7 მითი ამერიკულ არჩევნებზე რუსულ პრესაში

არჩევნები აშშ-ში, 2024 წელი.

ამერიკას 47-ე პრეზიდენტი ჰყავს. მოსკოვის პირველი რეაქცია დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე ფრთხილი და მინიმალისტურია. პრეზიდენტ პუტინს ჯერ კომენტარი არც კი გაუკეთებია, მისი პრესმდივანი კი ამბობს, რომ არ იცის, აპირებს თუ არა ის ტრამპს გამარჯვება მიულოცოს.

რუსულ მედიაში წინასწარ საუბრობდნენ დარღვევებზე, რომლებიც აშშ-ის არჩევნებისას შეიძლება მომხდარიყო. პროპაგანდა ძირითადად იმ მითებს იმეორებდა, რომელიც 2020 წლის არჩევნებისას შეიქმნა. „ამერიკის ხმის“ რუსულმა ბიურომ ეს მითები შეკრიბა.

მითი N1 - გაყალბება ფოსტით

2020 წელს, პანდემიისას, აშშ-ში საკმაოდ პოპულარული გახდა არჩევანის ფოსტით დაფიქსირება. ამომრჩევლების თითქმის 45%-მა ხმა სწორედ ასე მისცა. რუსული პრესა მაშინვე ალაპარაკდა, რომ ეს გაყალბების კარგი საშუალებაა.

ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ მარტში თქვა: „იყიდეს 10 დოლარად ხმა, შემდეგ ათასობით ხმა იყიდეს და ღამის 12 საათამდე ერთიანად ჩაყარეს ყუთში“. „აშშ-ში ფოსტით ხმის მიცემისას გაყალბების საშუალება არსებობს, - ამბობდა პროგრამა „ვესტი ნედელიას“ წამყვანი დმიტრი კისელიოვი იანვარში, - უეჭველია, ფოსტით ხმის მიცემა არც წლევანდელ არჩევნებში იქნება უხარვეზო“.

სტიკერი წარწერით: „მე მივეცი ხმა“.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნები წააგეს, დონალდ ტრამპი და მისი თანამებრძოლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ფოსტით ჩატარებული არჩევნები ფალსიფიცირებული იყო. მან 50-მდე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, მაგრამ მტკიცებულებები მასობრივი დარღვევების, მათ შორის - ფოსტით გაყალბების შესახებ ვალიდურად არ მიიჩნიეს.

„ვაშინგტონ პოსტის“ მონაცემებით, 2016-2018 წლებში, საპრეზიდენტო და შუალედური არჩევნების შედეგების გაანალიზებისას, სამ შტატში ხელისუფლებამ ფოსტით ხმის მიცემისას 372 დარღვევა დააფიქსირა. ეს არის 0.0025% იმ 14,6 მილიონი ბიულეტენისა, რომლებიც ამ შტატებიდან ფოსტით გაგზავნეს. ლაპარაკია შემთხვევებზე, როდესაც ამომრჩევლები ორჯერ ან უკვე გარდაცვლილი ადამიანის ნაცვლად აძლევდნენ ხმას.

როგორ დგინდება ადამიანის ვინაობა ფოსტით ხმის მიცემისას?

თითოეულ შტატს აქვს თავისი პროცედურა, რომელიც ამომრჩევლის ვინაობას ადგენს. ამომრჩეველი მონიშნულ ბიულეტენს ათავსებს კონვერტში. კონვერტზე არაფრის დაწერა არ შეიძლება, რათა ფარულობა გარანტირებული იყოს. კონვერტი მეორე კონვერტში იდება, რომელსაც ამომრჩეველი ხელს მოაწერს. ეს ყველა შტატში აუცილებელია. ამ ხელმოწერით ამომრჩეველი ამტკიცებს, რომ სწორედ მან მისცა ხმა.

დაახლოებით 30 შტატში საარჩევნო კომისიის წევრები კონვერტებზე ხელმოწერას, მათ ბაზაში არსებულ ხელმოწერებს ადარებენ (როდესაც მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირდებიან, ხელმოწერებს ტოვებენ). თუ ხელმოწერა არ არის, ან ორიგინალისგან განსხვავდება, ხელისუფლება ამომრჩეველს უკავშირდება.

