მილიარდი რუბლი, MI-6, "არსებული რეალობა" და ეკლესიური ვნებები ცხინვალის სამწყსოში 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარქოსი აფრიკაში მიტროპოლიტი ლეონიდე

ცხინვალის რეგიონში თითქმის ერთი კვირაა არ ცხრება ვნებათაღელვა, რომელიც ვლადიკავკაზისა და ალანიის ყოფილი მთავარეპისკოპოსის, ახლა კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აფრიკის ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ლეონიდეს (გორბაჩოვი) განცხადებამ გამოიწვია. სოციალურ ქსელ Telegram-ში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დაადანაშაულა „რასკოლნიკების ეკლესიის“ მხარდაჭერაში.

რა მოხდა?

ალან გაგლოევი აღდგომა დღეს დაესწრო წირვას საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანების ეკლესიის ალანიის ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში. რუსმა მღვდელმთავარმა ე.წ. ალანიის ეპარქიის ეპისკოპოსს ამბროსის (ადრიან ბერდი) ბრიტანეთის დაზვერვის, MI-6-ის შტატგარეშე თანამშრომელი უწოდა და საკუთარ ტელეგრამარხზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც მწვავედ გააკრიტიკა. ლეონიდეს თქმით, გაგლოევმა აღდგომის დღესასწაულზე ცხინვალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მისვლით ე.წ. ალანიის ეპარქიას დაუჭირა მხარი. რუსმა სასულიერო პირმა გაიხსენა მოსკოვის მიერ ცხინვალისთვის გაწეული 1 მილიარდი რუბლის დახმარება და მოუწოდა ცხინვალის რუს კურატორებს, „არ დაუჭირონ მხარი იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ხარჯზე მტრულ პოლიტიკას ატარებენ“.

„ალანიის ეპარქია“ და „ძველმესტილეთა ეკლესია“

1990-იანი წლების დასაწყისში ცხინვალის რეგიონის ოსი სასულიერო პირები უშედეგოდ შეეცადნენ შესულიყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. შემდეგ ისინი გაწევრიანდნენ რუსეთის ემიგრაციულ ეკლესიაში, თუმცა ამ უკანასკნელის რუსეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, მათ გამოეყო ე.წ. ალანიის სამღვდელოება, რომელმაც 2005 წელს მიმართა საბერძნეთის ერთ-ერთ სქიზმატურ საკრებულოს - „ძველმესტილეთა ეკლესიას”, რომელიც 1984 წ. დაფუძნდა ათენში (ე.წ. ქრიზოსტომოსის სინოდი).

ე.წ. ალანიის ეპარქია შეიქმნა 2003 წელს. მთავარ ტაძარს წარმოადგენს ცხინვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. ეპარქიის პირველი მეთაური იყო ძველმესტილეთა ეკლესიის ეპისკოპოსი გიორგი პუხატე, რომელიც 2011 წლიდან შეცვალა ეპისკოპოსმა ამბროსი ბერდმა.

ამბროსი ბერდი 1998 წლიდან რეგულარულად სტუმრობდა რეგიონს. 2003 წელს მაშინდელმა „პრეზიდენტმა“ კოკოითიმ მიანიჭა „რესპუბლიკის“ მოქალაქეობა. 2017 წლის 22 სექტემბერს ამბროსი ბერდმა საზოგადოებას ამცნო დამოუკიდებელი, ადგილობრივი „ალანიის სახელმწიფოს მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაფუძნების შესახებ.

2018 წლის 18 აპრილს ამბროსი ბერდს ოსმა მესაზღვრეებმა ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს პასპორტი. ეს ფაქტი ამბროსისა და ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვის დაპირისპირების გაგრძელებაა. ბიბილოვი რამდენჯერმე შეხვდა ეპისკოპოს ამბროსის და ცდილობდა დაერწმუნებინა, რათა ის შეერთებოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ბიბილოვი პირველია ცხინვალის მეთაურებს შორის, რომელიც სადღესასწაულო მსახურებებს რუსულ ეკლესიაში ესწრება და არა ე.წ. ალანიის ეპარქიის კუთვნილ ცხინვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.

