რადიო „თავისუფლება“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ და ქვერუბრიკით „მთაწმინდელები“ გთავაზობთ საუბარს XIX საუკუნის ქართველ ვარსკვლავზე, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველზე,დიმიტრი ყიფიანზე. დიმიტრი ყიფიანი იყო: სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, სამეგრელოს მთავრისქონება-მამულის მეურვე, თფილისის ქალაქის თავი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელისაზოგადოების თავმჯდომარე, ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, ორგზის პოლიტიკური პატიმარი, პირველი ქართული ბიბლიოთეკის დამაარსებელი, ეროვნული ხსნის პროგრამის შემქმნელი, ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი, სათავადაზნაურო ბანკის შექმნის იდეის ავტორი, ინიციატორი და მოამაგე, ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ეროვნული გმირი, რომელმაც ქართველი ერის მაწყევარ ეგზარხოსს თავისი არაქრისტიანული საქციელი არ შეარჩინა და ჩვენი ერის ღირსება დაიცვა. სწორედ ამის გამო მუხანათურად მოკლეს სტავროპოლში გადასახლებული ძილში საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა. უსულო ცარიზმის სისხლიან ისტორიაშიც კი ეს ტერაქტი ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენია. დიმიტრი ყიფიანი საქართველოს ეკლესიის წმინდანია, ისაა კაცი, რომელიც ათასწლეულში ერთხელ იბადება…