დაახლოებით ათამდე შტატში მოთხოვნაა, რომ კონვერტზე ხელის მოწერას მოწმე ან ნოტარიუსი დაესწროს. ზოგ შტატში, მაგალითად, არკანზასში, ამომრჩეველმა ბიულეტენთან ერთად პირადობის მოწმობის ასლიც უნდა გაგზავნოს.

„RT“-ის კორესპონდენტმა მურად გაზდიევმა სიუჟეტში „თავდასხმა „წმინდა“ არჩევნებზე: რა სჭირს აშშ-ის საარჩევნო სისტემას“, 2021 წელს თქვა: „2020 წლის არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემამ სრული კრახი განიცადა. ასიათასობით ბიულეტენი არასწორად დაითვალეს, დაკარგეს, გადაყარეს, იპოვეს და ხელახლა დათვალეს“.

თითქმის ყველა შტატში კონვერტზე დატანილი შტრიხკოდი საშუალებას იძლევა გაირკვეს, მივიდა თუ არა ბიულეტენი ადრესატამდე და ჩაითვალა თუ არა ხმა.

2020 წელს დაკარგული ბიულეტენების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ 300 ათასამდე ბიულეტენის მისამართზე მიტანის შესახებ მონაცემებს ვერ პოულობდნენ. აშშ-ის ფოსტაში ახსნეს, რომ ბიულეტენები უბნებზე დროულად გაიგზავნა, მაგრამ ინფორმაცია მათი მიტანის შესახებ შესაძლოა არ იყოს, რადგან ბიულეტენები ბევრი იყო და ამის გამო გადასარჩევ ცენტრში არ დაასკანერეს. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც კონვერტებს ხელით გადაარჩევენ, ან როდესაც კონვერტები ერთმანეთს ეწებება და შტრიხკოდი ზიანდება.

ამას წინათ შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურის (USPS) მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლუი დეიძიმ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ფოსტამ ბიულეტენების 99.89% დროულად მიიტანა მისამართზე. წელს კი უწყება გაცილებით უკეთ არის მომზადებული.

ხშირად ფოსტით მიღებულ ბიულეტენებს ამომრჩევლები ყრიან ყუთებში, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ დგას და მუდმივად ხელმისაწვდომია. 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ორი ასეთი ურნა დაწვეს, ორეგონის და ვაშინგტონის შტატებში (ამ შტატებში ყველა ამომრჩეველი ბიულეტენს ავტომატურად ფოსტით იღებს). ვაშინგტონში ასობით ბიულეტენი გაფუჭდა, ორეგონში კი მხოლოდ სამი, რადგან ცეცხლის ჩაქრობის სისტემამ იმუშავა. ხელისუფლებამ ხალხს სთხოვა, ყველა, ვინც ამ შემთხვევამდე ყუთებში ბიულეტენები ჩაყარა, ხელმეორედ ხმის მისაცემად დაუკავშირდნენ.

ვის აქვს ფოსტით ხმის მიცემის უფლება?

შტატების უმეტესობასა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ფოსტით ხმის მიცემა ყველასთვის ნებადართულია. რვა შტატსა და კოლუმბიის ოლქში ბიულეტენების გამოთხოვაც არ არის საჭირო. ისინი ავტომატურად ეგზავნებათ ფოსტაზე. დაახლოებით 15 შტატამდე ფოსტით ხმა რომ მისცე, ამისთვის სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს, მაგალითად, ავადმყოფობა ან ასაკი.

ვინ უფრო ხშირად აძლევს ხმას ფოსტით - დემოკრატები თუ რესპუბლიკელები?

რუსულმა პრესამ 2020 წლის არჩევნები დონალდ ტრამპის მსგავსად ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ფოსტით გაგზავნილი ხმები უფრო მეტად ჯო ბაიდენს ეკუთვნოდა.

