მიიღე ფარული ვიდეოჩანაწერი? - აი, როგორ უნდა მოიქცე, რომ არ გახდე დამნაშავე

ფოტომონტაჟი

შეკითხვაზე, დანაშაულია თუ არა ფარული ჩანაწერის, მაგალითად, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შენახვა, პასუხი მარტივია: კი, დანაშაულია.

რამდენიმე დღის წინ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. შსს-მ საქმე 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აღძრა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 17 ბრალდებულიდან სასამართლომ სამს პატიმრობა, ხოლო 14-ს გირაო შეუფარდა.

დაკავებულებს შორის იყვნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ დააკავა ისინი გამოძიებამ მაშინ, როდესაც მათ არც ვიდეო აუტვირთავთ და არც გაუვრცელებიათ. თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც პირად შეტყობინებაში მიღებული ვიდეო "უბრალოდ მეგობრებს გაუზიარეს".

კითხვა-პასუხი მარტივად

კითხვა: თუკი მაგალითად, პირად შეტყობინებაში მიიღე სხვისი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, გახსენი, ნახე და თუნდაც დაივიწყე, არავის ანახე, მისი შენახვა მაინც დანაშაულია?

პასუხი: კი, დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კითხვა: პირად შეტყობინებაში მიიღე სხვისი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. როგორ უნდა მოიქცე, რომ უნებლიედ არ გახდე დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილე?

პასუხი: ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ატყობინებ სამართალდამცავ ორგანოებს. ვიდეოს მოპოვება, შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თუ კი ამ ინფორმაციას გადასცემ გამოძიებას.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი მეტი თვალსაჩინოებისათვის განმარტავს, თუ რატომ არის სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს თუნდაც „მესენჯერში“ შენახვა დანაშაული.

„დავუშვათ, რომ პირად შეტყობინებაში მოგივიდათ ვიდეო, სადაც ერთი ადამიანი კლავს მეორეს. რას იზამთ? შეინახავთ ამ ვიდეოს ან მეგობრებს გადაუგზავნით? ალბათ არა, ხომ? წახვალთ და ამ ინფორმაციას შეატყობინებთ სამართალდამცავ ორგანოებს. ადამიანებს დღეს არ აქვთ იმის აღქმა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შენახვა და სხვებისთვის გაზიარება, დანაშაულია“, - ამბობს ლიკა საჯაია.

კიდევ ერთი კითხვა: დავუშვათ, სოციალური ქსელით ან ელექტრონული ფოსტით მოგივიდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, შენ არაფერი გაგიგია ამის შესახებ, მაგრამ ეს გზავნილი შენს შეტყობინებებში პოლიციამ აღმოაჩინა, ხარ თუ არა დამნაშავე?

პასუხი: არა, შენ დამნაშავე არ ხარ.