მზად არიან ოჯახის ექიმები, რომ კორონავირუსს ბინაზე უმკურნალონ?

მას შემდეგ, რაც საქართველომ კორონავირუსის შეჩერების ფაზიდან გავრცელების შენელების ფაზაში გადაინაცვლა, ანუ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, დღის წესრიგში დადგა მკურნალობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რაც ვირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში, პაციენტთა ბინაზე მკურნალობას გულისხმობს. ამ მეთოდს ევროპის ქვეყნებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც პაციენტების რაოდენობამ ათასებს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 18 მარტს, მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას".

  • შეძლებენ თუ არა ოჯახის ექიმები დაავადების დროულ იდენტიფიცირებას?
  • გაიარეს თუ არა მათ სათანადო გადამზადება, როგორ უნდა უმკურნალონ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ?
  • შეძლებენ თუ არა ისინი სიტუაციის დისტანციურ კონტროლს?

ეს ის კითხვებია, რომლებიც უკვე დღეს ჯანდაცვის პირველადი რგოლის, ანუ ოჯახის ექიმების მისამართით ისმის. თუმცა, ამ კითხვებზე დღეს მკაფიო პასუხების მოსმენა გაჭირდა.

რადიო თავისუფლებას ერთი კვირის წინ უთხრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომ უკვე დაწყებულია ოჯახის ექიმების გადამზადება და იმისათვის, რომ სრულად იქნას მოცული ქვეყანაში მოქმედი 2000-მდე ოჯახის ექიმი, ამ პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

18 მარტს, კითხვებზე ბინის პირობებში კორონავირუსის მკურნალობისა და ოჯახის ექიმების გადამზადების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას კვლავ თამარ გაბუნიას პასუხები მიაწოდა. როგორც ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროში 18 მარტს შედგა შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელებთან. ოჯახის ექიმების გადამზადების პროცესიც, სავარაუდოდ, ახლა უნდა დაიწყოს:

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე, რომელიც გამოყენებული იქნება ოჯახის ექიმების მიერ. იგეგმება ონლაინ ტრენინგები, როგორც თბილისის, ასევე სოფლის ექიმებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ სრული და უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შემთხვევის მართვა ბინაზე. დღეს პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება ამის საჭიროება, გაუწიოს აქტიური სატელეფონო კონსულტაცია. მიმდინარე სიტუაციაში, ჩვენ უკვე გავეცით რეკომენდაცია მოსახლეობისთვის, რომ ზედმეტი ვიზიტებისგან და კონტაქტებისგან თავი შეიკავონ, იყვნენ ძირითადად ბინაზე. თუმცა, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის მობილიზებული როგორც სატელეფონო კომუნიკაციისთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში ვიზიტის დაგეგმვისთვის როგორც ადგილზე, ასევე შესაძლებელია ბინაზე ვიზიტის ორგანიზებაც. ასევე ჩვენი რეკომენდაციაა მოსახლეობისთვის ის, რომ შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი ოჯახის ექიმებთან. უმჯობესია, სატელეფონო კონტაქტი და შემდეგ, ოჯახის ექიმის რჩევის შესაბამისად მიმართონ სხვა სამედიცინო სამსახურებს. მნიშვნელოვანი იქნება პაციენტის დროული გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში, თუკი ამის საჭიროება დადგა“.

თბილისის ცენტრალურ უბანში მოქმედი ერთ-ერთი კლინიკის პედიატრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, არც მას და არც მისი კლინიკის ოჯახის ექიმებს, არანაირი კონკრეტული რეკომენდაცია და ტრენინგი კორონავირუსის ბინაზე მართვის შესახებ არ ჩასტარებიათ. ამბობს, რომ ისინი თავად, ინტერნეტისა და მედიის საშუალებით ეცნობიან კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და მისი მართვის მექანიზმებს:

