ვითარება არეალში დაძაბული რჩება. ათასობით ადამიანი ავტობუსებით და მატარებლებით კვეთს საზღვარს, შინ დარჩენილები კი, ურთიერთგამომრიცხავ ამბებს ჰყვებიან იმის თაობაზე, თუ რა უთხრეს მათ.
18 თებერვლის გვიან საღამოს, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა, რომლებიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს აკონტროლებენ, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადეს. შაბათ-კვირა რეგიონის მოსახლეობამ გაუგებრობაში, შიშსა და დაღლილობაში გაატარა.
„მთელი საღამო ძლიერი წვიმა იყო, - უამბო რადიო თავისუფლებას დონეცკის მკვიდრმა ლარისამ, - ბევრი გვირეკავდა და გვეკითხებოდა, მივდიოდით თუ არა, რას ვაპირებდით, რადგან იმ ამინდში ნებაყოფლობით, მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე, არავინ წავიდოდა“.
მისი თქმით, მიდიოდნენ ისინი, ვინც სამუშაო ადგილზე იქნა მობილიზებული და ისინი, ვინც სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული.
„პანიკაში მყოფი მეგობრები რეკავდნენ, - მოსწერა რადიო თავისუფლებას ასევე დონეცკის მცხოვრებმა, - ეშინიათ წასვლის, ტელევიზიით ერთსა და იმავე კადრებს აჩვენებენ, როგორ გაჰყავთ ბავშვები ბავშვთა სახლებიდან“.
ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურეებმა სეპარატისტებს ბრალი დასდეს, რომ ისინი ობლებს პროპაგანდისტული მიზნებით იყენებენ.
დონეცკის ჩრდილოეთში, ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ჰორლოვკის მცხოვრებმა გვიან ღამით, 18 თებერვალს დაწერა, რომ აქ „თითქოს ყველაფერი მშვიდად არის“, და რომ „მისი არცერთი მეგობარი არსად წასვლას არ აპირებდა“.
დონეცკის კიდევ ერთმა მცხოვრებმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ცენტრალურ მოედანზე გასვლას ცდილობდა, რათა ენახა, როგორ სვამდნენ ავტობუსებში ევაკუირებულებს, მაგრამ პოლიციამ ახლოს არ მიუშვა.
ევაკუაციის ბრძანება გავრცელდა რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, როცა რუსეთმა უკრაინასთან თავისი საზღვრის მახლობლად და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში 130 ათასამდე სამხედრო განათავსა.
აშშ და ნატო გამოდიან გაფრთხილებით, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოსალოდნელია ნებისმიერ დროს.
ამ დროს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად თითქმის სრული სიმშვიდის რამდენიმე კვირის შემდეგ, გახშირდა სროლა უკრაინის არმიასა და სეპარატისტთა ჯარს შორის შეხების ზოლის გასწვრივ. 19 თებერვალს უკრაინის არმიამ გამოაცხადა 37 დღის მანძილზე პირველი სასიკვდილო შემთხვევის შესახებ.
რუსეთისა და სეპარატისტების უსაფუძვლო განცხადების მიუხედავად, უკრაინა უარყოფს, რომ გეგმავს ან განახორციელებს ამ რაიონში სამხედრო ოპერაციას. კიევი და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მოსკოვს და მისი მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს ადანაშაულებენ უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის ძებნის მცდელობაში.
დონეცკში დე ფაქტო ადმინისტრაციის საშუალო რანგის მოხელემ, რომელმაც ითხოვა, არ გავცეთ მისი ვინაობა, მძაფრად შეაფასა სეპარატისტების ლიდერის, დენის პუშილინის განცხადება ევაკუაციის შესახებ. „პუშილინმა ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა, როცა უკვე შეღამდა. ვინ წავიდოდა კაცების თანხლების გარეშე პატარა ბავშვებით და მოხუცებით, გაუგებარი ავტობუსებით რუსეთის მიმართულებით, ყოველგვარი ინფორმაციისა და პრობლემების ყოველგვარი ნიშნების არქონის პირობებში?“
რუსეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, 20 თებერვალს რუსეთში გაყვანილი იყო 30 ათასი ადამიანი.
ევაკუირებულები, რომლებიც ჩაიყვანეს როსტოვის ოლქში, უკრაინის სეპარატისტული არეალის მიმდებარე რაიონში, რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ ისინი წასვლაზე დაიყოლიეს მას მერე, რაც დაჰპირდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თითოეულს ათი ათას რუბლს (130 დოლარს) გადაუხდიდა. ეს დაახლოებით ის თანხაა, რამდენსაც საშუალოდ მედდა იღებს სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებში უკრაინაში.
სეპარატისტული რეგიონების სოციალურ ქსელებში მიწერ-მოწერაში დაბნეულობა იგრძნობოდა.
„რატომ არცერთი არხი არ ლაპარაკობს ევაკუაციაზე? - წერდა ერთი მომხმარებელი, - სად გავრბივართ? სად მივყავართ?“;
მეორე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც 2014 წელს: „წაგვიყვანენ კარვების ბანაკში. მაშინ ზაფხული იყო, ახლა ზამთარია. იქ არავის ვჭირდებით. მე არ წავალ“;
„დედაჩემი ვერ დადის, - წერს მესამე, - მამამთილი მოხუცებულია, შვილიშვილი ჩვილი - სად უნდა წავიდე?“
სხვები აღნიშნავენ, რომ მათი სახლები და ქონება, ვინც 2014 წელს, ინტენსიური საბრძოლო მოქმედების დროს გაემგზავრა, მათ არყოფნაში გაძარცვეს და სხვებმა მიითვისეს. ამგვარი შეშფოთება განსაკუთრებით გაიზარდა მას მერე, რაც მობილიზაციის შესახებ ბრძანება გამოცხადდა. სეპარატისტები მოსახლეობას ამცნობენ, რომ ავტომანქანები და სხვა პირადი ქონება საჭიროების შესაბამისად შეიძლება რეკვიზიციის სუბიექტი გახდეს.
„ჩვენ წავალთ და ისინი ჩვენს ბინებს დაეპატრონებიან, - წერდა ერთი, - არა, გმადლობთ“.
დონეცკელმა მასწავლებელმა, რომელმაც ითხოვა, ტატიანად მოვიხსენიოთ, განაცხადა, რომ ევაკუაციის გამოცხადებამდე არაფრის ეშინოდა.
„პუშილინის გამოსვლის შემდეგ, როცა საჰაერო განგაშის სირენები ჩართეს, ხალხმა ქუჩაში აქეთ-იქით სირბილი დაიწყო. ასეთი რამ უკვე შვიდი წელიწადია არ გვინახავს“.