მეტეხის ციხის დაკარგული ფოლკლორი

„დამორჩილდი, კავკასიავ: ერომოლოვი მოდის!“ (Смирись, Кавказ: идет Ермолов!) - ალექსანდრე პუშკინის ეს სიტყვები, ცხადია, საკმარისი არ იყო კავკასიის დასამორჩილებლად. საჭირო იყო სამხედრო ძალა და საპყრობილე როგორც სისხლის სამართლის, ასევე პოლიტიკური დამნაშავეებისათვის. სწორედ ალექსეი ერომოლოვმა, კავკასიის მთავარმართებელმა ააშენა 1819 წელს სამსართულიანი „კაზემატიანი“ საპყრობილე თბილისში, თავისივე დანგრეულ მეტეხის ციხე-სიმაგრის ადგილზე. საპყრობილემ 1933 წლამდე იარსება, ათობით ათასმა ადამიანმა „ხეხა“ მისი კედლები და მათ ნაწილმა იქვე დაასრულა სოცოცხლე, საპყრობილის შიდა ეზოში, სადაც სასიკვდილო განაჩენი - ჩამოხრჩობა - აღესრულებოდა. როგორ იყო მოწყობილი მეტეხის ლეგენდარული ციხე, რომელსაც ერთმა ქართველმა მწერალმა სატუსაღო-საოცრება უწოდა? ვინ იყვნენ მისი დარაჯები და პატიმრები?

ჯინჯილხანიდან საგუბერნიო ციხემდე

მეტეხის საგუბერნიო ციხეს მთავარი შესასვლელი - მძიმე, რკინის ალაყაფის კარი, საიდანაც საპყრობილის ეზოში შეჰყავდათ პატიმრები, აღმოსავლეთიდან ჰქონდა შებმული, თუმცა ალაყაფის კარამდე მისასვლელად ასევე უნდა გაგევლო ციხის გარე კედელში გაკეთებული თაღი. მეტეხის საპყრობილეს სხვა, ბევრად მცირე ზომის კიდევ ერთი შესასვლელიც ჰქონდა, ალაყაფის მოპირდაპირე, დასავლეთის მხრიდან, კლდის ძირში, რომელიც მეტეხის ხიდის მშენებლობისა და მოედნის რეკონსქტუქციის შემდეგ ამოიქოლა.

კდლის ძირში გატეკეთებული შესასვლელი - მეტეხის ციხე

ციხის ეზოში იყო მოქცეული მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც დემეტრე მეორის მეფობის დროს აშენდა და, რომლის შესახებაც ვახუშტი ბაგრატიონი ამბობდა: „ისანს არს, კიდესა ზედა მტკვრისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა, ეკლესია მეტეხი ღუთისმშობლისა, გუნბათიანი, დიდშვენიერნაშენი, საარქიმანდიტრო.“

ამ ადგილას, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სატუსაღოს - სადილეგოს არსებობის შესახებ ცნობა მოიპოვება მე-8 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში, „აბო თბილელის წამებაში“.

სატუსაღო არსებობდა მე-18 საუკუნის თბილისშიც და მას ტუსაღხანას და ჯინჯილხანას ეძახდნენ. ტუსაღხანა, როგორც თბილისის 1782 წლის გეგმიდან ჩანს, ქალაქის ციხის ციტადელში ყოფილა მოთავსებული. ტუსაღხანაში (ჯინჯილხანაში) დამნაშავე ან ებათ, ან კიდევ დამწყვდეული ჰყავდათ. დამნაშავის დასაბმელად ჯაჭვი ანუ ბორკილი იყო გამოყენებული, ამიტომაც „ჯინჯილის მიცემა“, პატიმრობასთან ერთად, ჯაჭვის დადებასაც ნიშნავდა.

მეტეხის ციხე

ციხესიმაგრე აღა-მაჰმად-ხანმა დაანგრია 1795 წლის შემოსევის დროს, საბოლოოდ კი მოშალა მთავარმმართებელმა ერმოლოვმა, რომელმაც მეტეხის ციხესიმაგრის ადგილზე დაიწყო საპყრობილის მშენებლობა, რასაც მოჰყვა მეტეხის ეკლესიის გალავანში მცხოვრები საეკლესიო ყმა-გლეხების გამოსახლება, მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია კი სატუსაღოს შიდაეკლესიად გადაკეთდა.

