მივლინებებსა და ოფიციალურ სადილებში დახარჯული ფული ახმეტაში

ახმეტა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს დაასაბუთოს ოფიციალურ სადილებსა და მივლინებებში დახარჯული ფულის მიზნობრიობა. ირკვევა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის 86 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო მივლინებებში - 42 ათას ლარამდე. ორივე შემთხვევაში აუდიტორებს კითხვები აქვთ. შეკითხვებს სვამს ადგილობრივი ოპოზიციაც. მუნიციპალიტეტის მერი თავს იმართლებს. აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

Your browser doesn’t support HTML5

მივლინებებსა და ოფიციალურ სადილებში დახარჯული ფული ახმეტაში

წარმომადგენლობითი ხარჯების მიზანშეწონილობის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს დოკუმენტური ინფორმაცია მიღებული სტუმრების რაოდენობისა და დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. აუდიტის ობიექტმა აღნიშნული ინფორმაცია ვერ წარმოადგინა.
სახელმწიფო აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონიტორინგისას აუდიტორებმა დაადგინეს, რომ 2016-2017 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 86 ათას ლარზე მეტი დახარჯა ოფიციალურ სადილებში, წვეულებებსა და სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში, თუმცა არ არსებობს ამ ხარჯების დასაბუთების სრულყოფილი დოკუმენტაცია.

კერძოდ, ხარჯები გაწეულია სხვადასხვა სამინისტროსა და ორგანიზაციის წარმომადგენლების, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და სხვა ოფიციალური პირების სტუმრობისას. უფრო კონკრეტულად კი, 2016 წელს კვების პროდუქტებზე, მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე 51 შემთხვევაში დახარჯულია 28 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს 40 შემთხვევაში დაიხარჯა 16.5 ათასი ლარი.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ:

წარმომადგენლობითი ხარჯების მიზანშეწონილობის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს დოკუმენტური ინფორმაცია მიღებული სტუმრების რაოდენობისა და დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. აუდიტის ობიექტმა აღნიშნული ინფორმაცია ვერ წარმოადგინა. თანხები ძირითადად ანაზღაურებულია მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე. ამიტომ მიზანშეწონილია საკრებულომ შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ.

ახმეტის მუნიციპალიტეტი

„ისეთი გაჭირვებული მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც ახმეტაა, 86 ლარის მიზნობრივად დახარჯვაც კი მნიშვნელოვანიაო“, - ამბობს, საკრებულოს წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ შაქრო ტერტერაშვილი. დეპუტატის თქმით, ახმეტაში 9-მილიონიანი პროექტი განხორციელდა, რომელიც წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა, თუმცა, მისივე თქმით, ახმეტას ახლა არც წყალი აქვს და რეაბილიტაციისთვის გადათხრილი ქუჩებიც აღსადგენი დარჩა. ტერტერაშვილი ვარაუდობს, რომ „მერია 86 ათასი ლარით სხვადასხვა დროს სწორედ ამ პროექტის მონიტორინგის ჯგუფს გაუმასპინძლდა, რათა მათ 9- მილიონიან პროექტში არსებულ ხარვეზებზე თვალი დაეხუჭათ“:

ახმეტაში ჩატარდა „ბიძინაობა“, აგრეთვე ჩატარდა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, გვქონდა საახალწლო ღონისძიება 2017 წლის ბოლოს. როგორი განმარტებაც გაკეთდა, რომ ვითომ თანხები ტაშ-ფანდურს მოხმარდაო, ასე არ არის.
იოსებ ქარუმაშვილი

„ის ხალხი აქეიფეს, ვისაც მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა ახმეტაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს ხალხი გამოათვრეს იმ მიზნით, რომ თვალი დაეხუჭათ პრობლემებზე. ისინი წავიდნენ და ჩვენ შეგვრჩა ეს დახარჯული ფული. რატომ ვაჭამეთ და რატომ ვასვით, ვერ ვიგებ. ამდენი ფული რატომ დავახარჯეთ, მაშინ როცა სოციალური მიმართულებით თანხები ძალიან გვიჭირს და ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას ვერ ვაჭმევთ, უბრალოდ, მჭადს და ყველსაც კი და ვიღაცას კიდე ვაჭმევთ ასეტრინის მწვადს. ეს არის ამბავი...“

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი გვეუბნება, რომ ის ამ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მისი მერობის პერიოდში წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან 30 ათას ლარამდე დაიხარჯა და შეუძლია მიზნობრიობა დაასაბუთოს:

წარმომადგენლობითი ხარჯებიდან რაც გასულია, ეს ეხება ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებს. მაგალითად, ახმეტაში ჩატარდაბიძინაობა“, აგრეთვე ჩატარდა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, გვქონდა საახალწლო ღონისძიება 2017 წლის ბოლოს. როგორი განმარტებაც გაკეთდა, რომ ვითომ თანხები ტაშ-ფანდურს მოხმარდაო, ასე არ არის. მე 2017 წლის 13 ნოემბრიდან ვმუშაობ და დღემდე დახარჯულია 30 ათას ლარამდე. 2016 წელს მე არ ვიყავი და ეს უნდა გაირკვეს ფინანსურ სამსახურთან“.

საკრებულომ შექმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი. ვმუშაობთ და ვმსჯელობთ, რაში შეიძლება დავეთანხმოთ აუდიტის სამსახურს ან არ დავეთანხმოთ.
ნანა ყეინიშვილი

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დროებითი სამუშაო კომისია შეიქმნა. საკრებულოს თავმჯდომარე ნანა ყეინიშვილის თქმით, ამ კომისიამ უნდა დაასაბუთოს იმ ხარჯების მიზნობრიობა, რაზეც აუდიტის სამსახური სარეკომენდაციო წერილში წერს:

„ამ დოკუმენტში საგანგაშო არაფერია. ეს ჩვეულებრივი პროცესია. აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულომ შექმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი. ვმუშაობთ და ვმსჯელობთ, რაში შეიძლება დავეთანხმოთ აუდიტის სამსახურს ან არ დავეთანხმოთ“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში უცხოეთში სამივლინებო ხარჯებზეც არის ლაპარაკი. დოკუმენტის მიხედვით, ახმეტის მუნიციპალიტეტმა მათ ვერ წარუდგინა მტკიცებულება იმისა, მივლინებაში მყოფმა პირებმა მიიღეს თუ არა რაიმე ცოდნა ან გამოცდილება, ხოლო მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შემთხვევაში გაუზიარეს თუ არა მერიის თანამშრომლებს. 2016-2017 წლებში ახმეტიდან საზღვარგარეთ 34 საჯარო მოხელე იმყოფებოდა მივლინებაში და ამისთვის ბიუჯეტიდან 42 ათას ლარამდე დაიხარჯა.