მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას უცხოეთში მცხოვრები დევნილების ნაწილი

"დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვე ჩემი იურიდიული მისამართი გალში და გადმოვეწერე თბილისში"...

უცხოეთში მცხოვრებ დევნილებს, რომლებსაც რეგისტრაციის ადგილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ მითითებული და ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უფიქსირდებათ, არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა შეექმნათ.

მათ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიუხედავად, ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდნენ.

„ტკივილის მიუხედავად, მივიღე გადაწყვეტილება და გავაუქმე ჩემი რეგისტრაციის მისამართი გალში“

თამარ დემურია 24 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ის ოკუპირებული გალიდანაა. დევნილის სტატუსი დაახლოებით 16 წლის წინ შეუწყდა. ამ 24 წლის განმავლობაში, არ ყოფილა არჩევნები, რომ მას საკუთარი ხმა არ დაეფიქსირებინოს. არჩევნებში მონაწილეობდა როგორც რიგითი ამომრჩევლის, ისე დამკვირვებლის, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით.

დაახლოებით ორი კვირის წინ კი აღმოაჩინა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შესაძლოა, ხმის უფლება წაერთვას. მან და მისმა მეგობარმა, რომელიც სოხუმიდან დევნილია, ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემები ვერ იპოვეს:

თამარ დემურია

„მთელ საფრანგეთში ვეხმარები ქართველებს, რომ დარეგისტრირდნენ, შემდეგ გადაამოწმონ საკუთარი თავი სიაში და თურმე, მე მქონია პრობლემა. მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ ყველა ინსტანციასთან კომუნიკაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, დევნილთა სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჯარო რეესტრი, მაგრამ ყველა უწყება ერთმანეთთან გვამისამართებდა“.

თამარმა აღმოაჩინა, რომ ის, მისგან დამოუკიდებლად, თბილისში არსებული „ფაქტობრივი მისამართიდან გაქრა“:

„მიუხედავად იმისა, რომ დევნილის სტატუსი წლებია აღარ მაქვს, არასდროს შემქმნია არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა, რადგან ჩაწერილი ვიყავი თბილისში და მქონდა ფაქტობრივი მისამართი. თუმცა, ახლა ირკვევა და არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ამ მისამართიდან ამოშლილი ვარ. არც მამას, არც ოჯახის წევრებს არ ამოვუწერივარ მისამართიდან, ეს არც მე მომითხოვია, თუმცა, ჩემი მონაცემებიდან გაქრა ფაქტობრივი მისამართი, დამრჩა მხოლოდ რეგისტრაციის მისამართი, გალი და, შესაბამისად, პრობლემაც შეიქმნა“.

თამარი ამბობს, რომ მიუხედავად მისთვის მძიმე არჩევანისა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაკარგოს ხმის უფლება და მისი თავდაპირველი რეგისტრაციის ადგილიდან, გალიდან „ამოეწეროს“:

„ჩვეულებრივი შანტაჟია, ან მისცემ ხმას და შენი ნებით ჩააბარებ ტერიტორიას, ან გართმევენ შენს კონსტიტუციურ უფლებას და იტოვებ შენს აფხაზეთს, რომელიც წაგართვეს. რა უნდა გავაკეთო იმ დღეს, როცა დაბრუნება შესაძლებელი იქნება?

დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვე ჩემი იურიდიული მისამართი გალში და გადმოვეწერე თბილისში, ველოდები საბოლოო პროცედურების დასრულებას. სავარაუდოდ, შევძლებ ამ არჩევნებში ხმის მიცემას. იმ ოპოზიციურ პარტიებს კი, რომლებსაც მხარს დავუჭერ, იცოდნენ, რომ აუცილებლად მოვთხოვ, მომაქციონ ყურადღება, როგორც საქართველოს მოქალაქეს, როგორც დევნილს. მე იძულებული გავხდი, რომ დამეტოვებინა ჩემი იურიდიული მისამართი აფხაზეთში და მოთხოვნა, რომ ეს მისამართი ისევ დავიბრუნო, აუცილებლად მექნება“.

„მაინც მივალ საარჩევნო უბანზე“

ამომრჩეველთა სიის მიღმა დარჩა ლადო სამუშია, ასტროფიზიკოსი, პროფესორი კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ის წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ლადო სოხუმიდანაა. იქ არის მისი რეგისტრაციის ადგილი. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვს, შეწყვეტილი აქვს დევნილის სტატუსიც:

ლადო სამუშია

„ჩემი ფაქტობრივი მისამართი ახლა აშშ-შია. საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ, წალენჯიხაში ვფლობ ბებიის დანატოვარ სახლსაც, თუმცა, იქ არ ვარ ჩაწერილი. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, ჩემი მისამართია სოხუმი, აგრბას ქუჩა.

