მიზანმიმართული სანქციებია საჭირო - გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი თბილისში ვიზიტის შემდეგ

გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი

„იმ პირების მიმართ, რომლებიც [დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე] არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება“, - აცხადებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი რობინ ვაგენერი საქართველოში მორიგი ვიზიტის შემდეგ.

„საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდნენ ევროპულ მომავალს. ამ დაპირებიდან ცოტა ხანში „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას“, - აცხადებს იგი.

რობინ ვაგენერი 17-18 დეკემბერს თბილისს სტუმრობდა. ის არის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში.

„კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მაგალითად მაცნობეს, თუ როგორ სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჟურნალისტს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში დემონსტრაციას აშუქებდა“, - განაცხადა მან.

„საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატულად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეპრესიები ძალადობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც სურთ ევროკავშირში თავიანთი მომავლის ხილვა“, - განაცხადა ვაგენერმა ვიზიტის შემდეგ.

„ამიტომ გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები. იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება“, - აცხადებს რობინ ვაგენერი. მის კომენტარს გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„შთამბეჭდავად მიყვებოდნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ მცირე დასახლებებშიც კი სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ მათი მომავლისთვის. ქართულმა ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ გზას“, - წერია მის განცხადებაში.

ვაგენერმა, 17-18 დეკემბრის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, ასევე იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირზე.

გერმანიის საელჩოს ცნობითვე, ევროპის საბჭო 19 დეკემბერს განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაქციას.

ვაგენერი, - რომელიც, სამთავრობო როლის პარალელურად, ბუნდესტაგის წევრია მწვანეთა პარტიიდან, - საქართველოში 2024 წლის ივლისშიც იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ ევროკავშირმა სომხეთს ევროპული პერსპექტივის მინიჭებით უნდა უპასუხოს - გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი