მთაწმინდის რაიონის გამგეობა, დედის დღესთან დაკავშირებით უბანში მცხოვრები ავტოსპორტის მოყვარული, მრავალშვილიანი დედებისთვის რბოლის მოწყობას გეგმავს.
14 ათასი ლარის ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა განთავსებული. განცხადებების მიღების ვადა 14 თებერვალს იწურება.
გამგეობამ ჯერჯერობით არ იცის მთაწმინდაზე ავტოსპორტით დაინტერესებული რამდენი მრავალშვილიანი დედა ცხოვრობს. მონაწილეობის მსურველებს გამგეობის საუბნო სამსახურები გამოავლენენ და შეაგროვებენ.
Cherchez la femme - მრავალი შვილით და მართვის მოწმობით
დედის დღისთვის მერიამ 15 ისეთი ქალი უნდა იპოვოს, რომელსაც მართვის მოწმობაც ექნება და სურვილიც - მეტი გაიგოს უსაფრთხო მართვაზე. დამატებითი პირობა 2-ზე მეტი შვილის ყოლაა. თუ გამგეობა ასეთ ჯგუფს შეკრებს, ღონისძიების დღეს დედები პროფესიონალ პილოტებთან ერთად მიიღებენ სიმბოლურ შეჯიბრებაში მონაწილეობას. 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება კიდეც.
გამგეობაში ამბობენ, რომ დედის დღესთან დაკავშირებით განსხვავებული ღონისძიების გამართვა სურდათ, ისეთის, როგორიც წინა წლებში არ ყოფილა. სწორედ ამიტომ შეარჩიეს ავტორბოლა.
ტენდერის პირობებში წერია, რომ განმცხადებელ კომპანიას საავტომობილო სპორტის ფედერაციის ლიცენზია უნდა ჰქონდეს, მოაგვაროს საორგანიზაციო საკითხები და საზეიმო კონცერტიც ჩაატაროს.
სანამ ტენდერში მონაწილე კომპანიების ჩამონათვალი გაირკვევა და მათ შორის საუკეთესო გამოვლინდება, რადიო თავისუფლებამ გამგეობის იდეის შესახებ მოსაზრება მთაწმინდელებს ჰკითხა.
Your browser doesn’t support HTML5