თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება დარბაზიდან გაუსვლელად, ადგილზე თათბირით მიიღო.
თავად სასამართლო სხდომა, სადაც 22 ნოემბერს მოსამართლემ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა, ზუსტად 25 წუთს გაგრძელდა.
მელიქიშვილის გამზირზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდას სასამართლოს სხდომაზე არაფერი უთქვამს. მან მდუმარედ მოისმინა როგორც პროკურატურის ბრალდება, ისე ადვოკატების სიტყვა.
რას ედავება გამოძიება მათე დევიძეს?
პოლიციელზე, უფრო ზუსტად კი, სამ პოლიციელზე თავდასხმას. ამ საქმეს სამი დაზარალებული პოლიციელი ჰყავს:
- გიორგი ესტატიშვილი;
- ბიძინა ჟამერაშვილი;
- ლევან კორელაშვილი.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და მათ მიაყენა დაზიანებები, რომლებსაც „არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა“, თუმცა, ორი დაზარალებული პოლიციელის სამედიცინო ბარათში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ჩაწერეს, რომ მათ შუბლი, ლოყა და ხელი ჰქონდათ დაზიანებული. რაც შეეხება მესამე პოლიციელს, მისი დაზიანებების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. სამივე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებების შესასწავლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
პროკურორი ვერ ასახელებს, კონკრეტულად რა ტიპის დაზიანებები მიიღეს მათ: „მე ექსპერტი ხომ არ ვარ?“, - ეუბნება ის ჟურნალისტებს.
საქმის პროკურორი, ანა ხუბეჯაშვილი ირწმუნება, რომ მაშინ, როდესაც მათე დევიძე პოლიციელებს დაესხა თავს, სამართალდამცავები მის მიმართ არანაირ „საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებას არ ატარებდნენ“, ანუ, მის დაკავებას არ ცდილობდნენ:
„მათე დევიძეს არ აკავებდნენ სამართალდამცავები, პატრულ-ინსპექტორები საერთოდ არ იყვნენ მასთან შემხებლობაში, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა და ჯოხის გამოყენებით დაესხა მათ თავს. არავინ ახორციელებდა იმ მომენტში მის მიმართ რაიმე საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებას“.
პროკურორი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მათე დევიძის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახალგაზრდა მათ ჯერ თავს დაესხა, შემდეგ კი გაქცევა სცადა:
„საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, ნათლად ჩანს, რომ მყისიერად, როგორც კი ბრალდებულმა პირმა აღიქვა, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა სამართლებრივი რეაგირება, ის ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას და პოლიციის მხრიდან, სწორედ წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოხდა მისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე დაკავება“.
პროკურორმა სხდომათა დარბაზში თქვა, რომ მათე დევიძემ პროვოკაცია მოაწყო და იყო აგრესიული.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობას, ეს მან შემდეგნაირად ახსნა:
„ბრალდებულისთვის ცნობილია მოსალოდნელი სასჯელი და ასევე ბრალდების მხარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხეს აფასებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზით. როდესაც მან გააცნობიერა საფრთხე, ის ცდილობდა გაქცევას".
მისივე თქმით, არსებობს ასევე მტკიცებულებების განადგურების, განმეორებითი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის მომეტებული საფრთხე:
„საქმეში ინფორმაციის სახით წარმოდგენილია, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმყოფება საქართველოს საზღვრის გარეთ, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ არსებობს საფრთხე, რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ბრალდებული მიიმალოს“, - თქვა ანა ხუბეჯაშვილმა.
რა ჩანს ვიდეოკადრებში?
ვიდეოკადრები, რომლებსაც პროკურატურა ავრცელებს, სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ გადაღებული მასალიდანაა ამოღებული.
პირველი უწყვეტი კადრი 12 წამს გრძელდება. კადრი პროკურატურის ლოგოთი ვრცელდება.
კადრში ჩანს სამართალდამცავების წრეში მოქცეული, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც გარშემო სამართალდამცავებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც ახვევია.
სწორედ ამ დროს, გვერდითი რაკურსით, კადრში ჩნდება მათე დევიძე, ხელში, სავარაუდოდ, პლასტმასის წვრილი ჯოხით (თავად ამბობს, რომ ჯოხი იქვე ეგდო და იყო დროშის ტარი - წყარო ადვოკატი ბექა კვინიკაძე), რომელსაც უქნევს პოლიციელს.
