„დარღვევები დაიხვეწა… ახლაც დგას ხოლმე პოლიცია საარჩევნო უბანზე, მაგრამ ისინი აღარ აშინებენ ხალხს… პოლიცია ჩაანაცვლა პარტიულმა ხალხმა, აგიტატორებმა, ე.წ. ძველმა ბიჭებმა“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, გიორგი ალავერდაშვილი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან თავი მოუყარა ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის ყველა დასკვნას, რომელიც 30 წლის მანძილზე 19-ჯერ ჩატარებული არჩევნების შესახებ დაიწერა. აღმოჩნდა, რომ უკლებლივ ყველა ანგარიშში საუბარია არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ნების კონტროლსა და „დამაშინებელი გარემოს შექმნაზე”. სულ გამოვლენილია ამომრჩევლის ნების გაკონტროლების 11 გზა. ყველაზე ხშირად გვხვდება: „ამომრჩევლის აღწერა” (5 არჩევნებზე), „უკანონო ზეგავლენა” (6 არჩევნებზე) და „ამომრჩევლის დაშინება” (7 არჩევნებზე).
როგორ განსაზღვრავს ეუთო/ოდირი, რომ გარემო დამაშინებელი იყო? გიორგი ალავერდაშვილის თქმით, „დამაშინებელი გარემო” პირველ რიგში ხალხის განცდაა. ეუთო/ოდირის დასკვნების „ფორმულა” კი ასეთია: წინასაარჩევნო პერიოდს დამატებული არჩევნების დღე და პოსტსაარჩევნო პერიოდი. 30 წელია, დამკვირვებლები ხედავენ ერთსა და იმავეს - ფორმიანი თუ უფორმო დამშინებლების გამო, ადამიანებს არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობა არ შეუძლიათ.
“გაშვებული შესაძლებლობა”
„არაფერ უკანონოს არ აკეთებენ… ყველას, ვისაც სია უჭირავს, აქვს ამის უფლება”, - არჩევნების დღეს მმართველი პარტიის ორი ლიდერი მიესალმა ამომრჩეველთა აღრიცხვას.
ცესკოს თანახმად, თბილისში აწ უკვე გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ, მოუწოდა „პარტიის აგიტატორებსა და წარმომადგენლებს”, განაგრძონ ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნიდან 100 მეტრის დაშორებით.
კალამმომარჯვებული ადამიანები საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაიცვა პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც. მან მედია და ოპოზიცია მმართველი პარტაქტივის ბულინგში დაადანაშაულა.
„მართლაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა იმისა, როდესაც სიებს არ აჩვენებენ ჩვენი წარმომადგენლები, ეს მათი დაბნეულობით აიხსნება, თუმცა ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ, მათ აქვთ ამ სიების ფლობის და ამით სარგებლობის უფლება”, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ბევრ სხვა დარღვევასთან ერთად, 30 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ „საეჭვო პირების შეკრების” ათეულობით შემთხვევა აღწერეს. როგორც ასი მეტრის რადიუსში, ისე მის გარეთაც. უმრავლესობა არ ამხელდა უბნის სიახლოვეს ყოფნის მიზეზს. ზოგი მათგანი აგრესიული იყო.
„გარე დაკვირვების 100 უბნიდან 34 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. აქედან, 15 უბანზე შეინიშნებოდა შეკრება მხოლოდ 100 მეტრამდე პერიმეტრში, 11 უბანზე შეკრება მხოლოდ 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო 8 უბანზე შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა.
გარე დაკვირვების 100 უბნიდან 11 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” შემაჯამებელ განცხადებაში.
„გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”, - ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნები” მეორე ტურს.