Pew Research Center-ის მონაცემებით, ფოსტით ხმა მისცა დემოკრატების სამოცმა და რესპუბლიკელების ოცდაათმა პროცენტმა.

მითი N2 - ხმას მოქალაქეები არ აძლევენ

რუსული პრესა ამტკიცებდა, რომ ამერიკულ არჩევნებზე დიდი შანსია, ხმა მოქალაქეობის არმქონე პირებმა მისცენ. მაგალითად, ამაზე საუბრობს „იზვესტია“ სტატიაში „მექსიკური კარუსელი“: „რესპუბლიკელები ცდილობენ გაყალბება თავიდან აიცილონ და დემოკრატებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ამერიკელების მიგრანტებით ჩანაცვლებას აპირებენ“. ავტორი წერდა, რომ შტატებში მოქმედებს ფედერალური კანონი, რომელიც მოქალაქეობის არმქონე ადამიანს ხმის მიცემას უკრძალავს, მაგრამ „ამის გაკონტროლების მექანიზმი არ არსებობს“.

„მაგალითად, მოქალაქეობის არმქონე ადამიანს ორმოცდაათივე შტატში შეუძლია აიღოს მართვის მოწმობა, - ნათქვამია სტატიაში, - 19 შტატში მოწმობის აღება არალეგალებსაც შეუძლიათ. ამ საბუთით ნებისმიერი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ანუ 340-მილიონიან ქვეყანაში ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“.

არჩევნები ამერიკაში, 2024 წელი.

მართალია, 19 შტატსა და კოლუმბიის ოლქში არალეგალებს მართვის მოწმობის აღება მართლაც შეუძლიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მასობრივად იყენებენ ამ დოკუმენტს არჩევნებზე. მათთვის ეს ძალიან სარისკოა. რეგისტრირებისას ამომრჩეველი ხელს აწერს, რომ ის ამერიკის მოქალაქეა. არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობას ჯარიმა და წლამდე ციხე მოსდევს, შესაძლოა - დეპორტაციაც.

ბრენანის სამართლის ცენტრმა 23,5 მილიონი ხმიდან (2016 წლის) მხოლოდ 30 შემთხვევა იპოვა, როდესაც ხმა შესაძლოა მოქალაქეობის არმქონე პირმა მისცა.

უსაბუთო მიგრანტები

ფედერალური კანონი შტატებს ავალდებულებს განაახლონ სიები და ამორიცხონ იქიდან ყველა, ვისაც ხმის მიცემა არ ეკუთვნის. ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა 2021 წელს განაცხადა, რომ სიებიდან თითქმის 6500 ადამიანი ამოიღეს, ეჭვი ჰქონდათ, რომ მათ მოქალაქეობა არ გააჩნდათ. აქედან თითქმის 2000 შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობდა. მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება. სულ ტეხასში 18 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია.

შტატ ოჰაიოს მდივანმა, რესპუბლიკელმა ფრენკ ლაროუზმა აგვისტოში დააფიქსირა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეობის არმქონე პირების ხმის მიცემის 150 შემთხვევა მოიძია. კიდევ 500 მიგრანტი დარეგისტრირდა, მაგრამ ხმა არ მიუცია. ეს ფაქტები პროკურატურას გადასცეს. სულ ოჰაიოში 8 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ვირჯინიის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა გლენ იანგკინმა აგვისტოში განაცხადა, რომ მისი მითითებით, სიებიდან 6,5 ათასი მოქალაქეობის არმქონე პირი ამოშალეს, რომლებიც „შემთხვევით თუ ბოროტი განზრახვით ცდილობდნენ დარეგისტრირებულიყვნენ“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი ხმის მისაცემად მივიდა. შესაძლოა, ზოგი სიაში მაშინ მოხვდა, როდესაც მართვის მოწმობა მიიღო“, - აღნიშნა ბრეტ შაფერმა, „მარშალის ფონდის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა. იუსტიციის სამინისტრო შეეცადა, გუბერნატორის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა და მიზეზად საარჩევნო კანონის დარღვევა მოიტანა, მაგრამ აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ იანგკინს დაუჭირა მხარი.

