მეუფე იაკობი სიღნაღის მერიისგან ტერიტორიების გადაცემას ითხოვს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი და ერთ-ერთი სკვერი სიღნაღში, რომლის გადაცემასაც იაკობი ითხოვს.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სიღნაღში ეკლესიისთვის იმ ტერიტორიების გადაცემას ითხოვს, სადაც ახლა დასასვენებელი სკვერებია. იაკობი ამბობს, რომ უნდა აღადგინოს ეკლესიები, რომლებიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს. მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართაც იაკობს ინტერესი გაუჩნდა, სიღნაღის მერიის ბალანსზეა. როგორ შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სამოქალაქო სექტორი და ქალაქის მერია ეპისკოპოსის ამ მოთხოვნას?

„სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია, მას საზღვარგარეთაც იცნობენ და, როდესაც ტურისტები ჩამოვლენ, ღირსშესანიშნაობები გვინდა. გალავანი გვაქვს და ის ლამაზი ტაძრები ისევ უნდა აღვადგინოთ, რაც გვქონდა“.

Your browser doesn’t support HTML5

მეუფე იაკობი სიღნაღის მერიისგან ტერიტორიების გადაცემას ითხოვს

ეს განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ქადაგების დროს გააკეთა. მან თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, ეკლესიას გადაეცეს ის ტერიტორიები, სადაც საბჭოთა კავშირის მმართველობამდე ქართული ეკლესიები იყო და შემდეგ ბოლშევიკებმა დაანგრიეს. ლაპარაკია მიწის ორ ნაკვეთზე. ორივე ადგილზე ახლა სკვერია მოწყობილი. მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ კონსტიტუციით სახელმწიფო ვალდებულია, ეკლესიას ყველა ის ტერიტორია დაუბრუნოს, რომლებიც ისედაც მას ეკუთვნოდა. ამიტომ მერიას ეუბნება, რომ მათგან უარს არ მიიღებენ.

„იცით, რომ სიღნაღში ორი ტარაძი იყო, ერთი ცენტრში და მეორე მუზეუმის მხარეს, რომელიც კომუნისტების დროს დაანგრიეს. ალბათ, უნდა დააჩქარონ ტერიტორიის გადმოცემა და გაზაფხულიდან მშენებლობას დავიწყებთ. სახელმწიფოს არ შევაწუხებთ. კონსტიტუციითაც და შეთანხმებითაც ასეა, რომ რაც იყო, ის უნდა დააბრუნონ. მათ არ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, შეიძლება-არ შეიძლება, რადგან გვეკუთვნის. კეთილი ინებონ და დააბრუნონ!“ - თქვა ქადაგებისას იაკობმა.

ერთ-ერთი სკვერი სიღნაღში, რომლის გადაცემასაც იაკობი ითხოვს

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, უკვე მიმართა თუ არა ეპისკოპოსმა იაკობმა მერიას სკვერების გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

თავის დროზე აქ მართლა იყო დიდი, უზარმაზარი ეკლესია და ის უნდა აღდგეს...

საბჭოთა კავშირის დროს ბოლშევიკებმა სიღნაღში ორი ეკლესია რომ დაანგირეს, ეს ადგილზე მცხოვრებმა ასაკოვანმა ადამიანებმა გადმოცემით იციან. ამბობენ, რომ ერთი ეკლესია გრიგორიანული იყო, მეორე კი ქართული. რადიო თავისუფლება რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა. ის ადამიანები, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს წარმოადგენენ, ამბობენ, რადგან იაკობი ითხოვს, მერიამ მას ეკლესიების ასაშენებლად ტერიტორიები უპირობოდ უნდა გადასცესო, თუმცა გამოკითხულთა მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ სიღნაღელებისთვის სკვერები ერთადერთი ადგილია დასვენებისა და გართობისთვის და ამიტომ იაკობის მოთხოვნას აკრიტიკებენ და არ იზიარებენ.

„საბჭოეთის დროს ნამდვილად დაინგრა ეკლესიები. ერთი იყო გრიგორიანული, მეორე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია“;

„ გადმოცემით ვიცით, აქ რომ ზარებს რეკდნენ, ხმა თურმე ალავერდში ისმოდა. იყოს პარკი და ეკლესიაც აშენდეს“;

„ეს სკვერი ხალხს ეკუთვნის და არა მეუფე იაკობს. ჩვენ აქ მოვდივართ და ვისვენებთ, ვლაპარაკობთ, ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე“, - ამბობენ ადგილობრივები.

