მეტეხის ხიდიდან გადავარდნილი ორი მანქანა ერთ კვირაში - უიშვიათესი დამთხვევა თუ სხვა მიზეზი

4 და 11 მარტს მეტეხის ხიდიდან ორი მანქანა გადავარდა, ფოტო გადაღებულია 2025 წლის 12 მარტს

4 და 11 მარტს მეტეხის ხიდიდან ორი მანქანა გადავარდა, ფოტო გადაღებულია 2025 წლის 12 მარტს

ბოლო ერთ კვირაში მეტეხის ხიდიდან ორი მანქანა გადავარდა. ერთის მძღოლი დაიღუპა. მეორეს გადარჩენა მოქალაქეებმა მოახერხეს. ორივე შემთხვევის შემდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მეტეხის ხიდი, ადგილი, საიდანაც ბოლო ერთ კვირაში ორი ავტომობილი გადავარდა, 12 მარტი, 2025 წელი

მეტეხის ხიდი, ადგილი, საიდანაც ბოლო ერთ კვირაში ორი ავტომობილი გადავარდა, 12 მარტი, 2025 წელი

დათო, რომელმაც 11 მარტის საღამოს, მეტეხის ხიდიდან გადავარდნილი მანქანიდან მძღოლის ამოყვანის კადრები გადაიღო, ჰყვება, რომ ჯერ გაბმული სიგნალი და ხალხის ყვირილი, შემდეგ კი უკვე წყალში მძიმე ნივთის ჩავარდნის ხმა გაიგო.

რა ხდებოდა მანამდე, არ დაუნახავს, რადგან მეტეხის ხიდთან ზურგით იდგა:

„გავიგე, როგორ ჩავარდა წყალში რაღაც მძიმე, შემოვტრიალდი, დავინახე, რომ ავტომობილი ტივტივებდა და ნელ-ნელა იძირებოდა, მძღოლს კი ხალხი უყვიროდა, ფანჯრიდან გამომძვრალიყო. გადაღება დავიწყე. ჩემგან მარჯვნივ დავინახე ე.წ. ტივი. ტივზე მყოფი ადამიანები მიიწევდნენ მანქანისკენ, რომ მძღოლს გადმოსვლაში დახმარებოდნენ. სამაშველო სამსახურიც მალევე გამოჩნდა.

მძღოლი თავიდან თითქოს დაბნეული იყო, შესაძლოა შოკურ მდგომარეობაშიც იყო, ვერ გადაეწყვიტა გადმოსვლა, ნახევარი ტანით იყო გადმოსული ფანჯრიდან, ეშინოდა. თუმცა, ბოლოს გადმოძვრა და მოქალაქეებმა მისი ტივზე აყვანა მოახერხეს“, - იხსენებს დათო, რომელიც კამერის გათიშვის შემდეგ მეტეხის ხიდზე ავიდა და იმ ხალხს დაელაპარაკა, რომლებმაც მისი თქმით, მანქანის მტკვარში გადავარდნის მომენტი დაინახეს:

„იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაინახეს, როგორ გადავარდა მანქანა. ჰყვებოდნენ, რომ ავტომობილი ხიდამდე ევროპის მოედნის მხრიდან მივიდა, შემდეგ საპირისპირო ზოლში გადავიდა და სწორედ იქიდან გადავარდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი ავტომობილი ჩავარდა მტკვარში“, - ამბობს დათო.

"99%-ით ვართ დარწმუნებულები, რომ გიგი შეუძლოდ გახდა"

ზუსტად ერთი კვირით ადრე, 4 მარტს, მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი ავტომობილი გადავარდა. ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა წყლიდან 24 წლის გიგი ზარანდიას ცხედარი ამოასვენეს.

მაშველებმა გიგი ზარანდიას ცხედარი ამოასვენეს, მეტეხის ხიდი, 4 მარტი, 2025 წელი

მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს ევროპის მოედნიდან, მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა, რომელიც გადადის საპირისპირო ზოლში, არღვევს მეტეხის ხიდის ჯებირს და წყალში ვარდება. კადრებში ჩანს, რომ მანქანა ძალიან მცირე მანძილით სცდება ფეხით მოსიარულეს.

24 წლის გიგი ზარანდია 11 მარტს, ხობში დაკრძალეს. მისი ოჯახის ახლობელი, ჯაბა თოლორდავა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია, რომ გიგიმ თვითმკვლელობა ჩაიდინა, მცდარია.

ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი, სამი წლის წინ გადატანილი მძიმე ავარიის შემდეგ, ხანმოკლედ გონებას კარგავდა ხოლმე და ამიტომ ოჯახის ვარაუდით, ავარიის მომენტში, ის შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა:

„გიგი მოყვარული ბაიკერი იყო. სამი წლის წინ ურთულეს ავარიაში მოჰყვა. დიდხანს მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, იყო კომაში. არც კი ვფიქრობდით, რომ გადარჩებოდა. საბედნიეროდ, მაშინ გამოძვრა ამ სიტუაციიდან. დაიწყო მუშაობა, დაქორწინდა. თუმცა პერიოდულად, ძველი ტრავმა ახსენებდა თავს, თითქოს ჰქონდა, წამიერი გათიშვის ეპიზოდები.