როგორც ამიხსნეს, 2013 წელს, დევნილთა სააგენტომ დევნილთა ბაზა განაახლა და ის ადამიანები, ვინც იმ დროს საქართველოში არ იყვნენ, ცხადია, ვერ მივიდნენ ხელახლა დასარეგისტრირებლად და, შესაბამისად, შეგვიწყდა დევნილის სტატუსი. ჩემთვის არავის მოუწოდებია ინფორმაცია, რომ დევნილის სტატუსი შემიწყდა, არც ის არავის უთქვამს, რომ ეს სტატუსი და ფაქტობრივი მისამართი აუცილებელია იმისთვის, რომ მე ჩემი კონსტიტუციური უფლებით ვისარგებლო და არჩევნებში მივიღო მონაწილეობა“.

ლადო სამუშიამ ნიუ-იორკში, არჩევნებზე გასამგზავრებელი ბილეთები მანამდე იყიდა, სანამ გაარკვევდა, რომ მისი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში არ აისახა. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მისი არჩევნებში მონაწილეობა, ფაქტობრივად, გამოირიცხა, ნიუ-იორკში, საარჩევნო უბანზე მისვლას მაინც აპირებს:

„ველაპარაკე დევნილთა სამინისტროს, სადაც მითხრეს, რომ არჩევნები მათ არ ეხებათ და თუ გნებავთ, რომ აღგიდგეთ დევნილის სტატუსი, მაშინ თბილისში უნდა ჩამოხვიდეთო.

ცესკოში მითხრეს, რომ სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოვჩნდები, თუკი როგორც დევნილს, ფაქტობრივ მისამართად დამიფიქსირდება არა ოკუპირებული ტერიტორია, არამედ საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქი თუ რეგიონი და ამის შემდეგ, ჩემს მონაცემებს დევნილთა სააგენტო გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მითხრეს, რომ საკონსულოს, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული მონაცემები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადამიანებისთვის საკმარისი არ არის ამომრჩეველთა სიაში მოსახვედრად და დევნილების შესახებ ინფორმაცია დევნილთა სააგენტოსგან უნდა მივიღოთო. დევნილთა სააგენტოში კი არ ვფიქსირდები, რადგან დევნილის სტატუსი არ მაქვს. იმხელა ბიუროკრატიული ბარიერი აღმიმართეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ.

ბილეთები ნაყიდი მაქვს და მაინც წავალ ნიუ-იორკში. პროტესტის ნიშნად თუ სხვა ადამიანების გასამხნევებლად, მაგრამ მაინც მივალ საარჩევნო უბანზე“, - ამბობს ლადო სამუშია.

„არავინ იზრუნა ამ ადამიანების ინფორმირებაზე“

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა სხვადასხვა უწყებიდან - მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებიდან.

ამომრჩევლები ერთიან სიაში ხვდებიან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები და ამომრჩეველთა სიაში შეყვანა ხდება მათი ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, ეს ფაქტობრივი მისამართი მუშაობს მხოლოდ დევნილის სტატუსთან ერთად.

ის პირები, ვისაც შეწყვეტილი აქვთ დევნილის სტატუსი და რეგისტრაციის ადგილად კვლავ ოკუპირებული ტერიტორიები უფიქსირდებათ, რაკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ტარდება არჩევნები და არ იხსნება უბნები, ამომრჩეველთა სიებში ვერ ხვდებიან.

გიორგი მონიავა, „სამართლიანი არჩევნების“ სამართლებრივი ექსპერტი, რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ დევნილებს, რომლებსაც დევნილის სტატუსი შეწყვეტილი აქვთ, რეგისტრაციის ადგილად მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები უფიქსირდებათ და ცხოვრობენ უცხოეთში, დღეს არსებული კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ორი გზა აქვთ.

პირველი - შეიცვალონ რეგისტრაციის მისამართი, მაგალითად, სოხუმის ნაცვლად დარეგისტრირდნენ თბილისში ან სხვა ქალაქში და შემდეგ იმის საფუძველზე, რომ საკონსულო აღრიცხვა უკვე გავლილი აქვთ, სპეციალური სიით, საკონსულოში დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

და მეორე გზა - სრულად გაიუქმონ რეგისტრაცია:

„კანონი იძლევა საშუალებას, რომ რეგისტრაციის სრულად გაუქმების შემთხვევაში, პირი მიდის საკონსულოში და რეგისტრაციის მისამართად იღებს საკონსულოს მისამართს, ანუ იქ გაივლის კანონით დადგენილ რეგისტრაციას და მისი რეგისტრაციის მისამართი იქნება „უცხოეთი“. ამ შემთხვევაში, ასეთი პირები ხვდებიან სპეციალურ სიაში და მათ მონაცემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“, - ამბობს გიორგი მონიავა.

თუმცა, მისივე თქმით, ეს გზა, ანუ რეგისტრაციის სრულად გაუქმება, საკმაოდ რთული პროცედურაა და აღმოჩნდა, რომ ამ წესის შესახებ ბევრმა საკონსულომ არაფერი იცის:

„მათ ისიც კი არ იციან, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. მოქალაქეებმა რომ მიმართეს, მოვიხსნით რეგისტრაციის მისამართს და ადგილზე დაგვარეგისტრირეთო, საკონსულოს თანამშრომლებმა უარი უთხრეს არაინფორმირებულობის გამო. არც იციან, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.