მეტეხის საპყრობილის სივრცული მოწყობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ძველი ფოტოები, კინოქრონიკა, თბილისელი და უცხოელი მხატვრების ტილოები, საპყრობილის შემორჩენილი სქემა, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო წარმოდგენას საგუბერნიო ციხეზე გვიქმნის თბლისის მზეუმში დაცული მაკეტი (ზომით 2.15მ X 1.25 მეტრზე), რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევარშია დამზადებული მაკეტების ცნობილი ოსტატის, მიხეილ მანსვეტაშვილის მიერ.

მეტეხის ციხის მაკეტი

მეტეხის ციხის მაკეტი

პარაშიდან შორს - რომელ საკანში რა ხდება...

მეტეხის საპყრობილეში პატიმრები დანაშაულების მიხედვით იყვნენ განაწილებული. ქართული დარამატული დასის მსახიობი შაქრო

გომელაური მეტეხის საპყრობილეში 1910-1913 წლებში იჯდა. ყოფილი ტუსაღის მოგონებების მიხედვით, ბადრაგმა ის XI საკანში შეიყვანა.

„ეს საკანი განკუთვნილი იყო მიუსჯელებისთვის, ესე იგი იმათთვის, რომელთა საქმე ჯერ არ დაემთავრებინათ და ძიებას აწარმოებდნენ. საკანი მეტად ვიწრო იყო. ნორმალურ პირობებში 10-15 კაცი თავსდებოდა, მაგრამ სულ ცოტა 40 პატიმარი მაინც ვიქნებოდით. ყველა საკანს ჰყავდა „სტაროსტა“ (მამასახლისი)“, - იხსენებს ყოფილი პატიმარი გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოცემულ მოგონებებში.

ისანს არს, კიდესა ზედა მტკვრისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა, ეკლესია მეტეხი ღუთისმშობლისა, გუნბათიანი, დიდშვენიერნაშენი, საარქიმანდიტრო.
ვახუშტი ბაგრატიონი


საკანის იტაკი, როგორც წესი ასფალტის იყო ა-ბეტონისა. პატიმრებს არ ჰყოფნიდათ საწოლები. ცნობილი რევოლუციონერი, არაქელა ოქუაშვილი იხსენებდა, თუ როგორ იხდიდა სასჯელს მეტეხის ციხის ერთ მცირე საკანში 33 პატიმართან ერთად:

„ლოგინები არ გვქონდა, იატაკზე ვეყარენით. ლოგინების მაგივრად, რაღაც ტომრები მოგვცეს, დაფხვნილი თივით სავსე. უფრო ნაგავს ჰგავდა, ვიდრე თივას“.

შაქრო გომელაურის აღწერითაც, მის საკანში სულ 20 ტახტი („კოიკა“) იდგა, მაშინ როცა პატიმრების რაოდენობა 40-ს აღემატებოდა. შესაბამისად, საჭირო იყო დიდი დრო, რომ ახლადმოსულ ტუსაღს ტახტზე წოლა ღირსებოდა.

პატიმრები ირჩევდნენ „სტაროსტას“ (მამასახლისს), რომელსაც ევალებოდა შინაგანი წესების დაცვა. სწორედ ის მიუჩენდა ახალ პატიმარს დასაწოლ ადგილს. საპყრობილეში არ არსებობდა ცენტრალური კანალიზაცია. ყველა საკანში იდგა პარაშა - კასრი ფიზილოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, საიდანაც საშინელი სუნი ამოდიოდა. ახალმოსული ამ კასრთან იკავებდა ადგილს, ხოლო ვინც მანამდე იწვა პარაშასთან ახლოს, „სტაროსტას“ მითითებით, მოშორებით იღებდა დასაწოლ ადგილს.

V საკანი განკუთვნილი იყო სამუდამო კატორღამისჯილებისთვის, ოცწლიანებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისი საქმეც სამხედრო პროკურატურის ხელში იყო, ვისაც 279-ე მუხლით ჰქონდათ ბრალი წაყენებული - ეს მუხლი უმაღლეს სასჯელს - ჩამოხრჩობას ითვალისწინებდა.

მეტეხის ციხის პატიმარი

1910 წელს მეტეხის საპყრობილის V საკანში იჯდა სიკო ფურცელაძე - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რომელსაც პოლიციელის მკვლელობის მისჯილი „ჩამოხრჩობა“ სამუდამო პატიმრობით, კატორღით ჰქონდა შეცვლილი, თუმცა იმავე დროს სამხედრო პროკურორი მეორე მკვლელობისთვის ახალ საბრალდებო დასკვნას ამზადებდა.

საპყრობილის განაწესის მიხედვით, როგორც კი პატმირის საქმე სამხედრო პროკურორის ხელში გადადიოდა, იმავე დღეს ტუსაღს ფეხებზე ბორკილებს დაადებდნენ და, რომელ საკანშიც უნდა ყოფილიყო, გადაიყვანდნენ და მე-5 საკანში მოათავსებდნენ. სიკო ფურცელაძეც ხელებსა და ფეხებზე დადებულ ბორკილებს უწყვეტად, დღე-ღამის განმავლობაში ატარებდა.

მეტეხის ციხის ყოფილ პატიმარს, მიხეილ ჯავახიშვილს რომანში, „ქალის ტვირთი“ აღწერილი ჰყავს ციხის ტუსაღი (ქოთნისმაგვარი ქუდით და ტომარისებური საკატორღო ტანისამოსით), რომელიც ხელფეხშეკრული, 8-გირვანქიანი (3,5 კგ) ბორკილების ჟღარუნით გადაადგილდებოდა.

მიხეილ ჯავახიშვილი

გადმოცემის მიხედვით, მე-5 საკანში მსხდომ პატიმრებს მაღალი ავტორიტეტი ჰქონდათ. მათი წერილით ან ზეპირი შემონათვალით სტაროსტა-მამასახლისები არღვევდნენ ციხის შიდაგანაწესს. პაპიროსის მცირე ქაღალით გამოგზავნილი ორი-სამი სიტყვა მე-5 საკნიდან ბევრ რამეს ცვლიდა ამა თუ იმ პატიმრის ყოფაში.

II საკანში სისხლის სამართლის დამნაშავეები ისხდნენ. ამ საკანში ჩვეულებრივი ამბავი იყო პატიმრების მიერ პატიმრების ჩაგვრა. ფართოდ გავრცელებული იყო გამოუცდელი პატიმრების მასხრად აგდება, გამაიმუნება, მაგალითად მძინარეების თოკით ერთმანეთზე გადაბმა და ა.შ.

მეტეხის ციხის პატიმრებს დღე-ღამის განმავლობაში ერთი, ნახევარსაათიანი გასეინება ეკუთვნოდათ ციხის შედა ეზოში, თუმცა, შიდაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, პატიმრებს ეს უფლება ეზღუდებოდათ ან ღამით ეძლეოდათ.

მეტეხის ციხის ჯალათი

1911 წელს ტფილისს ეწვია რუსეთის იმპერიის იუსტიციის მინისტრი ივან შჩეგლოვიტოვი, რომელმაც მის დაქვემდებარებში მყოფ მეტეხის ციხეშიც შეიარა ინსპექტირების მიზნით. დაათვალიერა საკნები, გამოელაპარაკა პატიმრებს და პრობლემებზე გულღია საუბარი შესთავაზა. პატიმრებმაც შესჩივლეს, რომ „კვება ძალიან ცუდი და უხარისხოა, რომ ასეთ საჭმელს არათუ ადამიანს, არამედ პირუტყვსაც არ მისცემდნენ“. ისიც უთხრეს, რომ ყველა საკანში ერთიორად მეტი პატიმარია მოთავსებული და ჰაერი ისეა დახშული, რომ სუნთქვა შეუძლებელია.