რესპუბლიკელები ცდილობენ, კონგრესში გაიტანონ კანონპროექტი, რომელიც ამომრჩევლებს დაავალდებულებს, რეგისტრაციისას თავიანთი მოქალაქეობა დაამტკიცონ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ინიციატივის წინააღმდეგია, რადგან ის „საგრძნობლად გაურთულებს რეგისტრაციას ამერიკელებს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება აქვთ“.

წინასაარჩევნო დებატები დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის, 2020 წელი.

ბრენანის სამართლის ცენტრის ინფორმაციით, 21,3 მილიონ ამერიკელს, ანუ ამომრჩეველი მოსახლეობის 9%-ს, პასპორტი, დაბადების მოწმობა ან საბუთები ნატურალიზაციის შესახებ თან არ დააქვს, ნათესავების სახლებში ან ბანკებში ინახავენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საბუთების ასაღებად მოგზაურობის აუცილებლობამ, შესაძლოა, არჩევნებზე რეგისტრაცია გაართულოს.

ამასთან, სულ მცირე 3,8 მილიონ ამერიკელს საერთოდ არა აქვს საბუთი, რომელიც მის მოქალაქეობას დაამოწმებდა: ან დაკარგა, ან მოჰპარეს, ან გაუფუჭდა.

მითი N3 - შესაძლოა თავი სხვა ადამიანად გაასაღო, ან ორჯერ მისცე ხმა

აი, რამდენიმე ციტატა რუსული პრესიდან: „ბევრ შტატში ბიულეტენს ვინც გინდა ის მიიღებდა. ნებისმიერი მივიდოდა უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრს სახელს ეტყოდა... საბუთიც არ იყო საჭირო. ეს ხომ მაქინაციებისთვის ნოყიერი ნიადაგია“, - იმოწმებს „ვზგლიადი“ ალექსანდრ მალახოვს, ექსპერტს „სოციალური კვლევების საექსპერტო ინსტიტუტიდან“.

დმიტრი კისელიოვი თავის პროგრამაში „ვესტი ნედელი“ ამბობს: „მაგალითად, ბევრ შტატში ამერიკელს შეუძლია ფოსტით მისცეს ხმა. არც საარჩევნო უბანზე საჭიროებს საბუთის წარდგენას. ეს ნიშნავს, რომ ხელმეორედაც შეიძლება მისვლა, იმის ნაცვლად, ვინც იცი, რომ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. ის შემდეგ თავადაც მივიდეს და ხმა მისცეს, ესეც ნორმალურია. შეიძლება მეორედაც მისცე ხმა, თუ გადაიფიქრე“.

„იზვესტია“ წერს: „15 შტატში, ასევე კოლუმბიის ოლქში ოფიციალურად ნებადართულია, შენი ვინაობის დადასტურების გარეშე მისცე ხმა. ერთადერთი მოთხოვნაა, ამომრჩეველთა სიაში იყო. მაგრამ არც რეგისტრირებისას არის საჭირო რამე მტკიცებულება“.

15 შტატსა და კოლუმბიის ოლქში რეგისტრაციას საბუთები მართლაც არ სჭირდება. მაგრამ აქაც კი საჭიროა პირადობის მოწმობა წარადგინონ იმათ, ვინც პირველად აძლევს ხმას: ან რეგისტრაციის ეტაპზე, ან უბანზე ხმის მიცემისას, ან საბუთის ასლის სახით კონვერტში ჩადებული, როდესაც ხმის მიცემას ფოსტით ითხოვ. ვინც მეორედ აძლევს ხმას, მათთვის მხოლოდ სახელის თქმაც კმარა. ზოგ რეგიონში ამომრჩეველს სთხოვენ ხელი მოაწეროს განცხადებას, რომ შეუძლია ხმის მიცემა და ესმის, რომ სიცრუის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგება ელის. სხვა შტატებში მოქალაქეებისგან ითხოვენ სპეციალურ წიგნში ხელის მოწერას, ან საცხოვრებელი მისამართის ანაც დაბადების თარიღის დასახელებას. ეს ინფორმაცია შეიძლება გადაამოწმონ.