რა თქვა ეგზარქოსმა ლეონიდემ?

„რუსეთისთვის მტრულ პოლიტიკად“ რუსი მღვდელმთავარი მიიჩნევს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ურთიერთობას როგორც განკვეთილ მღვდელმსახურებთან, ასევე კანონიკის მიხედვით არარსებულ რელიგიურ სტრუქტურებთან.

კერძოდ, ლეონიდემ თქვა, რომ:

  • „ამ სტრუქტურის (ალანიის ეპარქიის) „მღვდლები“ არაღიარებული ბერძნული „ეკლესიის“ სქიზმატიკოსები არიან, მათი „ეპისკოპოსი“ ამბროსი კი - MI6-ის შტატგარეშე თანამშრომელი“.
  • „მინდა შეგახსენოთ არსებული რეალობა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ღრმად არადამოუკიდებული ერთეულია, რომელიც რუსულმა ჯარმა გადაარჩინა, თუმცა ეს არ არის ყველაფერი. იქნებ რესპუბლიკის მეთაურმა ალან გაგლოევმა არაფერი იცის რუსეთის მიერ გაწეული 1 მილიარდი რუბლის დახმარების შესახებ?“
  • „ცხინვალში არის ეკლესია, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ სალოცავად. არის კანონიკურად ხელდასხმული მღვდელი, სამების ულამაზესი ტაძარი (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია), რომელიც აშენდა რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, 2008 წლის საშინელი ომის სახსოვარი. ინიციატორი მაშინდელი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი იყო. ცხინვალის ბევრი მცხოვრები სწორედ იქ დადის. მდებარეობს ქალაქის ცენტრში. მღვდელი ოსია, ვლადიკავკაზის ეპარქიის სასულიერო პირი. იბრძოდა. გამოირჩევა მტკიცე ზნეობითა და სამსახურისადმი კარგი დამოკიდებულებით, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ჯიუტად უჭერს მხარს სქიზმატიკოსებს“.

რა თქვეს ცხინვალში

ალანიის ეპარქიის (რომელსაც ლეონიდე „რასკოლნიკებს“ უწოდებს) ეკლესიების მთავარხუცესმა იაკობმა (ხეთაგუროვი) მიტროპოლიტ ლეონიდეს განცხადებას მზაკვრობა და ნახევარსიმართლე უწოდა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზასათვის“ მიცემულ ინტერვიუში სასულიერო პირი ამბობს, რომ ლეონიდე თავს დაესხა არა მხოლოდ ცხინვალში მცხოვრებ მორწმუნეებს, არამედ მთელ ოს ხალხსა და მის მიერ არჩეულ ლიდერს.

ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი ეკლესიის ჩამოყალიბების მეორე მეთაური და აქტიური შემოქმედია „ეპარქიის“ მთავარხუცესი, დეკანოზი იაკობ ხეთაგუროვი. იგი ცხინვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. მღვდლად ხელი დაასხა ამბროსი ბერდმა. ხეთაგუროვი ინტერვიუებში მუდმივად აცხადებს, რომ სახელმწიფო დონეზე უნდა დადგეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ „ალანიის მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღდგენის საკითხი.

