რუსთავი-თბილისის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრავი N19 მარშრუტის რვა მძღოლი აგრძელებს ერთი კვირის წინ დაწყებულ გაფიცვას და არ გადის ხაზზე, „მინივენის“ ტიპის ავტომობილების გამო, რომლებმაც ორი თვის წინ რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებიდან იმავე მარშრუტზე დაიწყეს მოძრაობა.
„“მინივენები“ მგზავრებს გვართმევენ, ამის გამო ყოველდღიურ გადასახადს ვეღარ ვიხდით“, უთხრეს რადიო თავისუფლებას გადამზიდავი კომპანია „ინტერტრანსის“ კუთვნილი ე. წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს.
აღნიშნულ მარშრუტზე, რომლის ძირითადი მგზავრები სტუდენტები არიან, ყოველდღე 22 მიკროავტობუსი მოძრაობდა. კომპანიის პერესმდივანმა სოფო ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, „ინტერტრანსის“ “ მიერ დაქირავებული 12 კერძო მიკროავტობუსი მუშაობას აგრძელებს. მისივე თქმით, პრობლემა წარმოშვა ანალოგიურ მარშრუტზე „მინივენების“ გამოჩენამ.
„ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღე მიდიან და ესაუბრებიან [გაფიცულ მძღოლებს], რომ შემოიტანონ ყოველდღიური გადასახადი. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ თუ ის უშედეგოდ დასრულდა, იძულებულნი ვიქნებით, ისინი სხვა მძღოლებით ჩავანაცვლოთ“, თქვა სოფო ცერცვაძემ. მანვე დასძინა, რომ შუა ზაფხულიდან მგზავრთა ნაკადი მცირდება ხოლმე, ამიტომ კომპანია 15 ივლისიდან ყოველდღიურ გადასახადს 10 ლარით შეამცირებს.
ვერც ერთი კანონი მათ მუშაობას სათანადოდ ვერ არეგულირებს, ამიტომაც დგას ეს პრობლემა. სამუშაო ჯგუფი მუშაობს სპეციალურ დებულებაზე, რომელმაც სამარშრუტო ხაზებზე არსებული ქაოსი როგორმე უნდა აღმოფხვრას...გურამ კვარაცხელია
რუსთავის საკრებულოს წევრმა, ტრანსპორტის რეგულირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მინივენები“ ემ1 კატეგორიის (კერძო ტაქსი) უფლებით სარგებლობენ და მათი მარშრუტის რეგულირება ძნელია:
„ვერც ერთი კანონი მათ მუშაობას სათანადოდ ვერ არეგულირებს, ამიტომაც დგას ეს პრობლემა. სამუშაო ჯგუფი მუშაობს სპეციალურ დებულებაზე, რომელმაც სამარშრუტო ხაზებზე არსებული ქაოსი როგორმე უნდა აღმოფხვრას“.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "ინტერტრანსმა" 2014 წელს გაიმარჯვა. კომპანიამ მაშინ თავის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 280 ემ-2 კატეგორიის (მიკროავტობუსი) სატრანსპორტო საშუალება შემოიყვანა, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი მანქანა დღეისთვის მწყობრიდან არის გამოსული, იძულებული გახდა თავის მარშრუტებზე ბევრი კერძო მანქანა დაექირავებინა იმავე საგადასახადო პირობით, რა პირობითაც კომპანიის მიკროავტობუსებზე მძღოლები მუშაობენ.
რადიო თავისუფლების შენიშვნაზე, რომ მიკროავტობუსების დიდი ინტერვალით მოძრაობის გამო, მგზავრებს უჭირთ პიკის საათებში თბილისიდან რუსთავისკენ მგზავრობა, „ინტერტრანსის“ პრესმდივანმა სოფო ცერცვაძემ თქვა, რომ კომპანიის ბევრი ავტომანქანა მწყობრიდან არის გამოსული, რადგან ზოგიერთ მარშრუტზე ავტომობილების რაოდენობა შემცირებულია.
Your browser doesn’t support HTML5
„მარტო 2 ივნისს რუსთავში მომხდარი წყალდიდობის დროს ათეულობით მიკროავტობუსი დაგვიზიანდა, ზოგი წყალში ჩარჩა, ზოგიც ტალახში “, აღნიშნა „ინტერტრანსის“ პრესმდივანმა. მისივე თქმით, კომპანია ცდილობს თანხები მოიძიოს დაზიანებული მანქანების შესაკეთებლად, რადგან თავად მძღოლებს ამის საშუალება არ აქვთ. თავის მხრივ, „ინტერტრანსის“ მძღოლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ პირობის თანახმად, კომპანია ავტომანქანების შეკეთებას მათვე აკისრებს და ბევრი ამის გამო ვალებს ვეღარ ისტუმრებს.