ოპერაციის დაწყების მომენტში რუს სამხედროებთან ვთანამშრომლობდით. მათთან შეთანხმებით გადაწყდა, დესანტი გადაგვესხა კოდორის ხეობაში, - ჰყვება ლეუან მიკაა, 2008 წელს სოხუმის ე.წ. სარეზერვო ბრიგადის მეთაური.
ის "ეხო კავკაზას" ჟურნალისტთან საუბარში იხსენებს, თუ როგორ დაიკავეს კოდორის ხეობა აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა და რა დახვდათ მათ იქ.
- თუ შეიძლება გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.
- ვხვდებოდით, ომი გარდაუვალი იყო. შეიძლებოდა ჩვენ აღმოვჩენილიყავით სამხრეთ ოსეთის ადგილას, რადგან, ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, აფხაზეთზე თავდასხმაც განიხილებოდა.
განსაკუთრებულად ვემზადებოდით ომისთვის. გენერალურმა შტაბმა გადაწყვიტა, ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე სამხედრო აკადემია შეექმნა. ამ აკადემიაში ჩავაბარე და რომ დავამთავრეთ, სწორედ ამ მოვლენების ზღვარზე ვიდექით. ამ აკადემიაში სწავლობდნენ ახალგაზრდა ოფიცრების უმეტესობა და ბრიგადების მეთაურები, მათ შორის მეც, სოხუმის სარეზერვო ბრიგადის ხელმძღვანელი. ამ ბრიგადაში ქალაქის ყველა რეზერვისტი შედიოდა. ყველა რაიონს თავისი ბატალიონი ჰყავდა, სულ შვიდი.
მაშინაც კი, როცა რაღაცას ელი, ყველაფერი მაინც მოულოდნელად ხდება. სამხრეთ ოსეთზე ვერაგულმა თავდასხმამ ყველა შეგვძრა. სოხუმის სამხედრო კომისარიატის ბაზაზე ბატალიონების ფორმირებას შევუდექით. რა თქმა უნდა, გენერალურ შტაბთან გვქონდა კავშირი. შტაბმა მაშინვე კოდორის ხეობის გათავისუფლების გეგმაზე დაიწყო მუშაობა.
პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა თავდაცვის მინისტრს, მერაბ ქიშმარიას, დაავალა ოპერაცია მაქსიმალურად უდანაკარგო ყოფილიყო, სხვათა შორის, ორივე მხრიდან. კოდორის ხეობაში მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა.[დავალება იყო] კოდორის ხეობა მაქსიმალურად მსხვერპლის გარეშე გაეთავისუფლებინათ.
- თუ შეიძლება უშუალოდ საბრძოლო ოპერაციაზე რომ მოგვიყვეთ?
- ბუნებრივია, რომ ოპერაციის დაწყების მომენტში რუს სამხედროებთან ვთანამშრომლობდით. მათთან შეთანხმებით გადაწყდა, დესანტი გადაგვესხა, რადგან კოდორის ხეობაში მიმავალი გზები ძალიან ვიწრო იყო, ერთი გზა კი საერთოდ გაუვალი. ჩვენ მერე ვნახეთ ეს ფორტიფიკაციული ნაგებობები. სამხედრო ინჟინერია მაღალ დონეზე ჰქონდათ და იქ უმსხვერპლოდ გავლა შეუძლებელი იყო, ძალიან ბევრი მებრძოლი დაიღუპებოდა.
რა თქმა უნდა, დესანტში მოხვედრა ძალიან ბევრს უნდოდა. სულ რამდენიმე ბრიგადა იყო და თითოეულ ბრიგადაში 100 ადგილი დესანტისთვის, მსურველი კი - ბევრი. გადავწყვიტეთ, ძირითადი შემადგენლობა პირველი ომის [1992-1993 წლების] ვეტერანები ყოფილიყვნენ, მათ გამოცდილება ჰქონდათ. დესანტის გადასხმაში ძირითადად სწორედ ჩვენი სამამულო ომის ვეტერანები მონაწილეობდნენ.
ჩვენ ჩამოგვსხეს სოფელ ჩხალთაში. იქ სხვა ბრიგადებს შევუერთდით. სამხედროების ნაწილი წავიდა, რომ იმათ შეერთებოდა, ვინც უკვე მთავარ გზაზე მიდიოდა და ნაწილი ქართულ ჯარს ჩაუდგა კვალში. თუმცა საშუალებას აძლევდა მათ, წასულიყვნენ. წინააღმდეგობას არავინ გვიწევდა და წასვლის საშუალება მივეცით.
