მთავარი პროკურორის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე დაიკავებს, - ასეთია არამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მოლოდინი. საპროკურორო საბჭოსთვის გადაგზავნილ კანდიდატთა სამეულში ვხვდებით ასევე პროფესორ ნინო გოგნიაშვილსა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, შალვა შავგულიძეს, რომელიც, ბევრის აზრით, სიაში მხოლოდ გარკვეული ეფექტისთვის მოხვდა. ასევე ბევრი შემთხვევითად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მთავარი პროკურორის პოსტისთვის შერჩეული კანდიდატები არა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, არამედ მისმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, დაასახელა. დღის წესრიგში კვლავაც რჩება თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა.
განათლება, პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია, მმართველობითი უნარ-ჩვევები, მიზანსწრაფულობა თუ პატიოსნება - მიხეილ სარჯველაძის თქმით, მან ამ და სხვა მრავალი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია სამი კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტისთვის წარდგენილი 18-კაციანი სიიდან. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ კანდიდატებიც პირადად მან შეარჩია, რადგან ის ამჟამად მინისტრის მოვალეობას ასრულებს.
Your browser doesn’t support HTML5
საპროკურორო საბჭოსთვის გადაგზავნილი სამკაციანი სიიდან პროფესორი ნინო გოგნიაშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანდიდატურაა, საზოგადოების ფართო წრეებისთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, საზოგადოება კარგად იცნობს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, შალვა შავგულიძეს, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტისთვის კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა და მის მიმართ სიმპათიებს არ მალავენ პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები თუ უფლებადამცველები.
მაგრამ ეჭვი ამ ეტაპზე ცოტას თუ ეპარება იმაში, რომ მთავარი პროკურორის პოსტს საბოლოოდ შალვა თადუმაძე დაიკავებს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. როგორც უფლებადამცველი და ადვოკატი ლია მუხაშავრია ეუბნება რადიო თავისუფლებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეალური ცვლილებებისთვის საჭირო ნება არა აქვს და, შესაბამისად, საკითხსაც სათავისოდ გადაწყვეტს.
Your browser doesn’t support HTML5
ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ, საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური განწყობებიდან გამომდინარე, თეა წულუკიანმა შეგნებულად აარიდა თავი მთავარი პროკურორობის კანდიდატების დასახელებას და თუკი ეს შეგნებულად არ მოხდა, მაშინ მისი მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობაა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესიდან გამოთიშვა შვებულებაში გასვლის მიზეზით.
მას შემდეგ, რაც პოსტიდან ირაკლი შოთაძე გადადგა, არსებულ რეალობაში ახალი მთავარი პროკურორის შერჩევაც იმთავითვე აზრსმოკლებულად ჩათვალა არასამთავრობო სექტორის ერთმა ნაწილმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს და თეა წულუკიანის გადადგომაც მოითხოვეს. თავად თეა წულუკიანმა კი არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და სუბიექტურ მიდგომებში დაადანაშაულა.
რადგანაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე (ნოემბრამდე) კვლავაც ძველი ხარვეზიანი მექანიზმი რჩება ძალაში, სამოქალაქო სექტორმა არაერთხელ და არაერთი ფორმით მოითხოვა ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერება. პარლამენტში შევიდა შესაბამისი წინადადებაც მთავარი პროკურორის არჩევის წესის სასწრაფოდ შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სვლაც უპასუხოდ დარჩა. ასე ნაჩქარევად და ხარვეზიანი წესით ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ძველებურად უნდობლობით უყურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. ის მოელის, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატს - შალვა თადუმაძეს -ვიხილავთ.
Your browser doesn’t support HTML5
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 6 ივლისს პირადად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მიმართა მოთხოვნით, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში განცდილი მარცხის გამო, თეა წულუკიანი აღარ დარჩეს ახალ მთავრობაში, იუსტიციის მინისტრის პოსტზე. წარუმატებელი საქმიანობის გამო, ახალ „მცირე მთავრობაში“ თეა წულუკიანის ადგილს ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხედავს. პრეზიდენტის მიერ უკვე ნათქვამს მისი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილიც იმეორებს.
Your browser doesn’t support HTML5
მთავარი პროკურორობის კანდიდატებს, რომლებიც 6 ივლისს დასახელდნენ, საპროკურორო საბჭომ ცალ-ცალკე ფარული წესით უნდა უყაროს კენჭი. იმისათვის, რომ კანდიდატი დამტკიცებულად ჩაითვალოს, მან ყველაზე მეტი ხმა უნდა მიიღოს და უნდა დაიმსახუროს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის მინიმუმ ორი მესამედის მხარდაჭერა. საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას ორკვირიანი ვადა აქვს. თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანო მთავარ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრის გზით აირჩევს.