როგორც კი მინისტრი პეტერბურგში გაემგზავრა, ციხეში დამყარდა უსასტიკესი, აუტანელი რეჟიმი, როგორც კვების, ასევე მოპყრობის მხრივ. უფრო მოუხშირეს პატმირების დასჯას და შევიწროებას, კარცერში ჩასმას, ოჯახის წევრებთან პაემნების აკრძალვას და მასობრივად „ტრიუმში“ - სარდაფისმაგვარ ჯურღმულში ჩაყრას.

ლეგენდები დაიდიოდა მეტეხის ციხის უფროსზე, პოლონური წარმომავლობის პოლკოვნიკ რიმკევიჩის სისატიკეზე.

მეტეხის ციხის ყოფილი პატიმრის, შაქრო გომელაურის თქმით, „ეს იყო რეაქციონერი, მეტად სასტიკი, ბოროტი და დაუნდობელი პიროვნება. სულ მცირე რამისათვის სჯიდა პატიმრებს, მაგალითად, როცა შემოიდიოდა საკანში, მორიგე დაიძახებდა: Встать, начальник идёт! „წამოდექი, უფროსი მოდის!“) თუ რომელიმე პატიმარი სწრაფად არ წამოდგებოდა და რიგში არ ჩადგებოდა Смирно (სმენა)-ზე, მას სამი ან შვიდი დღით კარცერში სვამდა ან უზუღდავდა ახლობლებთან შეხვედრის დღეებს“.

პოლკოვნიკ რიმკევიჩის სისასტიკე საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ცნობილ მწერალს, გერონტი ქიქოძეს, რომელსაც ახალგაზრდობაში, როცა „სახალხო გაზეთის“ თანამშრომელი იყო, რამდენიმე თვი მოხვდა მეტეხის ციხეში.

გერონტი ქიქოძის თქმით, სეიონობისას ტუსაღების მწკრივის მეთაურს სამხედრო სალამი უნდა მიეცა ციხის უფროსისთვის. ერთხელ სასეირნოდ გამოყვანილ პატიმართა მწკრივს გიორგი ლასხიშვილი მეთაურობდა. სოციალ-ფედერალისტმა ლასხიშვილმა, ცხადია, სალამი არ მისცა რიმკევიჩს, რის გამოც კარცეში ჩასვეს. გარდა სისასტიკისა, როგორც გერონტი ქიქოძე ისხენებს, მეტეხის ციხის უფროსი ენის სიმყრალითაც გამოირჩეოდა:

„ის საუკეთესო ლექსიკოგრაფი იქნებოდა თუ ლანძღვა-გინების სიტყვარის შედგენა გახდებოდა საჭირო. მთელი დღე ციხის ეზოში გაისმოდა მისი ღრიალი, უხვად შეზავებული მრავალსართულიანი გინებით და ცინიკური გამოთქმებით, რომლებიც მოკლებულნი არ იყვნენ ერთგვარ ვულგალურ გონებამახვილობას. როგორც ეტყობოდა, პოლკოვნიკ რიმკევიჩს წარმატებით ჰქონდა დასრულებული მეფის ყაზარმებისა და საროსკიპოების აკადემიები“.

პოლკოვნიკ რიმკევიჩის სიმხეცეზე წერს ციხეების ხშირი ბინადარი არაქელა ოქუაშვილიც:

„მეტეხის ციხეში წელიწადი და ათი თვე გავატარე. საგუბერინიო ციხეში გადამიყვანეს სამუშაოდ, ბორკილები დამადეს. როცა ციხეში რამე მოხდებოდა, კარცერში მიმარბენინებდნენ. ჩვიდმეტჯერ ჩამსვა რიმკევიჩმა კარცერში; ერთხელ რევოლვერი ჩამცხო ზურგში. ნახვის უფლება თვეში ერთხელ მქონდა, მაგრამ რადგან ხშირად ვიყავი კარცერში, ვკარგავდი ამ უფლებას“.

არაქელა ოქუაშვილი იმასაც ამბობს, რომ საგუბერნიო ციხეში ამუშავებდნენ. საქმე ის არის, რომ რუსეთის იმპერიის ციხეებში (მათ შორის მეტეხის საპყრობილეშიც) მიღებული იყო პატიმრების იაფი შრომის გამოყენება.

