მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის 27 სექტემბრის ბოლოს დაწყებული ომი პირველი არ არის. ორივე მხარე იტყობინება, რომ დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი, ათეულობით სამოქალაქო პირის ჩათვლით. აზერბაიჯანი სამხედროთა შორის მსხვერპლზე ცნობებს არ ავრცელებს. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი უფრო დიდია, რადგან მხარეები მოწინააღმდეგისთვის დიდი ზიანის მიყენების შესახებ იტყობინებიან. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სამოქალაქო ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენაში.
ბოლოსწინა ნამდვილი ომი მათ შორის საბჭოთა კავშირის დაშლას და ამ ორი საბჭოთა რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა 1990-1994 წლებში. კომუნისტური სახელმწიფოს შექმნამდე, ცარისტული იმპერიის დაშლის შემდეგ, სისხლიანი დაპირისპირება იყო ორ, მაშინ ახლად დაარსებული დამოუკიდებელი რესპუბლიკების, არმიას შორის, რაც საბოლოოდ შეწყდა წითელი არმიის მიერ რეგიონის სამი ქვეყნის ოკუპაციისა და, მოსკოვის გადაწყვეტილებით, მთიანი ყარაბაღის ძირითადი ნაწილის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნების შემდეგ. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, როცა ეთნიკური დაპირისპირებები დაიწყო, მთიან ყარაბაღში უმრავლესობას სომხური ეთნოსი წარმოადგენდა. ზოგიერთ ქალაქში მეტი აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, ზოგან სომხები, მაგრამ, საერთო ჯამში, უმრავლესობას სწორედ სომხები ქმნიდნენ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, რომელიც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ამჯერად კონფლიქტის მოგვარებაში შუამავალი ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (ჯგუფი ბოლო ხანს არაერთხელ გააკრიტიკეს პასიურობის გამო), რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები, მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს 12 ოქტომბერს.
8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს და პირველ ეტაპზე სომხეთმა უნდა წარმოადგინოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ. Euronews-ს ინტერვიუ მისცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
რადიო თავისუფლებამ აზრის გამოთქმა სთხოვა ექსპერტებს - გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, უვე ჰალბახს, და პრაღის კარლის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორს, ადრიან ბრისკუს.
უშუალოდ საქართველოსთვის არსებულ საფრთხეებზე თავის მოსაზრებას გაგიზიარებთ მიხეილ სარჯველაძე, რომელიც გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის გერმანულ ინსტიტუტში მიწვეული მკვლევარია.
- სომხეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო წლებში დიდი სამხედრო პოტენციალი დაიგროვეს. ვის უნდა ეკითხა, რატომ ზრდიან ბაქო და ერევანი თავიანთ არსენალებს?
- შეუძლია და უნდა თქვას თუ არა ევროკავშირმა ამ კონფლიქტში თავისი სიტყვა?
- სად უნდა იდგეს საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში?
- რუსეთი „ნეიტრალურია“, მაგრამ არ მისდევს კონფლიქტებში თავის პოლიტიკას, რომელსაც მიმართავს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ. რა ამოძრავებს კრემლს?
- რა დგას აზერბაიჯანისთვის თურქეთის აშკარა მხარდაჭერის უკან? გეოპოლიტიკური ამბიციები? განსაცდელში „მოძმე ერის“ არმიტოვების ვალდებულება?
- რას უნდა ველოდოთ? რას მოიტანს, თუკი ეს მოხდა, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია?
უვე ჰალბახი თავის სტატიაში „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ბოლო მოვლენები“ წერს, რომ მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირებაში „საერთაშორისო სამართლის ორი პრინციპი ეჯახება ერთმანეთს: ერთ მხარესაა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რომელსაც ბაქო ეყრდნობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის საფუძველზე, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს იმდენად, რამდენადაც არავის უცვნია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა დიპლომატიურად. მეორე მხარეს, სომხეთი აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან უპირატესად სომხებით დასახლებული ავტონომიური ოლქის გამოყოფას ეროვნული თვითგამორკვევის უფლების პრინციპს აფუძნებს“.
რუსეთი კი, ჰალბახის თანახმად, „ცდილობდა, გაეერთიანებინა „სტრატეგიული პარტნიორობა“ სომხეთთან და შედარებით კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან.
ამასთან, თამაშობდა კონფლიქტში მთავარი შუამავლისა და იარაღის მიმწოდებლის საეჭვო როლს, რასაც „ბალანსის შენარჩუნების“ მიზნით ხსნიდა.
აზერბაიჯანისთვის თურქეთის აშკარად გაძლიერებული მხარდაჭერის შემდეგ ამ „ბალანსმა“ დარღვევა დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5
პრაღის კარლის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი ადრიან ბრისკუ ამბობს, რომ ორივე ქვეყანა დაუფარავად იტყობინებოდა სამხედრო სფეროში შენაძენების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, შეუძლია, როგორც ეს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმაც აღნიშნა, ხელი შეუწყოს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა, ბრისკუს თანახმად, რეგიონში რუსეთის გავლენასთან დაპირისპირების საშუალებაა.
Your browser doesn’t support HTML5
მიხეილ სარჯველაძე, რომლის კვლევის სფერო ბერლინში „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და 21-ე საუკუნეში მცირე ქვეყნების გამოწვევებია“, ფიქრობს, რომ „რუსეთისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამბალანსებლის როლის შესრულება რეგიონში ზეგავლენის შენარჩუნების გზაა. თურქეთის გააქტიურება შესაძლოა კრემლმა ბალანსის დაკარგვის საშიშროებად აღიქვას და კონფლიქტში აქტიურად ჩაერიოს“.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ომი საქართველოს პერსპექტივიდან რამდენიმე ასპექტის გამო განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს. ერთ-ერთია, სარჯველაძის თანახმად, „საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობ- და გაზსადენების დაზიანების საფრთხე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტში რუსეთი აქტიურად ჩაერთვება. სამხრეთკავკასიური ენერგოდერეფანი არ შედის რუსეთის ინტერესებში (აღსანიშნავია, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია)“.
Your browser doesn’t support HTML5