„რატომღაც არაფერი ითქვა იმაზე, რომ აღდგომამდე, ბზობის დღესასწაულზე პრეზიდენტი გაგლოევი ასევე იმყოფებოდა ცხინვალში მდებარე მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სამების ტაძარში, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად მოვიდა, ილოცა, გამოთქვა თავისი აზრი და თავისი იქ ყოფნით აჩვენა, რომ მისთვის კონფესიებს შორის განსხვავება არ არსებობს. ეს, სხვათა შორის, მისი პირდაპირი მოვალეობაა, რაც შეასრულა კიდეც. რატომ არ ითქვა, რომ გაგლოევი იმყოფებოდა მოსკოვის საპატრიარქოს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში?!“, - ამბობს იაკობ ხეთაგუროვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსი მღვდელმსახურის გამოხდომამ დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში:

ალანიის ეპარქიის ეკლესიების დეკანოზი მამა იაკობი (ხეთაგუროვი)

„ჩვენ ვიცით, რა რეაქცია აქვთ ჩრდილოეთ ოსეთში. ცხინვალში შეგუებული ვართ გამუდმებულ თავდასხმებს. თუმცა ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. თავის დროზე მივმართეთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ მივეღეთ თავის რიგებში. არ მიგვიღეს. ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ და მივხვდით, რომ ეს არის პოლიტიკა საქართველოს ეკლესიის მიმართ და ა.შ. და ჩვენ ვთქვით, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, ჩვენ არასდროს ვეწინააღმდეგებოდით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მეტიც, ყოველთვის ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა კეთილი, კარგი ურთიერთობები“.

ქალაქი ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და მასთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ნებისმიერი რელიგიური მსახურების ჩატარება.

იაკობ ხეთაგუროვის თქმით, მეუფე ამბროსის, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, ჩამორთმეული აქვს პასპორტი, არ შეუძლია ცხინვალში ჩასვლა:

„ხუთი წელია არ მოსულა. სულ ერთხელ იყო, ფაქტობრივად ორი დღით დარჩა, ილოცა და წავიდა. მას არც განცხადება გაუკეთებია და არც მიტინგი ჩაუტარებია. ახლა კი საერთოდ არ აქვს პასპორტი, შესაბამისად, ეპისკოპოს ლეონიდეს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ ეპისკოპოსი ამბროსი მოსვლას შეძლებს“.

ეპისკოპოსი ამბროსი (ადრიან ბერდი)

სამხრეთ ოსეთის სამღვდელოებას ბევრისთვის მოულოდნელად გამოექომაგნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნათლისღების დედათა მონასტრის მონაზვნები, რომლებმაც მიტროპოლიტ ლეონიდეს შეახსენეს, თუ როგორ გახდა სამხრეთ ოსეთის ეპარქია „სქიზმური“:

„მეუფე ლეონიდე არ აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში მორწმუნეების უმრავლესობა სწორედ „სქიზმატური ეკლესიის“ მრევლი იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან. საკითხის ისტორიას რომ არ ჩავუღრმავდეთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ უმძიმეს წლებში, როცა სამხრეთ ოსეთის ხალხი არაერთხელ იყო განადგურების პირას, მხოლოდ „არაღიარებული ეკლესიები“ იქცნენ კეთილ სამარიტელად ოსური საეკლესიო თემისთვის: ჯერ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ და შემდეგ კი ძველი სტილის ბერძნული ეკლესია. 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ, რესპუბლიკის მართლმადიდებლური სამწყსო მოელოდა საეკლესიო სტრუქტურების აღიარებას, მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ ხელახლა გაერთიანდნენ, მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პირების მუდმივმა განცხადებებმა, რომ სამხრეთი ოსეთი ქართული ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა, საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ ვერ გაიგო და არ მიიღო რუსეთის ეკლესიის ეს პოზიცია“.

ბუნებრივია, ლეონიდე გორბაჩოვსაც გამოუჩნდნენ დამცველები, რომელთა შორისაა ზნაურის რაიონის მკვიდრი, სასულიერო პირი ალვიანე (თხელიძე), რომელიც ამჟამად რუსეთის სტავროპოლის მხარეში მსახურობს. „მამა ალვიანემ“ უსაყვედურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაზვნებს იმის გამო, რომ „მიტროპოლიტ ლეონიდეს სწავლება გადაწყვიტეს“.