დავით ბეკერი, საარჩევნო ინოვაციებისა და კვლევების ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ შემთხვევები, როდესაც სხვის მაგივრად მისცეს ხმა, ამერიკაში თითქმის ნულს უტოლდება.

ყველა შტატში აკრძალულია ხმის მიცემა განმეორებით. ყველა შტატს თავისი სასჯელი აქვს. 28 შტატში ეს სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ფედერალური კანონის მიხედვით, ორჯერ ხმის მიცემისთვის ჯარიმა 10 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, პატიმრობა კი - წელს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კანონის დამრღვევებს იშვიათად უსჯიან თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი დროით.

თუ ამომრჩეველმა ხმა ფოსტით მისცა და მისი ბიულეტენი უკვე დამუშავებულია, ეს მონაცემები სისტემაში აისახება და თუკი უბანზეც დააპირა ხმის მიცემა, უარს ეტყვიან. იგივე მოხდება, თუკი ჯერ უბანზე მისცა ხმა და შემდეგ ფოსტით გაგზავნა.

შესაძლოა თუ არა არჩევანის შეცვლა?

2020 წელს „სიენენმა“ გაარკვია, რომ არჩევანის შეცვლის საშუალება მართლაც იყო, მაგრამ მხოლოდ ათიოდე შტატში. უმეტესობაში ეს მხოლოდ მაშინაა დაშვებული, თუ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენი ჯერ ხმებისთვის არ მიუთვლიათ. ამომრჩეველს ახალი ბიულეტენი ეგზავნებოდა, ძველი კი ბათილდებოდა. საბოლოოდ ითვლებოდა მხოლოდ ერთი ხმა.

მითი N4 - მკვდარი სულები

2021 წლის იანვარში „პირველი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი „მკვდარი სულები“ - ხარვეზები კომპიუტერში, მაქინაციები ფოსტით ხმის მიცემისას - სკანდალი აშშ-ის არჩევნებზე“. იქ ნათქვამი იყო: „მიჩიგანში, ნევადასა და პენსილვანიაში ბიულეტენებს ყველას უგზავნიდნენ, იმათაც კი, ვისაც არ ეკუთვნოდათ. ამის გამო მიცვალებულებმა მასობრივად „მისცეს ხმა“.

დმიტრი კისელიოვი პროგრამაში „ვესტი ნედელი“ იანვარში ამტკიცებდა, რომ: „აშშ-ში ხმის ფოსტით მიცემა გაყალბების შესაძლებლობას შეიცავს, მაგალითად, „მკვდარი სულები“ ბაიდენს ემხრობიან, ისინი მუდმივად ფოსტით აკეთებენ არჩევანს. არჩევნების მიმდინარეობისას 2 მილიონამდე „მკვდარი სული“ აღმოაჩინეს, უფრო ზუსტად - 1,8 მილიონი, როგორც ამას Judicial Watch აცხადებს“.

Judicial Watch-ის 2020 წლის გამოძიება, რომელსაც, სავარაუდოდ, ეყრდნობოდა წამყვანი, საუბრობს არა 1,8 მილიონ „მკვდარ სულზე“, არამედ იმაზე, რომ 29 შტატში საჭიროზე 1,8 მილიონით მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ეს მხოლოდ იმის გამო არ ხდება, რომ ამომრჩევლები იხოცებიან, ისინი შეიძლება გადავიდნენ სხვა შტატში ან დააპატიმრონ.

შტატებში მონაცემები მუდმივად ახლდება. კომისიის მონაცემებით, 2020-2022 წლებში სიებიდან 19 მილიონზე მეტი ადამიანი ამოიღეს. შესაძლებელია, ეს სწორედ ის 1,8 მილიონია, რომელზეც კისელიოვი მიუთითებდა.