ეს არ არის მოსახლეობისგან ნაკარნახევი სურვილი და მე, საერთოდ, მგონია, რომ მეუფე იაკობმა გაუცნობიერებლად, დაუფიქრებლად წამოაყენა ეს მოთხოვნა.
ნანა ბაგალიშვილი

მეუფე იაკობის მოთხოვნას არალოგიკურად მიიჩნევს ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“ ხელმძღვანელი. ნანას აზრით, სიღნაღში, სადაც, დაახლოებით, 1500 ადამიანი ცხოვრობს და სამი ეკლესიაა, მათ შორის ერთი მოქმედი, დამატებითი ეკლესიის აშენების საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, ნანა ბაგალიშვილი ამბობს, რომ საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის ერთადერთი სივრცეა საჯარო აქტივობებისა და დასვენებისთვის. ნანა ფიქრობს, რომ თუკი დღის წესრიგში დადგება ეკლესიისთვის ტერიტორიების გადაცემა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ აქტიური საზოგადოების აზრი.

„ეს არ არის მოსახლეობისგან ნაკარნახევი სურვილი და მე, საერთოდ, მგონია, რომ მეუფე იაკობმა გაუცნობიერებლად, დაუფიქრებლად წამოაყენა ეს მოთხოვნა. სადაც სიღნაღის მოსახლეობას ალტერნატიული შეკრებისა და გართობის ადგილს ვერ სთავაზობენ და ეს სკვერი ერთადერთი სივრცეა, მისი წართმევა და საპატრიარქოსთვის მიცემა, რომელსაც უკვე აქვს სიღნაღში სამი ტაძარი, ყოვლად გაუმართლებელია. არც ერთი ტაძარი რომ არ იყოს სიღნაღში, მაშინ კიდევ შეიძლებოდა დაფიქრება“.

სიღნაღი

რადიო თავისუფლება სიღნაღის მერიასაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რას აპირებენ იაკობის მოთხოვნაზე. მერმა გიორგი გოგილაშვილმა გვითხრა, რომ მეუფეს ბოლოს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ესაუბრა, თუმცა მათ ამ საკითხზე ლაპარაკი არც ახლა და არც ადრე არ ჰქონიათ. გოგილაშვილის თქმით, მერიას მეუფისგან არც ოფიციალური მიმართვა მიუღია ტერიტორიების გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საზოგადოების იმ ნაწილის აზრს იცნობს, რომელიც ეკლესიის აღდგენის მომხრეა. მიმართვის შემთხვევაში საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მერი არ ამბობს, თუმცა თავად ფიქრობს, რომ თუკი ეკლესია აღდგება, ამაში ცუდი არაფერია.

„მეუფე იაკობს გუშინწინაც ვესაუბრე ტელეფონით და მსგავსი რამ ჩემთვის არ უთქვამს და არ ვიცი, თქვენ რა პასუხი გაგცეთ. ჩემთვის არც მოუმართავს და არც არაფერი უთქვამს. თუკი მომმართავს, ალბათ, მთავრობისა და საპატრიარქოს ჩარევა იქნება საჭირო. მინდა გითხრათ, რომ ადრე თავად სიღნაღის მოსახლეობის სურვილი იყო და მეუბნებოდნენ, რომ თუკი აქ ეკლესია აშენდება, კარგი იქნებაო და რაც საჭიროა, იმასაც გავიღებთო... თუკი გაკეთდება და აღდგება ეკლესია, ამაში ცუდი რა არის? ის იყო ერთ-ერთი უძირფასესი ეკლესია და თუკი კარგი საქმეა, მას უნდა ხელის შეწყობა ყველა მხრიდან“.

სიღნაღის მერიაში ამბობენ, რომ მეუფე იაკობს ეკლესიების ასაშენებლად სკვერების გადაცემის თხოვნით ჯერ არ მიუმართავს, თუმცა თავად იაკობი ქადაგებაში ამბობს, რომ გაზაფხულიდან ეკლესიის მშენებლობა დაიწყება.