99%-ით ვართ დარწმუნებული, რომ გიგა, სავარაუდოდ, გაითიშა, გაექცა საჭე და ასე გადავარდა. გიგა ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. სამი თვის ფეხმძიმე ცოლი დარჩა. მუშაობდა, იყო ძალიან გახსნილი ადამიანი. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ის ტოტალიზატორში თამაშობდა და ჰქონდა ვალები, არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ოჯახისთვის ძალიან მძიმეა მსგავსი ინფორმაციის წაკითხვა“.

მაშველებს მტკვრიდან გიგი ზარანდიას ავტომობილი ამოჰყავთ, 4 მარტი, 2025 წელი

ასევე ნახეთ მეტეხის ხიდი - თბილისის ბედისწერა

"ხიდის ჯებირი არ უნდა იყოს დეკორატიული"

ერთი კვირის შუალედში, ერთსა და იმავე ადგილას, ფაქტობრივად, იდენტური ავტოავარია, უიშვიათესი დამთხვევაა თუ სხვა რა მიზეზები შეიძლება იდგეს ამ შემთხვევების უკან, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხების გაცემა საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს, ამ ეტაპზე, უჭირთ, რადგან გამოძიების მიმდინარეობის, ექსპერტიზის პასუხებისა თუ სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მათთვის უცნობია.

თუმცა, ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბრობენ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხების პრობლემებზე, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული და მიზეზია იმისა, რომ იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ავტოავარიებისას დაშავებულთა თუ დაღუპულთა რიცხვი.

მეტეხის ხიდი, ადგილი, საიდანაც ორი ავტომობილი გადავარდა, 12 მარტი, 2025 წელი

„აუცილებელია, რომ ნებისმიერი სახიდე გადასასვლელი გამაგრებული იყოს ისეთი ჯებირით, რომელიც ავტომობილს არ მისცემს ხიდიდან გადავარდნის შესაძლებლობას.

ვასილ ურუშაძე, ექსპერტი ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებში

ეს არ უნდა იყოს დეკორატიული ჯებირი. მეტეხის ხიდზე კი ჩვენ სწორედ დეკორატიული ჯებირი გვაქვს. მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობის გაწევის რესურსი, რომ ავტომობილის შეჯახების შემთხვევაში მანქანამ ან ტრაექტორია შეიცვალოს, ან მოხდეს მისი შეკავება.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს არის ძველი თბილისი, რომელსაც სჭირდება ისტორიული იერსახის შენარჩუნება, თუმცა, დღეს, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, შესაძლებელია როგორც იერსახის შენარჩუნება, ისე უსაფრთხოების დაცვა“, - ამბობს ვასილ ურუშაძე, ექსპერტი ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებში.

მეტეხის ხიდის დაზიანებული მოაჯირი, 12 მარტი, 2025 წელი

ამასთანავე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხიდის ჯებირსა და გზის სავალ ნაწილს ერთმანეთისგან ყოფდეს სპეციალური ბარიერიც:

„ზოგიერთი ხიდის შემთხვევაში, ტროტუარსა და სავალ ნაწილს შორის არის ბეტონის კონსტრუქცია, ბარიერის სახით, რომელიც ავტომობილს არ აძლევს საშუალებას, გადავიდეს გზის სავალი ნაწილიდან ჯებირის მიმართულებით.

ბევრი ფაქტორი განაპირობებს ავტოავარიას, ადამიანმა შეიძლება უეცრად მანქანის მართვისას გონება დაკარგოს, არაფხიზელ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ასეთ დროს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს, თუმცა, მდინარეში გადავარდნის შემთხვევაში, სიკვდილის რისკი გაცილებით მაღალია და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“.

მეტეხის ხიდის მოაჯირი, 2025 წლის 12 მარტი

ვასილ ურუშაძის თქმით, აუცილებელია, რომ ავტოავარიების თითოეული შემთხვევა და მისი გამომწვევი მიზეზები დეტალურად გაირკვეს. ის თვლის, რომ არასწორია, როდესაც ავტოავარიების უმეტესობა მხოლოდ მძღოლების დაუდევრობას უკავშირდება:

„დღემდე, თუკი სტატისტიკას ჩავხედავთ, შემთხვევების უმეტესობა კვალიფიცირდება როგორც მძღოლის დაუდევრობა. გამოძიება იწყება ხოლმე ფორმალურად და თითქმის 100%-ის შემთხვევაში, ავტოავარია მიეწერება ხოლმე მძღოლის უპასუხისმგებლობას.

მაგალითად, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასწორად მოწესრიგებული საგზაო მოძრაობა, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა ან სხვა რაიმე გარე ფაქტორები, იქნება ეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გარემოება თუ სხვა რამ, სტატისტიკაში საერთოდ არ ხდება. ეს ზედაპირული დამოკიდებულება შემდეგ ქმნის იმ გარემოს, რა გარემოშიც დღეს ვართ“, - ამბობს ვასილ ურუშაძე.

