მეცნიერების 3 მიღწევა, რომელიც 2021 წელს ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს ჩვენზე

მფრინავი მანქანები ჯერ არ გვექნება, მაგრამ არანაკლებ ფანტასტიკური ცვლილებები გველის

რაც ჯერ კიდევ გუშინ სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო იყო, დღეს უკვე რეალობაა.

ვითომც არაფერიო, ისე შევეჩვიეთ, რომ ტაქსით იმგზავრებ ისე, რომ ნაღდი ფულს არც შეეხები. არავის უკვირს, რომ შეიძლება ტელეფონს ჰკითხო, რამდენი კალორიაა მსხალში და მყისიერად გიპასუხოს - 100 გრამში 57-ო.

მეცნიერების რომელი მიღწევები მოახდენს სავარაუდოდ ყველაზე დიდ გავლენას 2021 წელს? ქვემოთ ჩვენი სამი ვერსია გვაქვს მოყვანილი, კომენტარებში კი თქვენს ვერსიებსაც ველით.

პირველ რიგში, ისეთი სფეროები ავარჩიეთ, სადაც პირველი რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ის, რაც დიდი ალბათობით ნაყოფს უკვე რამდენიმე თვეში გამოიღებს. ცხადია, უეცარ ნახტომსაც ვერავინ გამორიცხავს - შესაძლოა მარტში აქსიონი აღმოაჩინონ, ან გრიპის უნივერსალური ვაქცინა შექმნან. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ მომავალ წელს სწორედ იმ გამოგონებების გავლენა ვიგრძნოთ, რომლებიც დღეს უკვე არსებობს.

3. ხელოვნური ხორცი ჩვეული ამბავი გახდება

მაასტრიხტის ლაბორატორიაში დამზადებული ხორცი

დღეს რა ვითარებაა?: ლაბორატორიაში შექმნილი ხორცისგან პირველი ბურგერი 2013 წელს დაამზადეს. მას შემდეგ, ყოველ წელს მატულობს კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ხელოვნური ხორცის დამზადებაზე მუშაობენ. დღეს „ვიკიპედია“ ორმოცამდე ასეთ კომერციულ ფირმას ჩამოთვლის, რასაც ზემოდან კიდევ ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ემატება.

რა მოხდება 2021 წელს?: ელიან, რომ 2021 წელი ხელოვნური ხორცის მოხმარების მხრივ გარდამტეხი იქნება. პირველ რიგში, ფასი იკლებს. 2013 წელს, იმ პირველი ბურგერის სამყოფი ხორცის დამზადება 345 ათასი დოლარი დაჯდა. დღეს კი მისი ღირებულება ასე, 10 დოლარია და, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კიდევ იაფდება. იხვეწება მისი შექმნის მეთოდებიც. აქამდე ასეთ ხორცს ეტყობოდა, რომ ხელოვნური იყო - არცთუ სასიამოვნო ფაქტურა, ფერი და გემო ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ახალი თაობის პროდუქტს „ნამდვილისგან“ ვეღარ გაარჩევ - ცხადია, ფარშზეა ლაპარაკი და არა, ვთქვათ, სტეიკზე.

რატომაა მნიშნელოვანი?: იმის გარდა, რომ ხელოვნური ხორცი, წესით, გარემოსთვისაც უკეთესი უნდა იყოს და სამომავლოდ მსოფლიოს შიმშილის დამარცხებაში დაეხმარება, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა უამრავ, ასობით მილიონ ადამიანს მყისიერად შეეხება. პირველ რიგში, ბუნებრივია, ვეგანებს და ვეგეტარიანელებს, რომელთა დიდი ნაწილიც ხორცს ეთიკური მოსაზრებებით არ ჭამს - ვარაუდობენ რომ ასეთია მსოფლიოს მოსახლეობის ასე, 8 პროცენტი. ასევე მათ, ვისი დიეტაც რელიგიურ წეს-ჩვეულებებით რეგულირდება - ებრაელი და მუსლიმი სასულიერო ლიდერები, როგორც ჩანს, იხრებიან, რომ ამგვარი ხორცის მიღება დასაშვებად მიიჩნიონ. ინდოეთში ამ თემაზე ჯერ კიდევ ცხარე კამათი მიდის, თუმცა, როგორც ჩანს ჯერ მისი დანერგვის წინააღმდეგები არიან.

2. 5G უფრო ფართოდ დაინერგება

მეხუთე თაობის ინტერნეტის რეკლამა ბუქარესტში. რუმინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 5G დაინერგა.

დღეს რა ვითარებაა?: მეხუთე თაობის ინტერნეტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყო. ეს ტექნოლოგია ელვის სისწრაფით განვითარდა - უმსხვილესმა კომპანიებმა კვლევებში ასობით მილიონი დოლარი დახარჯეს და უკვე 2019 წელს 5G ქსელი ოფიციალურად დაინერგა რამდენიმე ქვეყანაში. პირველი სამხრეთი კორეა იყო, რამდენიმე საათში კი აშშ-ც მიჰყვა. თუმცა, ამერიკა ამტკიცებს, რომ პირველები სწორედ ისინი იყვნენ - ჩვენ სრულფასოვანი ქსელი გავუშვით, კორეელებმა კი, ჩვენთვის რომ დაესწროთ, სულ რამდენიმე ადამიანისთვის აამუშავეს ქსელიო. 2020 წლისთვის ეს ქსელი კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დატესტა. 2019 გამოჩდა პირველი ტელეფონი 5G მხარდაჭერით, მალე მას კიდევ რამდენიმე ათეული მოჰყვა. 2020 წელს, მეხუთე თაობის ინტერნეტით სარგებლობა უახლეს „აიფონებსაც“ შეუძლია.