„აღშფოთებულნი არიან, რომ მეუფემ გაბედა სქიზმატიკოსების კრიტიკა. თავად სქიზმატიკოსებს კი უწოდებენ „კეთილ სამარიტელს“, რომელიც, სახარების მიხედვით, მღვდელსა და ლევიტელზე უკეთესი აღმოჩნდა. მეტიც, მონაზვნები აცხადებენ, რომ „ამ „სტრუქტურებში“ შესვლა სამხრეთ ოსეთის მორწმუნეებისთვის სასიცოცხლო აუცილებლობა და ერთადერთი გამოსავალი იყოო. იმის თქმა, რომ მორწმუნეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო განხეთქილებაში შესვლა, არის ეკლესიოლოგიური ერესი. გარდა ამისა, მონაზვნები რამდენიმე სქიზმატიკოსისა და პრეზიდენტის კრიტიკას წარმოაჩენენ მთელი ოსი ხალხის კრიტიკად, რაც ასე არ არის. არც პრეზიდენტი და არც რამდენიმე სქიზმაში მყოფი მღვდელი, რომლებსაც ბრიტანეთის მკვიდრი მართავს, არ წარმოადგენს ოსი ხალხის კვინტესენციას“, - ამბობს მღვდელი ალვიანე (თხელიძე).

დავით სანაკოევი

სასულიერო პირებს შორის გაჩაღებულმა ცხარე დისკუსიამ გულგრილი ვერ დატოვა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაც. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრი დავით სანაკოევი ვერ იხსენებს „მეგობარი რუსეთის“ მხრიდან სამხრეთ ოსეთის, მისი ხალხისა და პრეზიდენტის ასეთ უხეშ და პირდაპირ შეურაცხყოფას:

„მიჭირს იმის თქმა, რატომ აიღო სასულიერო პირმა თავის თავზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების კომენტირება და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოწოდება, მაშინ როცა ეს საკითხები ლეონიდეს კომპეტენციაში არ შედის. მეტიც, მისი განცხადებები სრულიად ეწინააღმდეგება მოსკოვის პოლიტიკას სამხრეთ ოსეთის მიმართ და ჩვენი კავშირების განვითარების აბსოლუტურად დადებით დინამიკას. სამხრეთ ოსეთის პოზიცია უნდა იყოს საჯარო და მკაფიო, რადგან ასეთ თავდასხმებს, რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება“.

„ზოგი ჭირი მარგებელიაო! ბიბილოვის დროს ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამდით რუსეთის ეკლესიის საიდუმლო დიქტატზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის სამწყსოს ფარულად უბიძგებდა ქართული ეკლესიისაკენ, ახლა კი ამ მღვდელმსახურის პირით ყველამ დაინახა რუსეთის ეკლესიის ჭეშმარიტი მიზნები...“ - ამბობს ცხინვალის მკვიდრი მარინა ძიგოევა.

ცხინვალსა და ვლადიკავკაზში გაიხსენეს ისიც, თუ რით დაამახსოვრდათ მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი), როცა იგი ვლადიკავკაზის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ჟურნალისტი რუსლან ტოტროვი სამი წლის წინანდელ მოვლენებზე წერს:

რუსლან ტოტროვი

„მოეშმაკო მღვდლის ლეონიდეს (გორბაჩოვის) ახალმა ეგზარქოსებმა და სამხრეთ ოსეთზე შეტევამ სამი წლის წინანდელ დროში დამაბრუნა. მაშინ მღვდელმა წარმოსახვითი (და შესაძლოა საკმაოდ რეალური) სამხრეებით ანაფორის ქვეშ, საფრთხის ქვეშ დააყენა ოსეთის ჩრდილოეთი ნაწილის მცხოვრებთა ჯანმრთელობა, როცა გადაწყვიტა არ დაეხურა ეკლესიები გაგანია პანდემიის დროს“.