2020 წლის არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ხმების დათვლის პროცესში „მკვდარი სულების“ ხმებიც დაითვალეს, თან ათასობით. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. არიზონის პროკურატურის გამოძიებამ აჩვენა, რომ თაღლითობის 282 შესაძლო შემთხვევიდან გარდაცვლილის მონაცემების გამოყენების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მითი N5 - ხმის მისაცემი აპარატები და ხმებით მანიპულირება

2020 წლის არჩევნების შემდეგ ტრამპი და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ხმის მთვლელმა აპარატებმა მას ხმები მოაკლეს. ბიულეტენები, რომლებშიც მას მისცეს ხმა, ბაიდენს მიათვალეს.

„საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე თვით ადრე მოიპარეს სისტემა Dominion-ის (Dominion Voting Systems - ხმის მიმცემი აპარატების მწარმოებელი) კრიპტოგრაფიული გასაღები და ის ხმების მონაცემების შესაცვლელად გამოიყენეს“, - წერდა პოლიტოლოგი კირილ ბენედიკტოვი RT-ისთვის ბლოგში „კრაკენი თავისუფალია“. ის ასკვნიდა, რომ: „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც ყველაზე ბინძური და უსამართლო“. „აღმოჩნდა, რომ ამ მანქანების გამო ერთი კანდიდატის ხმები შესაძლოა მეორეს მიაწერო. შედეგების მოსაპარად მხოლოდ 7 წუთია საჭირო“, - იტყობინებოდა ტელეარხი „ცარგრადი“.

თუმცა, ეს ბრალდებები არ დადასტურდა. „არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე სისტემამ ხმები დაკარგა, წაშალა ან შეცვალა“, - განაცხადეს აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტოში.

არჩევნები აშშ-ში, 2024 წელი.

ხმები Dominion-ის აპარატებით მაქინაციების თაობაზე აქტიურად ვრცელდებოდა Fox News-ის არხებზე. ამის გამო Dominion Voting Systems-მა მას უჩივლა კიდეც. საბოლოოდ Fox News-მა აღიარა, რომ „ზოგი რამ, რასაც ამტკიცებდა, მცდარი იყო“ და თითქმის 790 მილიონი დოლარი კომპენსაცია გადაიხადა.

„როსია 1“-ის წამყვანი დმიტრი კისელიოვი ირწმუნებოდა, რომ ახლანდელ არჩევნებზე სადღაც ძველი უქაღალდო ავტომატებიც რჩება, სადაც მხოლოდ სახელურს მოქაჩავ, ხმების გადათვლა კი შეუძლებელია“.

ელექტრონული ავტომატები ხმის მისაცემად პირველ რიგში შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი. ბევრი მათგანი გთავაზობს ამობეჭდო ბიულეტენი და ყუთში ჩააგდო. უბნები, სადაც ხმის მიცემა და დათვლა მხოლოდ ელექტრონულად ხდება, შეზღუდულია.

„ხმების 98%-ზე მეტი ქაღალდით მოდის. მარტო ლუიზიანაში ტარდება არჩევნები მხოლოდ ელექტრონულად, ასევე ტეხასის რამდენიმე ოლქში, - ამბობს დევიდ ბეკერი, - სხვაგან ყველგან ქაღალდის ბიულეტენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მათი გადათვლა და დარწმუნება, რომ სკანერებმა ხმები სწორად დაითვალეს“.

ბრეტ შაფერმა ასევე დასძინა, რომ აპარატები ინტერნეტთან მიერთებული არ არის, ამიტომ მათი გატეხა არცთუ იოლია.

Voting Rights Lab-ის მონაცემებით, გაცილებით ადვილია შეცდომა დაუშვა ბიულეტენების ხელით გადათვლისას, ვიდრე მაშინ, როდესაც სკანერი ითვლის.

2020 წლის არჩევნებზე ტრამპმა მოითხოვა, ჯორჯიის შტატში ბიულეტენები ხელით გადაეთვალათ. მან იქ 15 ათასი ხმით ნაკლები მიიღო, ვიდრე ბაიდენმა. მას შემდეგ, რაც თითქმის 5 მილიონი ბიულეტენი გადათვალეს, მისი წაგება დადასტურდა.

