მთაში მოკლული სმითები

სმითების ოჯახი

ხადის ხეობაში გაუჩინარებული სმითების ოჯახის ორი წევრი მოკლეს. ოფიციალური განცხადება ხადის ხეობაში დაღუპული ოჯახის შესახებ შსს-მ 9 ივლისს გაავრცელა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ 7 ივლისს შსს ოფიციალურ განცხადებაში წერდა, რომ პირველადი დათვალიერებით, ცოლ-ქმარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, 9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაიან სმითი და მისი 4 წლის შვილი მოკლულები არიან. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ერთი პირი:

ძალიან ბევრი ასპექტი ჰქონდა ამ პროექტს. ეს იყო არა მარტო ხალიჩების ქსოვა, არამედ, ზოგადად, ტრადიციების შენარჩუნება, იმ საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერება, რადგან მქსოველი ქალები საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ გაყიდული ხალიჩების სანაცვლოდ...
ნინიკო რობაქიძე

„თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს, ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“.

სმითების დაღუპვის შესახებ „რეგინფოს“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა 7 ივლისს შეიტყო, სანამ შსს ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებდა. მოკლე ინფორმაცია ოჯახის დაღუპვის შესახებ მან გამოცემა „ჯორჯია თუდეი“-ს ვებსაიტზე წაიკითხა. გამოცემა 7 ივლისს წერდა, რომ არაოფიციალური წყაროს ინფორმაციით, რაიან და ლორა სმითები 4 წლის შვილთან ერთად გუდაურთან ახლოს, სავარაუდოდ, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ. „რეგინფოს“ რედაქტორი ინფორმაციის გადამოწმებას ადგილობრივებთან და შსს-ში შეეცადა. შსს-მ პირველი ოფიციალური განცხადება 7 ივლისის საღამოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირისა და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში 6 ივლისს შევიდა. დაკარგული ქალი იმავე დღეს ხადის ხეობაში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს, მისი ქმრის ცხედარი კი მაშველებმა მეორე დღეს აღმოაჩინეს. ინფორმაცია, რომ სმითების ოჯახის სიკვდილი, სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას არ უკავშირდებოდა, „რეგინფომ“ 8 ივლისს გაავრცელა. როგორც გამოცემის რედაქტორი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათ ამის შესახებ ადგილობრივებისგან შეიტყვეს:

გელა მთივლიშვილი

„ადგილობრივებმა დაგვიდასტურეს, რომ ჩანჩქერებამდე ოჯახი გააცილა მწყემსმა. ანუ უკვე გამოიკვეთა, რომ მწყემსს რაღაც უნდა სცოდნოდა. ასევე ადგილობრივებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რის საფუძველზეც მოხდა მკვლელობა. ჩვენ ვიცით, რომ ქალის მიმართ იყო სექსუალური ძალადობის მცდელობა, რასაც მისი მეუღლე შეეწინააღმდეგა. მწყემსს დაკავებამდე ურთიერთობა ჰქონდა ხადის ხეობის მცხოვრებლებთან, რომლებმაც ის გამოტეხეს ჩადენილ დანაშაულში. პირადად ვესაუბრე მე ხადელებს და ეს ინფორმაციაც მათგან მაქვს“.

43 წლის რაიან სმითი საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდა და მარნეულში დასახლდა ცოლთან, ლორასთან ერთად. 2012 წელს მათ ორმაგი მოქალაქეობა მიიღეს. რაიანმა საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე ხელით ნაქსოვი ხალიჩების ტრადიციის აღდგენა დაიწყო და ამ საქმეში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ქალები აქტიურად ჩართო.

რაიანი აწყობდა ექსკურსიებს და ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი წასული იორმუღანლოში. ეს ექსკურსიები ამ პროექტის ცალკე ნაწილი იყო. ის ერთმანეთს აცნობდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ და იორმუღანლოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ოჯახებს...
ნინიკო რობაქიძე

ნინიკო რობაქიძე, რაიანის მეგობარი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს საქმიანობა რაიანისთვის უბრალო ბიზნესი არ იყო და ის ამ საქმეს, როგორც სოციალურ პროექტს, ისე უყურებდა:

„ძალიან ბევრი ასპექტი ჰქონდა ამ პროექტს. ეს იყო არა მარტო ხალიჩების ქსოვა, არამედ, ზოგადად, ტრადიციების შენარჩუნება, იმ საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერება, რადგან მქსოველი ქალები საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ გაყიდული ხალიჩების სანაცვლოდ. მე ორი წლის წინ გავიცანი რაიანი სწორედ ამ პროექტის საშუალებით. რაიანი აწყობდა ექსკურსიებს და ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი წასული იორმუღანლოში. ეს ექსკურსიები ამ პროექტის ცალკე ნაწილი იყო. ის ერთმანეთს აცნობდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ და იორმუღანლოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ოჯახებს, აკავშირებდა მათ ერთმანეთთან და ეს ურთიერთობები შემდეგ კიდევ უფრო ღრმავდებოდა. რაიანს ძალიან უყვარდა საქართველოც და მთლიანად კავკასია. იცნობდა მის ტრადიციებს, ბუნებას, გარემოს. უყვარდა მოგზაურობა და ხშირადაც მოგზაურობდა მეგობრებსა და ოჯახთან ერთად. ის ვერანაირად ვერ იქნებოდა კონფლიქტის ინიციატორი. იყო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი“.

კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რომ მარნეულელებს რაიანთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამ ურთიერთობას ხელს უწყობდა ისიც, რომ რაიანი კარგად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას, ესმოდა ქართულიც. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კი რაიანი განსაკუთრებით აქტიურობდა იმისათვის, რომ მარნეულში მოეწყო უფასო საბავშვო ატრაქციონები:

კამილა მამედოვა

„სულ ამბობდა ხოლმე, რომ ჩემი შვილი გასართობად ან ბოლნისში დამყავს და ან თბილისშიო და ვფიქრობო, რომ ჩემი შვილისა და სხვა ბავშვებისთვის მარნეულში უნდა იყოს ატრაქციონიო. მარნეულის მერია მის წერილებს არ პასუხობდა, თუმცა ამ ბოლო დღეებში თითქმის შედგა შეთანხმება, მშობელთა შეკრება გავაკეთეთ. უნდა შეგვერჩია პარკის ადგილმდებარეობა“...

გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

9 ივლისს, საღამოს რვა საათზე, აშშ-ის საელჩოს წინ სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები ფეისბუკის საშუალებით მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხადის ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო სამძიმრის გამოსახატად შეიკრიბონ: „გამოვხატოთ თანაგრძნობა, წუხილი, სამძიმარი და მონანიება გამოვუცხადოთ სმითების ოჯახის ახლობლებსა და ნათესავებს“.