„ბავშვთა განყოფილებაში არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია ექიმების გადამზადების შესახებ. როგორც ჩემთვის ცნობილია, არც უფროსთა განყოფილების ოჯახის ექიმებს მიუღიათ მსგავსი ინფორმაცია. ცხადია, რომ მძიმე შემთხვევები ოჯახის ექიმების სამართავად ვერ დარჩება და ისინი პირდაპირ სტაციონარში გადამისამართდებიან, რაც შეეხება მსუბუქად მიმდინარე ვირუსს, სავარაუდოდ, მათი მართვა ოჯახის ექიმებმა დისტანციურად უნდა შეძლონ, თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ მსგავსი რეკომენდაციები და გადამზადება არ გაგვივლია“.

კლინიკათა ქსელ „ევექსის“ ამბულატორიული დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ევექსი კლინიკების“ მენეჯმენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, იანვრიდან აწვდის კლინიკის ოჯახის ექიმებს უახლეს და დეტალურ ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელებისა და მართვის შესახებ.

„ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმი, ნატალია ჭკუასელი რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მათ გადამზადების პერიოდში მიიღეს:

„გვაქვს ინფორმაციას, როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე, რა სიმპტომებია დამახასიათებელი, როგორია მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორ უნდა ვმართოთ პროცესი, თუკი გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს კორონავირუსთან. რა დროს უნდა მოხდეს პაციენტების სტაციონარში გადამისამართება და ა.შ. როდესაც გვირეკავს პაციენტი, პირველ რიგში, ვარკვევთ მისი მოგზაურობის ისტორიას და შემდეგ უკვე მის კონტაქტებს, ხომ არ ჰქონდა მას კონტაქტი ისეთ პირთან, რომელმაც საზღვარგარეთ იმოგზაურა ან საეჭვო ინფექციის მქონე ადამიანებთან. შემდეგ უკვე დეტალურად ვეკითხებით იმ სიმპტომებს, რაც მათ აქვთ და მერე უკვე გავცემთ რეკომენდაციებს. თუმცა, დღეს პროცესი ისე მიდის, რომ ჩვენთვის გაცემული რეკომენდაციები, სავარაუდოდ, გადაიხედება, რადგან ვირუსის გავრცელების ალბათობა იზრდება და ის შესაძლოა პირდაპირ აღარც უკავშირდებოდეს მაგალითად, საზღვარგარეთ მოგზაურობას ან მოგზაურებთან კონტაქტებს“.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, იქნება ის დისტანციური თუ ბინაზე მისვლით, ნატალია ჭკუასელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე:

„ბინაზე მისვლის გადაწყვეტილება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდება, რასაც დისტანციურად მივიღებთ. რა თქმა უნდა, პაციენტს ვერ მივატოვებთ, ჩვენ ყოველთვის ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მივიდეთ ადგილზე და დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი და სათანადოდ უნდა ვიყოთ აღჭურვილნი“.

რადიო თავისუფლება შეეცადა ინფორმაცია მიეღო ოჯახის ექიმების გადამზადების შესახებ სხვა კლინიკებისგანაც, მათ შორის კლინიკა „კურაციოსგან“ და კლინიკათა ქსელ „მედისონისგან“, თუმცა, კლინიკების ადმინისტრაციებისგან ამ ინფორმაციის მოძიება მთელი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება, ზოგადად, ექიმების ცოდნას ახალი კორონავირუსის, მისი მართვისა და მკურნალობის შესახებ, „მონაცემთა კვლევის ჯგუფმა“ 6 მარტს გამოაქვეყნა გამოკვლევა, თუ რა ინფორმაციას ფლობს ამ საკითხზე საზოგადოება და მათ შორის, სამედიცინო პერსონალი და აღმოჩნდა, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა 19.4% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არსებობს, მაგრამ ის საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. მედიცინაში დასაქმებულთა 31.3% მიიჩნევს, რომ კორონავირუსი და გრიპი ერთი და იგივეა. ხოლო 17%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

18 მარტის 20 საათის მონაცემებით, საქართველოში 38 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია დარეგისტრირებული.