Your browser doesn’t support HTML5

მეტეხის ციხის დაკარგული ფოლკლორი

შენობას, რომელშიც უმეტესობა პოლიტიკური დამნაშავე იყო, პატიმრები „ძველ შენობას“ (Старое здание) უწოდებდნენ. ამ შენობის ქვედა სართულში ყოფილა მოთავსებული „სტამბა და საამკინძაო საამქრო“. საპყრობილის ტერიტორიაზე ასევე იყო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სამკერვალოები, სხვა სახის სახელოსნოები, სადაც პატიმრებს თითქმის მუქთად ამუშავებდნენ.

აღმართულია სახრჩობელა

გერონტი ქიქოძე მოგონებებში წერს, რომ მისი საკანი მტკვრის მხარეზე გადიოდა და იმ საკნის გვერდთი იყო, სადაც სარკმელში მოცქირალი ლადო კეცხოველი მოკლესო.

ცნობილ რევოლუციონერ-ბოლშევიკსს, ლადო კეცხოველს 1903 წლის 17 აგვისტოს, 09.30 საათზე დარჯმა დერგილოვმა მაშინ ესროლა, როცა 27 წლის ტუსაღი სარკმლიდან ხაშურის მუშათა გაფიცვის მონაწილე პატიმრებს ამხნევებდა შეძახილებით: „ძირს თვითმპყრობელობა!“, „გაუმარჯოს სოციალიზმს!“

მეტეხის შიდა ეზოში ჩამოახრჩვეს 1906 წელს გენერალ გრიაზნოვის მკვლელობაში ბრალდებული არსენა ჯორჯიაშვილი, რომლის უკანასკნელი დღე აღწერილი აქვს მისსავე დას, ელენე ჯორჯიაშვილს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ მოგონებაში - „ზუსტად ნატყორცნი ყუმბარა“:

„დილაა. საგუბერნიო ციხის ეზოში აღმართულია სახრჩობელა, რომელზეც არა ერთი და ორი ახალგაზრდა გამოსალმებია სიცოცხლეს მოიყვანეს არსენა. იგი მხნედ ადის ეშაფოტზე, საიდანაც ერთხელ კიდევ – უკანასკნელად უგზავნის წყევლა-კრულვას პირსისხლიან ნიკოლოზს, უკან აბრუნებს საზიარებლად მისულ მღვდელს და სპეტაკად იხდის თავის პროლეტარულ ვალს ჩაგრული ხალხის წინაშე.“

მეტეხის ციხეში მომხდარ ამბებს, ბუნებრივია, ვერ აკავებდა საპყრობილის კედლები. პოეტი იროდიონ ევდოშვილი, რომელიც თვითონაც იყო მეტეხის საპყრობილის ტუსაღი, წერდა:

„იმღერე, მტკვარო, მოვა ჯალათი

და შენს ნაპირზე დაიბანს ხელებს,

იმღერე, მტკვარო, თუ ტალღა შედგა,

ჩვენი მეტეხი სისხლს მოგაშველებს.“

მეტეხის საპყრობილეს თავისი არსებობის 110-წლიანი ისტორიის განმავლობაში სხვა არაერთი ცნობილი პატიმარი ჰყოლია. ერთ-ერთი პირველი იყო დეკაბრისტი ალექსანდრ ბესტუჟევ- მარლინსკი. მეტეხის ტუსაღები იყვნენ: მაქსიმ გორკი, ისებ სტალინი, ლავრენტი ბერია, მიხეილ კალინინი, კამო, აკაკი წერეთელი (ერთი ღამით) და მარვალი სხვა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მეტეხის საპყრობილეში იჯდა პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი ლიდერი, ისიდორე რამიშვილი.

მეტეხის ციხეში რამდენიმე თვე აქვს გატარებული (1910 წ.) მწერალ მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც მართალია გადაურჩა მეფის რუსეთს, მაგრამ ვერ გადაურჩა საბჭოთა ტერორს. როგორც მწერლის შვილი, ქეთევან ჯავახიშვილი ამბობს, მამამისი, დიმტირი შევარდნაძესთან ერთად, შეეწინააღმდეგა ლავრენტი ბერიას, რომელსაც, მეტეხის საპყრობილესთან ერთად, მეტეხის ტაძრის დანგრევაც სურდა.