ჯოხი პოლიციელს ხვდება ხელის მტევანზე. მათე დევიძე იხევს უკან და კიდევ ერთხელ იქნევს ჯოხს, რომელიც მეორე პოლიციელს ხვდება მხარში. ის ისევ იხევს უკან, ცდილობს გაქცევას და ამ დროს კიდევ ერთხელ იქნევს ჯოხს, რომელიც სამედიცინო ნიღბიან პოლიციელს ხვდება. კადრში რთულია გარკვევა, ჯოხი პოლიციელს ხვდება სახეში თუ „კეპის“ მსგავს ქუდზე, რომელიც მას ახურავს.
მეორე კადრში, რომელიც უკვე წინა რაკურსითაა გადაღებული და „რუსთავი-2“-ის მიერ გადაღებული მასალიდანაა ამოღებული, ჩანს, რომ მათე დევიძე ჯოხს იქნევს, შემდეგ უკან იხევს, კიდევ ერთხელ იქნევს ჯოხს, რომელიც ხელიდან უვარდება. ისმის ხმა „დააკავე“ და ის გაქცევას ცდილობს. კადრი აქ მთავრდება.
მესამე კადრი კვლავ წინა რაკურსითაა გადაღებული. კადრები ისევ საქართველოს პროკურატურის ლოგოთი ვრცელდება. ამ რამდენიმეწამიან უწყვეტ კადრში ჩანს, როგორ იხევს უკანა სვლით მათე დევიძე, ნახევრად უკან შეტრიალებული, უმისამართოდ იქნევს ჯოხს, რომელიც ხელიდან უვარდება, გაქცევას ცდილობს, მაგრამ მას სამართალდამცავები აკავებენ.
რას ამბობს მათე დევიძის დაცვა?
მათე დევიძეს სამი ადვოკატი იცავს. ისინი ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. ამბობენ, რომ „ოჯახს არ სურს ჟურნალისტებთან თანამშრომლობა“. უკომენტაროდ დატოვეს მათ დღეს როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორი, სადაც გამომძიებელმა მათე დევიძეს ბრალი ოფიციალურად გააცნო, ისე თბილისის საქალაქო სასამართლო.
ადვოკატების პოზიცია მხოლოდ სხდომათა დარბაზში მოვისმინეთ, როდესაც ერთ-ერთმა ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ პატიმრობა, რომელსაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს, არის „ძალიან მკაცრი“ 20 წლის ახალგაზრდისთვის, რომელმაც ჯოხი მხოლოდ ინსტინქტურად მოიქნია, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა:
„ადამიანი არის 20 წლის, მოხალისედ იქ მისული, არ აქვს რაიმე პოლიტიკური დატვირთვა მის იქ მისვლას. რა თქმა უნდა, რომ მას იქ შეეშინდებოდა და რა თქმა უნდა, მას ექნებოდა თავდაცვის რეფლექსი, რაც მან გააკეთა.
რაც შეეხება იმას, რომ ის იყო აგრესიული, გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას, ამაში არ დავეთანხმებით ბრალდების მხარეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირიქით, ადგილზეა ბრალდებული, ვხედავთ მის ფიზიკურ მონაცემებს, არ არის საჭირო ასეთი ადამიანის დასაკავებლად გამოეყენებინათ 8-9 პოლიციელი, არ იყო საჭირო ალყის შემორტყმა, დაჩოქება და ასეთ ვითარებაში დაკავება“, - ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.
ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს და აღკვეთის ღონისძიების სახედ 2000-ლარიანი გირაოს განსაზღვრა მოითხოვეს. მათი ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
რადიო თავისუფლება 21 ნოემბერს ელაპარაკა ადვოკატ ბექა კვინიკაძეს. პირველად სწორედ მან მოინახულა დაკავებული ახალგაზრდა დიღმის იზოლატორში, თუმცა, მოგვიანებით, ოჯახის გადაწყვეტილებით, ის მათე დევიძის დაცვის საქმეს ჩამოშორდა.
ბექა კვინიკაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათე დევიძის თქმით, მას შეეშინდა, რომ დააკავებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, როგორც სხვა აქციებზე მომხდარა და ამიტომ ჯოხს ინსტინქტურად, მხოლოდ თავდასაცავად იქნევდა.
