„მეტი რაღა თქვას რიონმა?!“

სოფელი ნამახვანი, დროებითი ხიდის მშენებლობის ადგილი. ავტორი: ვარლამ გოლეთიანი

29 ივლისის გამთენიისას რიონის ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია, რომლის ვიდეოკადრებსა და ფოტოებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში დილიდან ავრცელებენ.

უხვმა ნალექმა ღვარცოფული გახადა მდინარე რიონის შენაკადი მცირე მდინარეებიც. როგორც სოფელ ტვიშში მცხოვრები ვარლამ გოლეთიანი ამბობს, წარმომადგენელი სამოქალაქო მოძრაობისა „ბუნება ჰესების გარეშე“, სტიქიამ დააზარალა მოსახლეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მდინარის წყალმა დატბორა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სამეურნეო ნათესები. გარდა ამისა, მდინარის მოვარდნილმა წყალმა წაიღო სოფელ ნამახვანში მშენებარე დროებითი ხიდის სამშენებლო მასალა (ხიდის შენება, ერთი თვეა, დაიწყო ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტის ფარგლებში).

სოფელი ნამახვანი, დროებითi ხიდის მშენებლობის ადგილი. ავტორი: ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, რიონმა დატბორა სოფელ ჟონეთსა და ოფურჩხეთში ის ტერიტორიებიც, სადაც კომპანია „ენკა რინიუებლზის“ სპეციალური ტექნიკა ჰყავდა განთავსებული და ჰესების მშენებლობაზე დასაქმებულთათვის საცხოვრებელ ბანაკს აწყობდა, წყალმა წაიღო ტერიტორიაზე განთავსებული ვაგონი.

სტიქია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: რიონმა სახლები, შენობები და გზები დატბორა. ავტორი: ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი ნამახვანის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბოლო დროს გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი განცხადებით, მდინარე რიონზე, რომელიც წყალუხვია და სტიქიური მოვარდნები ახასიათებს, 110-მეტრიანი კაშხლის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან იგი საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და არამარტო მათ.

სტიქია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: რიონმა სახლები, შენობები და გზები დატბორა. ავტორი: ვარლამ გოლეთიანი

„ვხედავთ, რამდენიმესაათიანმა წვიმამ რა ზიანი მიაყენა რიონის ხეობის სოფლების მოსახლეობას და ქუთაისსაც კი. მოსახლეობა სტიქიამ დააზარალა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ სიმაღლის კაშხალი საფრთხისშემცველია მეწყერსაშიში სოფლების ტერიტორიაზე, სადაც გარემო შეუსწავლელია და ამას არაერთი სპეციალისტი ადასტურებს. არ არსებობს შესაბამისი დასკვნები და გარანტია იმისა, რომ კაშხალმა მსგავსი ან უფრო ძლიერი წვიმების შედეგად ღვარცოფულად ადიდებულ მდინარის წყალს გაუძლოს“, აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

კომპანია „ენკა რინიუებლზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ირინა პეტრიაშვილმა, საკუთარ ფეისბუკგვერდზე „ბუნება ჰესების გარეშეს“ აქტივისტებისა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ გამოაქვეყნა ფოტომასალა და სტატუსი, სადაც ნათქვამია: „ვისაც ნამახვანის აშენება არ უნდა, იქნებ ისიც აგვიხსნას, აი, ეს რამ უნდა გააჩეროს, თუ არა კაშხალმა? ფოტოებზე - ჩვენი ტექნიკა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის დროს დილით რიონის ხეობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში“.

სტიქია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში. ავტორი: Enka Renewables

სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი კაშხალს არ მიიჩნევს სტიქიის შემაკავებლად, რადგან წყალმოვარდნის დროს კაშხლის ფარებს აღებენ და მდინარის დაგუბებულ წყალს უშვებენ, რომ ძლიერმა ნაკადმა კაშხალი არ გაარღვიოს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე, ერთ-ერთია, ვინც ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ კომპანია, რომელიც კაშხალს სტიქიისგან დაცვის საშუალებად მიიჩნევს, არაკომპეტენტურია, წარმოდგენა არ აქვს, როგორ მდინარესთან აქვს საქმე და რა ტიპის საფრთხეა მოსალოდნელი, რაც საშიში, საზიანო და საგანგაშოა.