მეტეხის ხიდიდან მანქანა ერთი წლის წინ, 2024 წლის 15 თებერვალსაც გადავარდა. როგორც ბოლო ორი შემთხვევისას, მაშინაც ავტომობილმა რკინის ჯებირი გადაანგრია და მდინარეში ჩავარდა. ავტომობილის მძღოლის ცხედარი მაშველებმა მანქანასთან ერთად ამოიყვანეს.

გელა კვაშილავა, გაეროს პროექტების ექსპერტი საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის საკითხებში, ამბობს, რომ ავტოავარიათა უდიდესი წილი და ავარიისას დაშავებულთა და დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი, გადაჭარბებული სიჩქარის შედეგია, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყანაში სიჩქარის მართვის სისტემა:

გელა კვაშილავა, გაეროს პროექტების ექსპერტი საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის საკითხებში

„მაგალითად, თუკი ზოგიერთ ტერიტორიაზე გადაადგილება დაშვებულია 70 კმ/სთ-ით, მძღოლს შეუძლია, რომ ამ სიჩქარეს კიდევ 15 კმ/სთ-ით გადააჭარბოს. ეს საქართველოში დაწესებული ნორმაა. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკით დასაშვები ტოლერანტობა არის მხოლოდ +5 კმ/სთ ან დასაშვები სიჩქარის 10%. არასწორადაა ქვეყანაში შემუშავებული სიჩქარის მართვის სისტემა და ესეცაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ავარიების დროს ფატალურ შედეგს იწვევს“.

გამაფრთხილებელი ნიშანი - თბილისის მუნიციპალიტეტის კამერა

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, რომელსაც გზებზე დამონტაჟებული სექციური კამერები აფიქსირებს, მძღოლს არა მხოლოდ ფულადი ჯარიმა გამოეწეროს, არამედ მას მართვის მოწმობაზე, ყოველწლიურად დარიცხული 100 ქულიდან, ქულების გარკვეული რაოდენობაც მოაკლდეს.

„ამას ვითხოვთ უკვე რამდენი წელია. იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ქულათა სისტემა, იქ კამერებით დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბება მხოლოდ თანხობრივ ჯარიმაში კი არა, არამედ ქულების დაკლებაშიც აისახება, რადგან მხოლოდ ფულადი ჯარიმა, სამწუხაროდ, სიჩქარის მართვისთვის ეფექტიანი არ არის“.

2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში. შედეგად, ძალაში შევიდა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც თითოეულ სამართალდარღვევაზე მძღოლს სხვადასხვა რაოდენობის ქულა აკლდება. ქულების ამოწურვის შემთხვევაში მას მართვის მოწმობის აღება ხელახლა უწევს.

გელა კვაშილავა, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ქალაქში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ბავშვები, ტურისტები, ფეხით მოსიარულეები გადაადგილდებიან, აუცილებელია, რომ სიჩქარის დასაშვები ნორმა არ სცდებოდეს 30-50 კმ საათს.

„ჩვენთან არის ადგილები, სადაც 60, 70 კმ-იც კია დაშვებული, ამას ემატება +15 ტოლერანტობა. ხოლო ისეთ ტერიტორიებზე, როგორიც მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაა, იქ, სადაც გადაადგილდება უამრავი ფეხით მოსიარულე, ტურისტი, ადგილობრივი, განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები, მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული ავტომობილებით გადაადგილება. ამ ტერიტორიაზე მაქსიმალური ზღვარი სიჩქარისა არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს. ეს არის პრაქტიკა, რომელიც ზრდის ქალაქის უსაფრთხოების აღქმას და რაც სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის“.

მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი კამერაა დამონტაჟებული. თუმცა, იქ ვერსად ნახავთ, მაგალითად, სიჩქარის შემზღუდავ ნიშანს.

მეტეხის ხიდთან დამონტაჟებული კამერა

ვასილ ურუშაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მეტეხის ხიდიდან ავტომობილის გადავარდნის პირველივე შემთხვევა უნდა გამხდარიყო მიზეზი იმისა, რომ დედაქალაქის შესაბამის სამსახურს ხიდის მოაჯირებისა და ხიდზე შესაბამისი ბარიერების მონტაჟის პროექტზე დაეწყო მუშაობა.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ხომ არ გეგმავს მერია მეტეხის ხიდზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით სამუშაოების დაწყებას. მერიიდან მოგვწერეს:

„მოაჯირის აღდგენა მოხდება უახლოეს დღეებში, სხვა ტიპის ღონისძიებები არაა დაგეგმილი“.

საქსტატის მონაცემებით, სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, გასულ წელს, საქართველოში, 585 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. მიმდინარე წლის იანვარში კი 39 საქმეზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წელს, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს ემსხვერპლა 444 ადამიანი, მათ შორის, 10 ბავშვი. დაშავდა 7000-ზე მეტი ადამიანი.

სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში მოხდა. ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და ზებრა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა.