალი და პასუხი, რომ „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მთავარი მისია და მიზნები საქართველოში აუცილებლად შესრულდება:

„ასეთი ტიპის კამპანია არცერთ ქვეყანაში არასდროს დაწყებულა. ამ ჟესტით, საქართველო ამბობს სიტყვას მსოფლიოს წინაშე და ეს „გლობალური ჯილდოსთვის“ დიდი სტიმულია. ეს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა იქნება ჩემთვის, ვიდრე ის, რომ გამემარჯვა და მილიონი დოლარი მომეგო. როდესაც საზოგადოება ერთიანდება და ითხოვს, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული და აღიარებული, ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქვეყანა უკვე მზადაა, რომ მასწავლებელი დაფასდეს. ეს ხელისუფლებისთვისაც უნდა იყოს სიგნალი. ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს საზოგადოების დამსახურებაა. ძალიან გამიხარდება, თუკი მოვახერხებ, რომ ჩემი გეგმები განვახორციელო სწორედ საზოგადოების თანადგომით. ძალიან ამაღელვებელი ინიციატივაა და დიდი მადლობა ყველას“.

პირველი, რასაც ლადო აფხაზავა გარკვეული რაოდენობის თანხის შეგროვების შემთხვევაში გეგმავს, ეს იქნება გურიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაწყება. გარდა ამისა, ის გეგმავს ფონდის შექმნას, რომელიც განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევებზე იმუშავებს.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი 24 მარტს დუბაიში დასახელდა. ჯილდო მოიპოვა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელმა კენიიდან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს. მისი კონკურენტები იყვნენ პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანია ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. გამარჯვებული კი ჯილდოდ მილიონ დოლარს იღებს.