მეტროს პარალიზების საფრთხე არ გამქრალა

თბილისის მეტროპოლიტენი კვლავ პარალიზების საფრთხის წინაშეა. მემანქანეების პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ გაფიცვის დასაწყებად სასამართლოს მიერ დათქმული ვადის, 3 ივნისის, გასვლას ელოდება, მანამდე კი, 22 მაისს, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ მეტროს თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

თბილისის მეტროპოლიტენი

  • თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობს დილის ექვსი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე.
  • დღეში საშუალოდ 290 ათასი მგზავრი გადაჰყავს.
  • მემანქანეების შრომის ანაზღაურება დღეისათვის 1100-1300 ლარია.
  • მეტროპოლიტენის მემანქანეები მიუთითებენ მძიმე სამუშაო პირობებზე, რის გამოც ანაზღაურება უნდა გაიზარდოს.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ჯერ კიდევ 3 მაისს უნდა გაფიცულიყვნენ, მაგრამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1 მაისს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის ერთი თვით გადადება მოითხოვა შრომის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოსამართლემ იმავე დღეს დააკმაყოფილა, თუმცა, როგორც „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ ვარსიმაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 1 მაისის შემდეგ არაფერი შეცვლილა:

„სატრანსპორტო კომპანიამ ერთი შეხვედრა დაგვინიშნა და იმაზეც მხოლოდ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გველაპარაკნენ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს, რადგანაც ამ ჯგუფის შექმნაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავთ. ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს საუბარი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც იმსჯელებს ხელფასების გაზრდის შესაძლებლობაზეო, ახლაც იგივეს იმეორებენ. გვეუბნებიან, მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი შევქმნათო, მაგრამ, როცა სიტყვა ხელფასების გაზრდაზე ჩამოვარდება, კონკრეტულს არაფერს ამბობენ. მერი წინააღმდეგია გაზრდის, კომპანიის დირექტორი წინააღმდეგია. სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ გამოყოფილ დროს იყენებენ ე. წ. შტრაიკბრეხერების ჯგუფის შესაგროვებლად. უკავშირდებიან 15, 20 და მეტი წლის წინ წასულ მემანქანეებს და აძალებენ სამსახურში დაბრუნებას. მათგან ზოგი საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოა წასული... ურეკავენ ასეთ ხალხს. ეს დრო გამოიყენეს მხოლოდ ამისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაციების („სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, „აუდიტორია 115“) მიერ გავრცელებული განცხადებით, მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სრულიად კანონიერია.

„ისინი წლების მანძილზე მოლაპარაკებების გზით უშედეგოდ ცდილობდნენ მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. დღეს მათ სრული უფლება აქვთ გაფიცვის გზით იბრძოლონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. გაფიცვის გადავადების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელებას მეტროს თანამშრომლებთან, რაც 3 ივნისს გაფიცვას გარდაუვალს ხდის და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა კომპანიას და მერიას ეკისრება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობები არ შეცვლილა: "სამხედრო" გრაფიკი, მტვერში რკინის მაღალი შემცველობა, უჟანგბადობა, მომატებული ხმაური, ვიბრაცია, ელექტრული ველი და ა.შ.

მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მერია. კახა კალაძე ამბობს, რომ მემანქანეების ხელფასი (1300-1400 ლარი) შეიძლება მაღალი ხელფასი არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო უბნებზე დასაქმებულთა ხელფასი არ აღემატება 700 ლარს.

კახა კალაძე

„ყველას მოვუწოდებთ, რომ, ზოგადად, ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ქალაქს, დავძლიოთ ერთიანი ძალისხმევით, მაგრამ უეცრად ადამიანების რამდენიმეკაციანი ჯგუფი გამოდის და ითხოვს ხელფასების მატებას. დღეს შეუძლებელია ლაპარაკი რაიმე თანხების მატებაზე, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. უნდა გითხრათ, რომ არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს“, განაცხადა თბილისის მერმა მემანქანეების მოთხოვნების კომენტირებისას ჯერ კიდევ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

მემანქანეები კი ამბობენ, რომ ვერ დაელოდებიან ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას, რომ ისინი ისედაც შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ.

„გაფიცული მემანქანეების ნაცვლად გამოუცდელი ან გადაუმზადებელი მემანქანეების მოყვანა - თუ მართლა ამას აპირებენ - იქნება ხალხის გაწირვა“, უთხრა ვასილ ვარსიმაშვილმა რადიო თავისუფლებას.