ამ ვერსიის შესახებ პროკურორი ამბობს:
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, რაც სისხლის სამართლის საქმეში მოგვეპოვება, ის ადასტურებს იმას, რომ თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს. ის, რომ ის თავდაცვით მდგომარეობაში იყო, ასეთი რამ არ გაჟღერებულა“.
მათე დევიძის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც მათე დევიძის სასჯელს შეამსუბუქებს?
მათე დევიძე 20 წლისაა. ანუ მასზე ჯერ კიდევ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
უფრო კონკრეტულად კი, 38-ე მუხლი, რომელიც განრიდებას გულისხმობს და რომელიც, ამ კოდექსის თანახმად, სწორედ 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებს ეხება.
განრიდება არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, ანუ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია დაეხმაროს არასრულწლოვანს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და ააცილოს მას ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 38-ე მუხლში წერია, რომ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. ფასდება, შეიძლება თუ არა განრიდებამ არასრულწლოვანს რეაბილიტაციის საშუალება მისცეს და აარიდოს ახალ დანაშაულს.
პროკურორი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და განრიდების შესახებ.
წინასასამართლო სხდომამდე განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი.
განრიდება შეიძლება გამოიყენონ საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც.
სასამართლო უფლებამოსილია განრიდების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე ან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. ამ დროს საქმე უბრუნდება პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს განრიდებას შესთავაზებს.
თუკი პროკურორი არ დასთანხმდება განრიდებას, არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს ან ადვოკატს უფლება აქვს, განრიდების მოთხოვნით ზემდგომ პროკურორს მიმართოს.
პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი ამბობს, რომ დაცვას პროკურატურისთვის განრიდების მექანიზმის ამოქმედება არ უთხოვია.
რაც შეეხება თავად ბრალდების დამოკიდებულებას მათე დევიძის მიმართ განრიდების მექანიზმის გამოყენების შესახებ, ის ამბობს:
„ვინაიდან მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება, არსებობდა იმდენად მომეტებული რისკები, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად.
მომავალში რა იქნება, ამ პროცესებს ვნახავთ. თუმცა, ამ ეტაპზე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი არ არის განხილული და ალტერნატიულ მექანიზმზე არ არის საუბარი, ვინაიდან ჩვენ ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება მოვითხოვეთ“.
განრიდების მექანიზმის ამუშავებისას ფორმდება ხელშეკრულება 12 თვემდე ვადით. ხელშეკრულების პირობად შესაძლოა განისაზღვროს საგანმანათლებლო, ან ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების გავლა.
„ამასთან ერთად, განრიდებული საჭიროებისამებრ ერთვება მოხალისეობრივ აქტივობებში, რომლებიც მას მოქალაქეობრივი როლისა და ვალდებულებების გააზრებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში ეხმარება“, - წერია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #29 ბრძანებაში.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს დარბაზს გარეთ ელოდნენ მისი მეგობრები. თემურ შათირიშვილი ამბობს, რომ თავდაცვის გამო მოქნეული ჯოხისთვის მისი მეგობარი პატიმრობას არ იმსახურებს:
„მათეს დიდი ხანია ვიცნობ, არის ძალიან გაწონასწორებული. სულ იმას გვიმეორებს ხოლმე, თუკი რაიმე მოხდება, არ ავყვეთ პროვოკაციას, ერთხელაც არ მახსოვს მისგან ხმამაღალი ტონი. პირიქით, ყველას მოუწოდებს ხოლმე სიმშვიდისკენ. მათე განზრახ არავის დაესხმებოდა თავს.
ახლა ხელისუფლებას სურს, რომ მათეს დაკავებით შეგვაშინოს. არადა, პირიქით, ჩვენში ეს უფრო მეტ მოტივაციას იწვევს".
მათე დევიძე ერთ-ერთია იმ 16 ადამიანს შორის, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას.
ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ.
თუმცა 21 ნოემბერს, მაშინ, როდესაც 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მათე დევიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორი უნდა დაეტოვებინა და მას შესაბამისი უწყებაც გადაეცა, ის გამომძიებლებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს, შეატყობინეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდა ბრალად და იზოლატორში დატოვეს.
წინასასამართლო სხდომა მათე დევიძის საქმეზე 16 იანვარს გაიმართება.