მითი N6 - დამკვირვებლებს უბანზე მოხვედრა უჭირთ

რუსული პრესა ხშირად წერს, რომ ამერიკულ არჩევნებზე დამკვირვებლებს უბანზე შესვლას უზღუდავენ. „მიჩიგანში საარჩევნო კომისიის ფანჯრებს დამკვირვებლებისგან ფარდით ხურავდნენ“, - ნათქვამია „პირველი არხის“ რეპორტაჟში 2020 წლის არჩევნებზე.

რამდენიმე შტატში საარჩევნო პროცესის გარკვეულ ეტაპებზე დაკვირვება, მაგალითად, ბიულეტენების დათვლაზე, - ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა, უმეტეს რეგიონში ამისთვის დამკვირვებლის სტატუსია საჭირო. ამისთვის თითოეულ შტატს თავისი მოთხოვნა აქვს, რამდენი უნდა იყვნენ უბანზე და რის გაკეთება შეუძლიათ. როგორც წესი, პარტიის დამკვირვებლები ესწრებიან აპარატურის ტესტირებას, ხმის მიცემის პროცესსა და ბიულეტენების დათვლასაც.

არჩევნები აშშ-ში, 2024 წელი.

იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტიის დამკვირვებლებს დეტროიტში, მიჩიგანის შტატში უბანზე არ უშვებდნენ, - ტრამპი ჩიოდა.

გამოცემა Detroit Free Press-მა ეს უარყო. მისი მონაცემებით, შეზღუდვა ორივე პარტიის დამკვირვებლებზე მოქმედებდა, რადგანაც მათმა რაოდენობამ უბანზე დაშვებულ ნორმას გადააჭარბა. იმ დროისთვის პროცესს უკვე 130 დამკვირვებელი აკვირდებოდა დემოკრატებისგანაც და რესპუბლიკელებისგანაც. ფარდა კი იმიტომ ჩამოაფარეს, რომ გარეთ შეკრებილი აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გადაეღოთ, როგორ მუშაობდა კომისია საბუთებთან. ეს საბუთები კი კონფიდენციალურ მონაცემებს შეიცავდა.

რუსული პრესა აღშფოთებულია იმის გამოც, რომ ამერიკის არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლები სათანადოდ არ არიან წარმოდგენილი.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელს რუსეთი ცდილობდა ამერიკის საარჩევნო ინფრასტრუქტურისთვის შეეტია, გასაგებია, თუ რატომ შეიძლება გადაწყვიტოს შტატებმა, არ დაუშვას დამკვირვებლები რუსეთიდან, - აღნიშნა დევიდ ბეკერმა, - მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არჩევნებზე მოწვეულები არიან. ზოგს პირადად ველაპარაკე“.

მითი N7 - ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა

„პირველმა არხმა“ 2020 წელს განაცხადა, რომ მიჩიგანში დამკვირვებლების დაუშვებლობის გამო „ანომალიური შედეგები მიიღეს - 138 ათასი ბიულეტენი ბაიდენის სასარგებლოდ და ნული - ტრამპის“.

მაგრამ ეს რიცხვები ჩაყრაზე არ მიუთითებს. მიჩიგანში მართლაც „ახტა“ მონაცემები, როდესაც უეინის ოლქიდან ფოსტით მოსული ხმები დაითვალეს, რადგან ამ ადმინისტრაციულ ოლქში უმეტესობამ ბაიდენს დაუჭირა მხარი. თუმცა, რესპუბლიკელების კანდიდატსაც ჰქონდა ხმები. ანუ მტკიცება „ნული ხმა ტრამპს“ - სიყალბეა. გაუგებრობა გამოიწვია შიავასის ოლქის ხელისუფლების შეცდომამ, მათ შეეშალათ და ბაიდენს 15,3 ათასი ბიულეტენის ნაცვლად 153 ათასი ჩაუწერეს. ნახევარი საათის მერე შეცდომა გასწორდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსებისთვის ასე კარგად ნაცნობი „ჩაყრა“ აშშ-ში პრაქტიკულად შეუძლებელია.

ავტორი: „ამერიკის ხმა“