100 მეტრში და იმის იქით
100-მეტრიანი რადიუსის ცნება საარჩევნო კანონმდებლობაში ახლახან გაჩნდა. უკანასკნელ 2 წელიწადში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ორჯერ შევიდა. პირველად - ეუთოს სადამკვირვებლო მისიის (ოდირის) რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიცა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალა შეკრება, ამომრჩეველთა შეფერხება და მათი აღრიცხვა. „სტერილურ” სივრცედ შენობის ირგვლივ 25 მეტრის რადიუსი განისაზღვრა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მაშინ უკმაყოფილო იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მანძილი მეტისმეტად მცირეა და, ამასთან, არ არსებობს აკრძალვის აღსრულების მექანიზმი.
ცვლილებების მეორე ტალღა თვითმმართველობის არჩევნების წინ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე დაიწყო. 25-მეტრიანი რადიუსი ასამდე გაიზარდა, პოლიცია კი ვალდებული გახდა, ამომრჩევლის ნება დაიცვას.
პოლიტიკური პარტიებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ორივე საარჩევნო რეფორმაზე მუშაობდა „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი თათია ქინქლაძე. იგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი არა კონკრეტული მანძილების განსაზღვრა, არამედ გარე ზეგავლენებისგან ამომრჩევლების ნების დაცვა იყო.
რეფორმით ნაწილობრივ კმაყოფილია, მაგრამ თან ამბობს, რომ ეს „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთგვარი გზა” იყო, რომელიც „განგრძობად რეჟიმში ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების მმართველი პარტიის გავლენებისგან განთავისუფლებას”.
კანონის თანახმად, საარჩევნო უბნიდან ასი მეტრის იქით, ნებისმიერ პარტიას შეუძლია, გინდ აღრიცხოს მოქალაქეები და გინდ დაარწმუნოს, რომ მათ დაუჭირონ მხარი.
თათია ქინქლაძისთვის აგიტაცია გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. მაგრამ, მისი თქმით, გადამწყვეტი ისაა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ისარგებლებენ პოლიტიკური პარტიები ამ თავისუფლებით.
„ნუ ვიფიქრებთ, რომ ასი მეტრის იქით ყველაფერია დასაშვები. ცხადია, არ არის. და თუ იწყებს მმართველი პარტია სხვადასხვა მეთოდებით მოქალაქეებზე ზეწოლას, მათი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და აღრიცხვას, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხი შეიძლება გავცეთ... ამისთვის მექანიზმები არის კანონმდებლობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფაქტებზე სათანადო რეაგირება არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან“.
იგი ამბობს, რომ რეფორმების მიუხედავად, საქართველოში ამომრჩევლის ნება არ არის დაცული და ეფექტიანი მექანიზმი მის დასაცავად ჯერაც ვერ შემუშავდა. მეტიც, „ზეწოლის, მუქარის... ამომრჩეველთა აღრიცხვის და მათი შეფერხების ფაქტებზე როცა ვსაუბრობთ, გვიჭირს გავზომოთ, ამას რა ზეგავლენა აქვს კონკრეტული არჩევნების შედეგებზე”.
რა იქნება შემდეგ? თათია ქინქლაძე ამბობს, რომ არჩევნების მსვლელობა კიდევ უფრო დასახვეწია. ახლა სამოქალაქო ორგანიზაციებმა უნდა შეაფასონ შემთხვევების მასშტაბურობა და გაარკვიონ, კიდევ რა ცვლილებებია საჭირო ამომრჩეველზე პოლიტიკური ზეგავლენების შესასუსტებლად.
***
„ზეწოლასა და დაშინებაზე” საუბარია ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნაშიც.
ასევე ნახეთ „ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა“ და ბევრი “მაგრამ” - ODIHR-ისა და ევროპარლამენტის მისიის წინასწარი დასკვნებიდანკომისიის თანახმად, დამკვირვებლების მიერ „მონახულებული საარჩევნო უბნების 29 პროცენტში, დროდადრო შეიმჩნეოდა ცალკეულ პირთა ჯგუფების დამაშინებელი ყოფნა უშუალოდ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე“.
ასევე ნახეთ როგორ იპარავენ არჩევნებს არჩევნებამდე? ეფექტურად და დაუსჯელად