რა მოხდება 2021 წელს?: რევოლუციურ ცვლილებებს არ ელიან, თუმცა, ეს ქსელი უფრო ხელმისაწვდომი გახდება მთელს მსოფლიოში. 2019 წელს მსოფლიოში 5G-ს 10 მილიონი მომხმარებელი იყო. 2023 წლისთვის კი უკვე მილიარდნახევარ მომხმარებელს ვარაუდობენ. მომავალ წელს მეხუთე თაობის ინტერნეტი უამრავი მილიონი ადამიანისთვის გახდება ჩვეულებრივი რამ.

რატომაა მნიშნელოვანი?: მეხუთე თაობის ინტერნეტის უდიდესი გავლენა მომხმარებელზე სავარაუდოდ არაპირდაპირი იქნება. კი, უფრო სწრაფი ინტერნეტი კარგია, მაგრამ ვიდეოს მყისიერ ყურებას ამჟამინდელი ტექნოლოგიაც მშვენივრად უმკლავდება. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახალი თაობის ინტერნეტს გაზრდილ სიჩქარესთან ერთად გაცილებით მაღალი გამტარუნარიანობა აქვს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ის სრულიად ახლებურად გამოიყენონ, მაგალითად დისტანციურ მედიცინაში, სოფლის მეურნეობის სისტემებში და ქარხნებში. რა სიახლე მოჰყვება ამას ჯერ არც ვიცით. მეოთხე თაობის ქსელმა ხომ, მაგალითად, სრულიად ახლებური ტაქსის სერვისი მოიტანა - ჯერ დასავლეთში „უბერი“ და „ლიფტი“ გაჩნდა, რამდენიმე წელში კი ჩვენთან იმავე პრინციპით მოქმედი „ბოლტი“ და „იანდექს ტაქსი“ შემოვიდა. რომ არა არსებული ინფრასტრუქტურა, მსგავსი სერვისები ვერაფრით იარსებებდა. 5G-ს „ნაყოფიც“ ნელ-ნელა, სავარაუდოდ, უკვე 2021 წლიდან გამოჩნდება.

1. კორონავირუსის საყოველთაო ვაქცინაცია

დღეს რა ვითარებაა?: დედამიწა პანდემიის მძევალია. უამრავი ადამიანი კვდება. კიდევ მეტი უმუშევარი რჩება. ეკონომიკისთვის მიყენებული დარტყმა კიდევ დიდხანს იქნება საგრძნობი მთელს მსოფლიოში. ერთადერთი საშველი ვაქცინაა, რომელიც უკვე არსებობს. პირველი აცრები უკვე გაკეთებულია, თუმცა მთავარი საქმე წინაა.

რა მოხდება 2021 წელს?: ვაქცინის შექმნა ერთია, მისი არნახული რაოდენობით დამზადება, დახვეწა და გავრცელება კი კიდევ სულ სხვა მასშტაბის უპრეცენდენტო ამოცანაა. 2021 წელს ფარმაცევტულმა კომპანიებმა უნდა დაამზადონ ვაქცინის 5 ან 10 მილიარდი დოზა (გააჩნია, ერთი აცრა იქნება საჭირო თუ ორი). შედარებისთვის, აქამდე წელიწადში მსოფლიოში სულ მზადდებოდა 6 მილიარდი ვაქცინა - ამაში შედის სეზონური გრიპის აცრები, ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვაქცინების წარმოება მსოფლიოში უნდა გასამმაგდეს, თან უსწრაფესად. ამას ემატება ამ ვაქცინების მთელს მსოფლიოში დარიგება - თუნდაც 5 მილიარდი დოზის გადაზიდვა (ზოგ მათგანს ტრანსპორტირებისას განსაკუთრებული პირობები ჭირდება) , განაწილება, უშუალოდ აცრა... ასევე, როგორც ჩანს, ვაქცინებს დახვეწა და გაუმჯობესება დასჭირდება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ გზადაგზა კორონავირუსის ახალი შტამები ჩნდება. ამას ემატება მთელს მსოფლიოში გაჩენილი სკეპტიციზმი ვაქცინების მიმართ და გამოდის, რომ მსოფლიოს აცრას უზარმაზარი სამეცნიერო, ფინანსური, ლოგისტიკური და პოლიტიკური წინაღობების გადალახვა დასჭირდება.

კარგი კი ისაა, რომ, როგორც ჩანს, ამას მოვახერხებთ. მეცნიერებიც და პოლიტიკოსებიც იმედიანად არიან - სირთულეები დიდია, მაგრამ არა გადაულახავი. 2021 წელს, წესით, ამ უბედურებისგან უნდა გამოვძვრეთ.

რატომაა მნიშვნელოვანი?: აი, ამის ახსნა კი არავის სჭირდება. კიდევ ერთ 2020 წელს ვეღარავინ გავუძლებთ.