ტაძარი არ დაანგრიეს, საპყრობილე კი 1933 წელს გააუქმეს და მისი შენობები, საქართველოს სახკომსაბჭოს 3 ნომებრის დადგენილებით, განათლების კომისარიატს გადასცეს.

ციხის კედლების დაკარგული ფოლკლორი

„მეტეხის ციხე, რომელიც თვითმპყრობელობის დროს გადაქცეული იყო საპატიმროდ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე წარმოადგენდა საქართველოს მშრომელი ხალხის და კავკასიის სხვა ერების ჩაგვრისა და დამონავების სიმბოლოს, გაუქმდა, შენობები კი გადაეცა განათლების კომისარიატს“, - ვკითხულობთ საქართველოს მაშინდელი, კომუნისტური მთავრობის დადგენილებაში.

განათლების სახალხო კომისარიატმა მეტეხის საპყრობილის 3-სართულიან შენობებში მალევე გადაიტანა ეროვნული მუზეუმი, რომელიც იქ 1952 წლამდე ფუნქციობდა. 1958 წელს გადაღებულ ფილმში „სხვისი შვილები“ კადრში გაიელვებს მეტეხის ყოფილი საპყრობილის შენობების ნარჩენები, რომლებსაც საბოლოოდ 1958 წელს დაანგრევენ.

მეტეხის საპყრობილიდან დღეს აღარაფერია შემორჩენილი, გარდა თბილისის მუზეუმში დაცული მაკეტის, ფოტო-ვიდეო კადრებისა და წერილობითი ისტორიებისა... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პატიმრების კვალი დღემდე აჩნევია ციხის ყოფილ შიდაეკლესიას, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის გარეკედლებს. დაკვირვებულ თვალს არ გაუჭირდება ერთმანეთისგან გამოარჩიოს ფასადზე გაკეთებული ძველი, რელიგიური შინაარსის წარწერები და ე.წ. ციხის ფოლკლორი, რომლის უდიდესი ნაწილი, საპყრობილის კედლებთან ერთად გაქრა უკვალოდ. სწორედ ამ დანაკლისის გამო წუხდა მწერალი მაყვალა მრევლიშვილი (1909 – 1992 წწ), რომელიც უბის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერში მეტეხის ციხეს „ცარიზმის - საპყრობილეს“ და „ სატუსაღო-საოცრებას“ უწოდებს.

„ამ სიბერემდე თუკი რამეს ვნანობ, ისევ და ისევ იმ უძირო ზღვა ფოლკლორის დაკარგვას, რაც კარღია მეტეხის ციხის შინაგან დამინახავს მისი გაუქმების წელს. ნემსის კუნწი არსად ჩავარდებოდა მის კედლებზე იმდენი წარწერა იყო, იმდენი ნაჩიჩქნ-ნაწიწკნი, ნაფხაჭნი, ნაკაწრი, ნაჯღაბნი! განსაკუთრებით დაბლა, კედლის ძირას, ალბათ, მწოლიარეთაგან ნაწერი იატაკის სიახლოვეს, ირეოდა ერთმანეთში, არა მარტო სიტყვიერი მასალა, უთვალავი ნახატიც, ნახაზიც, იეროგლიფური ნახატ-სიტყვაობაც. ცხოვრებისეული აქ იყო ყველაფერი, გარდა ბილწსიტყვაობისა. ვწუხვარ! იმ კედლებს არა მარტო გადმოწერა, შესწავლაც მოუხდებოდათ. ზედ ხომ მთელი ხელუხლები სამყარო იყო, უწრფელესი ხელოვნება თუ აღსარება, გულის სიღრმიდან ამომსკდარი, რასაც კაცი ნამდვილად გულის მოსაოხებლად აღმოანთხევს, როცა თავს თავში ჩასახედად მოიცლის, მოიცლის გულუბრყვილოდ, უანგაროდ, ძალდაუტანებლად“, - ვკითხულობთ მწერლის უბის წიგნაკში.