მთიული მაიორის სამკუთხა წერილები ნინას

21 წლის იყო თეთრი არაგვის ხეობელი ლადო ბუჩუკური, სოფელ გვიდაქედან, ომში რომ გაიწვიეს. სახლში დატოვა 17 წლის ორსული ცოლი, ნინა. მთიული მაიორი ლადო ომიდან აღარ დაბრუნებულა. ბოლო წერილი ლადომ 1943 წელს მოიწერა: „მომიკლეს დივიზიის მეთაური და ოთხ დივიზიაში დავრჩი მარტო. მეც ყოველ წუთს სიკვდილი მელოდება, მაგრამ არაფრისა მეშინია. ვდგევარ მაგრად. წერილი დედას არ წააკითხოთ. ცოდოა. იდარდებს“...

ჩაიცოდე ჩემი ჩექმები, ტუფლები წითელი. ოღონდ ნუ შეიციებ, ოღონდ ნუ მოიმშიებ. იყავი კარგად, მოუწყენლად. გკოცნი ბევრს. მაგონდება ის საყვარელი საათები, როცა შენ თვალით გხედავდი, გკოცნიდი, მკოცნიდი და სიყვარულით მაინც ვერა ვძღებოდით. გწერს შენსკე მოწყენილი ლადო...

ნინა მთელი ცხოვრება ელოდა ომში დაკარგულ ლადოს. 66 წლისა გარდაიცვალა. დარჩა ერთი შვილი და ოთხი შვილიშვილი. ლადოს საფლავი მისმა შვილიშვილმა, ასევე ლადომ,2012 წელს იპოვა რუსეთში, ორიოლის ოლქში, სოფელ აშკონჟნოეში. ლადოს საფლავს ოჯახის წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ჯარისკაცების საძიებო სისტემის დახმარებით მიაგნეს.

ეს წერილი და ლექსი მცირეთაგანია იმ გადარჩენილი წერილებიდან, რომლებიც ლადოს ოჯახს შემორჩა. ლადოს სახლი 90-იან წლებში დაიწვა და თან წაიღო ლადოს წერილებიცა და ნინას და ლადოს ფოტოებიც. გაცრეცილ წერილს ისევ ამჩნევია ცრემლის კვალი - გადღაბნილი მელანი.

"სალამი ჩემს გულიდან განუშორებელს, საყვარელ ნინას. ძვირფასო და ძვირად სანახაო საყვარელო ნინა. მოგიკითხავ ძალიან დიდი მოწყენით დაძალიან მაგრა, მაგრა, მაგრა პირზე კოცნით - ისე კოცნით, რომლის დაწერა სიტყვებით ვერ მომიხერხებია. ჩემო გულიდან განუშორებელო ნინა, როგორ ხარ, როგორ სცხოვრობ, როგორ ატარებ თავისუფალ დროს, მუდამ წუთს მეინტერესება, რომ ვიცოდე...ძვირფასო და ძვირად სანახაო ნინა, მე გამოგიგზავნე სურათები, პატარები, გულის ბროშკისთვის. მართალია, ჯავრი მომდის შენზე, რამდენსა გწერ, რომ ჩვენ რომ ერთად სურათი გადავიღეთ, ის გამომიგზავნე-მეთქი და არა ჰგზავნი. ნეტა ჩემი სურათები სულ ჩამომეხსნა და წამომეღო აქ და მაშინ იტყოდი, როგორია უსურათოდ ყოფნა, გასძლებდი თუ არა, მაშინ გამოჩნდებოდა.

ლადო ბუჩუკური

რა გიჭირს, მუდამ დღე ხედავ ჩემს თავს და მე კი ჩამოშორებული ვარ. შენი ცოდვით მე სურათების წამოღება ვერ გავბედე, უფრო გულს შემოაკლდება-მეთქი. ახლა რომ შენ გამომიგზავნო შენი სურათები, ასე მეგონება, ნინაი მოვიდა-მეთქი. რამკაში რომ შენი პატარა სურათია, ის გამომიგზავნე აუცილებლად...სხვა რაღა მოგწერო, ჩემო ლამაზო, იყავი კარგა, მწერე წერილები და რა გიჭირს, რა გაკლია, ან ხო არ გცივა. მოუარე შენს თავს. თუ როგორმე იშოვი ვალინკებს, იყიდე. ჩაიცოდე ჩემი ჩექმები, ტუფლები წითელი. ოღონდ ნუ შეიციებ, ოღონდ ნუ მოიმშიებ. იყავი კარგად, მოუწყენლად. გკოცნი ბევრს. მაგონდება ის საყვარელი საათები, როცა შენ თვალით გხედავდი, გკოცნიდი, მკოცნიდი და სიყვარულით მაინც ვერა ვძღებოდით. გწერს შენსკე მოწყენილი ლადო"...

1940 წელი

სალამი ძვირფას ნინას!

„ნეტა შენ როდის ვარსკვლავო,

ამობრწყინდები ცაზედა,

ვიწვე ლოგინში მეძინოს,

ჩემი ნინაის მკლავზედა.

თოვლები მოსჩანს მთაზედა

შენი წერილის წერაში,

ცრემლები მომდის თვალზედა.

გული მიფეთქავს მოწყენით,

სურათს რომ ვხედავ შენსაო,

ვისხედით ერთად ორივე,

დავნატრი აიმ დღესაო“.

შენი ლადო.

ქ. არიოლი, 1940, იანვარი

მეორე მსოფლიო ომში 34 მილიონ 500 ათასამდე საბჭოთა მებრძოლი იღებდა მონაწილეობას. საქართველომ ფრონტის ხაზზე 700 ათასამდე მებრძოლი გაგზავნა, რომელთა შორის 16 ათასი ქალი იყო. ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი შინ ვეღარ დაბრუნდა.