სვანეთისა და რაჭის მცხოვრებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას შეაჩეროს ჰესების მშენებლობა. თბილისში 7 თებერვალს აქცია გაიმართა.
აქცია გაიმართა თბილისში, სასტუმრო „იოტას“ წინ, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხილვა მიმდინარეობს. EBRD განიხილავს სხვადასხვა ჰესის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობასაც.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
კობა ჩოფლიანი, აქციის მონაწილე: „პროექტები, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ბუნებაზე, კლიმატზე, საყოფაცხოვრებო არეალზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რაც არ ხდება. აღარ ვლაპარაკობ საეჭვო ეკონომიკურ სარგებელზე. პრაქტიკულად მოსახლეობა ყოველდღიური მოგერიების რეჟიმში ცხოვრობს“.
აქციის მონაწილეებმა EBRD-სა და მთავრობას მოუწოდეს გადახედონ საკუთარ პოლიტიკას, არ დააფინანსონ ნენსკრას, ხელედულას, ნამახვანის, ონის, მაჭახელისა და სხვა ჰესების მშენებლობა.
დათო გულბანი, აქციის მონაწილე: „დღეს აშენებული ჰესების უმეტესობა ვერ მუშაობს, არა აქვს სათანადო სიმძლავრე. გავიხსენოთ დევდორაკზე მომხდარი ტრაგედია, სადაც ხალხი დაიღუპა, აჭარაში ჩამონგრეული გვირაბები, თუნდაც უკვე აშენებული ენგურჰესი, რომლის გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი წილი აფხაზეთში გადის - ეს ყველაფერი იწვევს უნდობლობას დანარჩენი პროექტების მიმართ“.
აქცის მონაწილეები ამბობენ, რომ ელექტროჰესების აშენებით ზიანი მიადგება სვანეთის ბუნებასა და ტურიზმს, რადგან ტურისტი სვანეთსა თუ რაჭაში სწორედ უნიკალური ბუნების სანახავად ჩამოდის.