სოფელი ჩხალთაში შტაბი გავხსენით. გვესმოდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ძალიან ორგანიზებულად უნდა წარმოგვეჩინა. მაშინ ეს გამოვიდა. მე არ მინახავს, ჯარიდან ვინმე მაროდიორი ყოფილიყო, სახლში შესულიყო [გასაძარცვად]. ყველა ძალიან აკურატულად, სიტუაციის შეგნებით მოქმედებდა.
ასევე ნახეთ რა მოხდა კოდორში 2008 წლის აგვისტოს - იაკობაშვილი და შამბა ერთი ამბის ორ ვერსიაზე- რამდენადაც ვიცი, ადგილობრივი მოსახლეობიდან ხელში იარაღი არავის აუღია. უბრალოდ წავიდნენ და მერე დაბრუნდნენ, ასე იყო?
- რამდენადაც მე ვიცი, მაშინ ისინი დარჩნენ, ვისაც ხელში იარაღი არ ეჭირა, ვინც ქართულ ჯარში არ შედიოდა. ვისაც ეჭირა, წავიდნენ, მათთვის ცხადი იყო, რომ პასუხს მოსთხოვდნენ. ვინც დარჩა, ისინი ქართული ჯარის წევრები არ იყვნენ, ამიტომ მათთან ადვილი იყო ურთიერთობა.
- ამბობთ, რომ დესანტი ჩხალთაში გადმოსხით, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ ეს ამბავი.
- ორასკაციანი დესანტი შვეულმფრენით დაეშვა. იქაურობა დავზვერეთ და ჩხალთის ცენტრისკენ გავემართეთ. ადმინისტრაციის თავზე აფხაზური დროშა აღვმართეთ, იმის საჩვენებლად, რომ ეს ტერიტორია აფხაზეთის კონტროლქვეშაა.
- 2008 წელს მეც იქ ვიყავი, ვნახე ყაზარმები, რამდენი იარაღი დატოვეს...
- რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი იყო, თუ რამდენად გასამხედროებული იყო ის ტერიტორია. ერთ მშვიდობიან მოსახლეზე, ალბათ, ათი სამხედრო მოდიოდა. ყაზარმები იყო, ბევრი მიტოვებული სათავსოც. ეს ტერიტორია, ნაღმივით იყო, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა, მთიდან ნებისმიერ ადგილას შეგიძლია აფხაზეთში გამოხვიდე. გეგმადაც, როგორც ჩანს, ეს ჰქონდათ. იქ იქმნებოდა სამხედრო ბირთვი.
საომარი მოქმედებები სწორედ კოდორის ხეობიდან დაიწყებოდა. ყველაფერი ამისთვის მზადდებოდა. სამხედრო საქმეში ასეა - ჯერ სიმაღლეები უნდა დაიპყრო, რომ მერე ზევიდან ქვევით შეტევაზე გადახვიდე. კოდორის ხეობა კი აფხაზეთის თავზეა და სწორედ აქედან აპირებდნენ თავდასხმას. ჩვენ ამოვიღეთ ხიჭვი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხეულში იყო ჩარჭობილი.
ლაშა მარგიანი: „კოდორის ბედი ალბათ კოდორში არ გადაწყვეტილა“
- 15 წლის განმავლობაში ამ ადგილას მუდმივი დაძაბულობა იყო. პერიოდულად ვითარება მწვავდებოდა. მხოლოდ 2008 წელს მოვახერხეთ ტერიტორიის დაბრუნება. თქვენი აზრით, რა არის ამ ოპერაციის წარმატების მიზეზი?
- აქ მთავარი იყო რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა... როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაეცვა, ამან ამ ოპერაციის წარმატებაც განაპირობა. რა თქმა უნდა, კოდორის ხეობის ამ ნაწილის გათავისუფლება მუდამ განიხილებოდა, მაგრამ ყველა ხელმძღვანელი - ჯერ ვლადისლავი [არძინბა], შემდეგ სერგეი ბაღაფში - აანალიზებდნენ, რომ ეს მთიანი ადგილია და ქვევიდან ზევით მათი გამოდევნა ძალიან დიდ მსხვერპლს მოიტანდა. ვლადისლავ არძინბა ყოველთვის ამბობდა: ჩვენ იმდენი ბიჭი დავკარგეთ ომში, ვეღარ დავუშვებთ, რომ ახალგაზრდები კიდევ დაგვეხოცოსო. ეს აჩერებდა. იგივე იყო ბაღაფშის შემთხვევაშიც.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.
ასევე ნახეთ ლაშა მარგიანი: „კოდორის ბედი ალბათ კოდორში არ გადაწყვეტილა“