მეცნიერები სწავლობენ სიყვარულს

სიყვარული დაკვირვების ქვეშაა. მას სწავლობენ ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები, ნეირობიოლოგები და ლინგვისტებიც კი. თუმცა, პასუხებთან ერთად მეცნიერებს ახალი, პასუხგაუცემელი კითხვებიც უჩნდებათ.

1975 წელს, ორმა ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ელენ ბერშაიდმადა ელეინ ჰეთფილდმა დაიწყეს კვლევა თუ რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი. გრანტი მეცნიერების ეროვნული ფონდიდან მიიღეს, რაზეც გავლენიანი სენატორი უილიამ ფროქსმაიერი აღშფოთდა. სენატორი თვლიდა რომ ფედერალურ გრანტს მეცნიერები ნაკლებ საჭირო თემაზე ხარჯავდნენ. „მიანდეთ ეს საქმე პოეტებს“- ასე მიმართა მან მეცნიერებს.

დღეს, ბერშაიდი და ჰეთფილდი სოციალურ ფსიქოლოგიაში ინტერპერსონალური მიზიდულობისა და ახლო ურთიერთობების მეცნიერული შესწავლის ერთ-ერთ პიონერებად ითვლებიან. სიყვარულის შესწავლას კი სხვადასხვა კვლევებით თანამედროვე მეცნიერები განაგრძობენ.

სიყვარული ტკივილგამაყუჩებლის მაგიერ

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, შონ მაკქი ტკივილის მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და იკვლევდა ტვინს, ტკივილთან გამკლავების პროცესში. თუმცა, მოულოდნელად დაინტერესდა რამდენად შეიძლებოდა ტკივილის რეგულირება სიყვარულის გრძნობით.

სტენფორდში მალევე გამოჩნდა განცხადება სადაც მეცნიერი კვლევისთვის უზომოდ შეყვარებულ წყვილებს ეძებდა. პროფესორი იხსენებდა, რომ მოხალისეების შეკრება არასდროს ასე არ გამარტივებია, რადგან მის განყოფილებაში უამრავმა სტუდენტმა წყვილმა მოიყარა თავი, რომელიც ამბობდა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მზად იყვნენ ექსპერიმენტისთვის. საბოლოოდ მან 15 მონაწილე შეარჩია და დაიწყო დაკვირვება.

თითოეულ მონაწილეს სთხოვა მოეტანა საყვარელი ადამიანის ერთი ფოტო, ერთიც ვინმესი ვინც პლატონურად, თუნდაც შორიდან მოსწონდა და ერთიც - მეგობრის. ობიექტებს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით დააკვირდა. მათ მსუბუქი ტკივილის გამოსაწვევად ცხელ საგანს ადებდნენ ხელზე, ამ დროს კი აჩვენებდნენ მორიგეობით სურათებს.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ობიექტები უფრო დიდხანს უძლებდნენ ტკივილს მაშინ, როცა მათ წინ საყვარელი ადამიანის ფოტო იყო. პროფესორი ფიქრობს, რომ სიყვარულს ნამდვილად აქვს კავშირი ფიზიკური ტკივილის გამკლავებასთან.

ისე როგორც კოკაინი

არ აქვს მნიშვნელობა სიყვარული ახალია თუ ხანდაზმული, ამ გრძნობით ტვინში სიამოვნების მიღებაზე ორიენტირებული არეები აქტიურდება. ესეც კიდევ ერთი ექსპერიმენტის შედეგია. ბიანკა ასევედომ და არტურ არნომ დიდი ხნის მანძილზე ქორწინებაში მყოფი, შეყვარებული წყვილების რეაქცია შეისწავლეს ერთმანეთის გამოსახულების დანახვისას.

ასეთ წყვილებში სიყვარული ტვინისთვის თითქმის იგივე სიამოვნება აღმოჩნდა, როგორც კოკაინის მიღება, თუმცა კოკაინის მომხმარებლებისა და თუნდაც ახალი შეყვარებულებისგან განსხვავებით ტვინში არ აღინიშნებოდა შიში და შფოთი. გარდა ამისა ხანგრძლივ ურთიერთობაში ტვინის ცენტრალური ნაწილი აქტიურდებოდა, რაც მეგობრობის მსგავსად ურთიერთ ნდობისა და მჭიდრო კავშირის შეგრძნებაზე მიუთითებდა.

ასევედო და არნო 2009 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში წერენ, რომ ქორწინებაში მყოფი წყვილების ბედნიერება სტრესული სიტუაციების დროს ერთგვარი ბუფერის ფუნქციასაც ასრულებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული ერთი ემოცია არაა. მასში ტვინი იმდენად კომპლექსურადაა ჩართული, რომ მისი შესწავლა ნეირო-ჰორმონალური და მეოციური თვალსაზრისით ადამიანის სხეულის შესახებ ბევრ კითხვას სცემს პასუხს. კვლევების ნაწილი კი სამეცნიერო ლიტერატურის ბესთსელერებადაც ხშირად ქცეულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემას დიდი აუდიტორია ჰყავს.

ანთროპოლოგი ელენ ფიშერი TED-ისთვის ჩაწერილ გამოსვლაში ამბობს, რომ მას ხშირად ეკითხებიან, ხომ არ გაუფერულდა მისთვის სიყვარული, მას მერე რაც სიღრმეებში შეისწავლა ის. ფიშერი ამბობს, რომ სიყვარული მისთვის შოკოლადის ნამცხვარივითაა, რომელიც ისევ გემრიელად ეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინგრედიენტი იცის.