აქ საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის პროცედურების გასავლელად, ვადები, ფაქტობრივად, ამოწურულია. მაგალითად, რეგისტრაციის მისამართის შეცვლას სჭირდება 5 დღე. ახლა უკვე გაშვებულია ვადები იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრებმა დევნილებმა ეს პროცედურები წამოიწყონ, რადგან 8 ოქტომბერს ეს ვადები უკვე იწურება“.

გიორგი მონიავა ამბობს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არც დევნილთა სააგენტოს არ უწარმოებიათ არანაირი საინფორმაციო კამპანია, რომ ეს ადამიანები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ დამდგარიყვნენ მათთვის რთული დილემის წინაშე:

„დევნილებს თავისი ტკივილი აქვთ. გუშინ ველაპარაკე ორ დევნილს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ტიროდნენ. გამოგვყარეს სახლებიდან და ახლა გვაიძულებენ, ჩვენივე პირით ვთქვათ უარი რეგისტრაციის ადგილზე, იმ ადგილზე, რომელზეც რაღაცით მაინც ვართ მიბმულებიო. სოხუმი და ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიები, მხოლოდ რეგისტრაციის ადგილი არ არის მათთვის, ის მათთვის რეგისტრაციის ადგილზე მეტია, სულ სხვა რამაა.

საგულისხმოა, რომ არცერთ დევნილს არ მისვლია შეტყობინება, მაგალითად, იმის შესახებ, რომ მათ შეუწყდათ დევნილის სტატუსი. არცერთი მათგანის ინფორმირება არ მომხდარა, რომ თუ დევნილის სტატუსი დაკარგული გაქვთ, სხვა პროცედურების გავლა მოგიწევთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთო, მათ შორის, არც ცესკოსგან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“.

რას ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისია?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სანტურიანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიას ადგენს საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვადასხვა უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ დევნილთა არჩევნებში მონაწილეობის წესს, მისი თქმით, „ეს წესი წლებია არსებობს, არ შეცვლილა და ამ წესის შესახებ დევნილები ინფორმირებულები არიან“.

გიორგი სანტურიანი ამბობს, რომ დევნილთა საარჩევნო უფლების, სტატუსის შეწყვეტისა თუ აღდგენის პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დევნილთა სააგენტოს უნდა მივმართოთ.

დევნილთა სააგენტოში დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხებდნენ. თუმცა, მათგან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ:

  • თუკი დევნილმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მისი რეგისტრაციის მისამართია ოკუპირებული ტერიტორია და გაარკვია, რომ არ ფიქსირდება ამომრჩეველთა სიაში, რა შეიძლება გააკეთოს იმისთვის, რომ არ დაკარგოს ხმის უფლება? არსებობს რაიმე ალტერნატიული გზა?
  • თუკი დევნილი ამოეწერება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეგისტრაციის მისამართიდან და ჩაეწერება სხვა მისამართზე - ნიშნავს, რომ ის ავტომატურად კარგავს დევნილის სტატუსს და წყვეტს კავშირს წარმომავლობის ადგილთან?
  • რა შემთხვევაში უწყდება პირს დევნილის სტატუსი?
  • როგორ და რა ვადებში ხდება დევნილის სტატუსის აღდგენა?
  • შესაძლებელია თუ არა დევნილის რეგისტრაციის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
  • როგორია საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების სტატისტიკა, რომელთაც შეწყვეტილი აქვთ დევნილის სტატუსი და მათი რეგისტრაციის ადგილია ოკუპირებული ტერიტორია?
  • ბოლო პერიოდში რამდენმა ადამიანმა მოგმართათ, რომლებსაც შეწყვეტილი აქვთ დევნილის სტატუსი, ცხოვრობენ უცხოეთში და საქართველოში არ აქვთ ფაქტობრივი მისამართი?


სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ გამოეხმაურა საზღვარგარეთ მყოფი დევნილებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს ინსტრუქციების შესაბამისად გაიარეს საკონსულო აღრიცხვა, მათ ექმნებათ ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერები და მაინც ვერ ხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში:

ლონდა თოლორაია

„აღმაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის ფაქტი. მიგვაჩნია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს საკანონმდებლო ბერკეტი, რათა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრაციის არმქონე დევნილ და არადევნილ თანამოქალაქეებს სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის გზით“, - თქვა 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ.

კოალიცია მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, რა მიზეზების გამო არ/ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს მიზეზებისა და მოქალაქეთა რაოდენობის მითითებით.

ვინაიდან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 5 დღე, კოალიცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა დროულად და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე იქნეს უზრუნველყოფილი მათი საარჩევნო უფლების რეალიზება.