სტიქია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში. ავტორი: Enka Renewables

„კომპანიის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ ჰიდროლოგია სამეცნიერო მიმართულებაა და ჰესების მშენებლობის დაგეგმარებას და წარმართვას დეტალური, სკრუპულოზური კვლევები სჭირდება. სამეცნიერო კვლევები და მათი ანალიზი კი წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს და მინიმალური შეკითხვები უნდა რჩებოდეს, რაც ავიწყდებათ და, რეალურად, ჯერ იწყებენ მშენებლობას და შემდეგ აკეთებენ დასკვნებს. რიონი არის აბსოლუტურად განსხვავებული მდინარე, თავისი თავისებურებებით, წყალმოვარდნებით, ღვარცოფულობით და ა.შ. ეს ყველაფერი გადადო გვერდზე კომპანიამ და სახელმწიფომაც და ერევა გარემოში, რომლის ქცევაზე და ხასიათზე წარმოდგენა არა აქვს“, - აცხადებს თეა გოდოლაძე და მაგალითად მოჰყავს 2018 წელს ლაოსის სამხრეთ - აღმოსავლეთ პროვინციაში მშენებარე კაშხლის ჩამონგრევა, რის შედეგადაც წყალმა დასახლებულ პუნქტებს გადაუარა, დატბორა და დაანგრია ათასობით სახლი და ასობით ადამიანი იმსხვერპლა. თეა გოდალაძე აცხადებს, რომ თუნდაც ლაოსის მაგალითი ცხადყოფს, რომ კაშხალი ღვარცოფს ვერ აკავებს, არამედ ღვარცოფი კაშხლისთვის პრობლემაა: „ პირიქით არის, ღვარცოფი პრობლემაა ჰესებისთვის, უხვ ნალექს ყოველწლიურად ეწირება ჰესების კაშხლები და, რაც მთავარია, ადამიანები“.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ადიდებული რიონის ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც მოჩანს დროებითი ხიდის მშენებლობის დატბორილი ტერიტორია და სტიქიისგან დაზარალებული სხვა ადგილები, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ასე ეხმაურებიან:

„მეტი რაღა თქვას რიონმა?!“

„ჰესი დაარეგულირებს“ შეიცვალა გამოთქმით „რიონმა დაარეგულირა“.

სოფელი ნამახვანი, დროებითი ხიდის მშენებლობის ადგილი. ავტორი: ვარლამ გოლეთიანი

პროექტის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს: „ტვიში ჰესი“, 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით, და „ქვედა ნამახვანის ჰესი“, 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. „ტვიში ჰესისთვის“ 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება და მდინარე რიონზე 56 მეტრი სიმაღლის კაშხალი აშენდება; „ქვედა ნამახვანის ჰესისთვის“ 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი მდინარე რიონის ხეობაში. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი სეისმურად აქტიური რეგიონია.

რა ზიანი მიაყენა ჰესების კასკადის მშენებელ კომპანიას 29 ივლისის სტიქიამ? რიონის მოვარდნის შედეგად წაიღო თუ არა წყალმა სამშენებლო მასალა ან ტექნიკა? რატომ სახელდება კაშხალი წყალდიდობისა და სტიქიის შემაკავებლად, როცა მდინარე არაპროგნოზირებადია და ჰესების მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ რიონზე ჰესების მშენებლობა დაუშვებელია? - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას რადიო თავისუფლება ამ დრომდე ცდილობს კომპანია „ენკა რინიუებლზისგან“ და მიღებისთანავე ავსახავთ პუბლკაციაში.