ზაირა არსენიშვილი, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, შუბი ხალთაში დაიმალა. მწერალი, რომელმაც 82 წელი იცოცხლა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ მისი რომანი „ვა, სოფელო...“ დაბეჭდა. ეს ამ რომანის, სავარაუდოდ, მე-3 გამოცემაა. მანამდე მას მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობდნენ ან, უბრალოდ, გაგონილი ჰქონდათ, რომ ზაირა არსენიშვილი რომანებსაც წერს.
„პირადად არ ვიცნობდი. სამწუხაროდ, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოვახერხეთ მისი წიგნის გამოცემა. პირველი ტირაჟი მაშინვე გაიყიდა. სრულიად შოკისმომგვრელი რომანია, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ზაირა არსენიშვილი საკუთარ ტრიუმფს ვერ მოესწრო“, - ამბობს „სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი.
წიგნში „ვა, სოფელო“ 20-50-იანი წლების თელავია აღწერილი, თავისი ადამიანური ისტორიებით, რეპრესიებით, სტალინური ეპოქის ტერორით და ასე შემდეგ. თითქმის შვიდასგვერდიანი რომანი სამი თეთრი ლექსით მთავრდება: „ვედრებისა“, „შენდობისა“ და „მადლობისა“.
„უფალო, კვლავაც გევედრები,
მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს და უმეცარს,
ვის ტვინშიაც ჩიტი ნისკარტს ვერ დაისველებს“.
რომანის მცირე ნაწილი საბჭოთა პერიოდში „ლიტერატურულ საქართველოშიც“ გამოქვეყნდა, თუმცა გაგრძელების დაბეჭვაზე უარი უთხრეს. სხვა მოთხრობაზე კი ერთმა რედაქტორმა იკითხა კიდეც: „ამ ქალს მე გიჟი ხომ არ ვგონივარ?“
პირადი ტრაგედია
ზაირა არსენიშვილი 1933 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. ხუთი წლის იყო, როცა მისი მამა, ვანო, დაიჭირეს და დახვრიტეს, თუმცა რომ დახვრიტეს, ესეც გვიან გაიგო ოჯახმა - კარგა ხანი ციხეში საკვები ისე მიჰქონდათ, არ იცოდნენ, რომ პატიმარი უკვე აღარ არსებობდა.
„ვანო ეკონომისტი იყო, აღმასკომში მუშაობდა და ერთხელაც თანამშრომლებში ეთქვა, ასე ჩვენს ეკონომიკას ვერ ავაშენებთო. დააბეზღეს და დახვრიტეს“, - ამბობს ზაირას ბიძაშვილი, ზურაბ არსენიშვილი.
ზაირა დედისერთა დარჩა. ის და ბიძაშვილები, ფაქტობრივად, ერთად იზრდებოდნენ. მის ოჯახში ყველა მღეროდა და თავადაც მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა. რაღაც პერიოდი ოპერაში ვიოლინოზე უკრავდა კიდეც.
„ქალბატონ ზაირას ძმისშვილი ჩემი სტუდენტობის მეგობარი იყო და მას აქედან ვიცნობდი. მისი რამდენიმე მოთხრობა მქონდა წაკითხული, განსაკუთრებით „შაჰაბაზა“ მიყვარდა. მამალს ჰქვია შაჰაბაზა. ვიცოდი, რომ რომანებსაც წერდა და მოგვიანებით, როცა წავიკითხე, თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. გამაოგნებელი აღმოჩენა იყო“, - ამბობს მწერალი გიორგი ლობჟანიძე.
ზაირა არსენიშვილის წიგნები 2019 წლამდე მცირე ტირაჟით იბეჭდებოდა, ისიც ავტორის ხარჯით. მწერალი საკუთარი თავის პოპულარიზებას არ ცდილობდა და, ალბათ, ამის გამო იყო, რომ საზოგადოებას ის „გამორჩა“.
„კარგად იცოდა, ვინც იყო, მაგრამ ინტელიგენტურობა ისიც არის, რომ საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობ. ახლა სულ პირიქით ხდება. მე, მე, მეს ძახილით შეგაწუხებს ადამიანი“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.
თუმცა მას იცნობდნენ როგორც სცენარისტს. მისი სცენარების მიხედვითაა გადაღებული რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმები: „როცა აყვავდა ნუში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და „ორომტრიალი“.
„მიხარია, რომ ერთად გავლიეთ წუთისოფელი“ - ასეთი წარწერით აჩუქა ერთ-ერთი ბოლო წიგნი რეჟისორს.
„ზაირა არსენიშვილი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, მართლა მეგონა, რომ ზაირას გარეშე ვერ ვიარსებებდი. მუშაობის დროს ბევრს ვკამათობდით, მაგრამ ეს ისეთი კამათი იყო, რომელსაც მხოლოდ სიკეთე მოაქვს. საოცარი ადამიანი იყო, ინდივიდუალური. სულ მენანებოდა, რომ ქართული საზოგადოება ზაირას როგორც მწერალს არ აღიქვამდა. მისი ორი წიგნი „ვა, სოფელო“ და „რეკვიემი“ განსაკუთრებით ძლიერი რომანებია. ახლა ყველა გაოცებულია, ყველა რაღაცას ამბობს, რაღაცას წერს, რამხელა მწერალი ყოფილაო“, - იხსენებს ლანა ღოღობერიძე.
ზაირა არსენიშვილი ნახევრად თბილისში, ნახევრად კი თელავში ცხოვრობდა, განსაკუთრებით ზაფხულში. „ვა, სოფელოც“ კახური, თელავური დიალექტითაა დაწერილი.
„როდესაც ამბობენ, რომ ნაწარმოები ენის თვალსაზრისით მდიდარია, ძირითადად გულისხმობენ რაღაც ღვარჭნილობას, ტექსტს, რომელშიც ძველი ქართული სიტყვებია ჩართული. ზაირას შემთხვევაში ეს არის ენის ბუნებრივი მდინარება, როცა ყველა სიტყვა თავის ადგილას ზის. პერსონაჟებსაც ისე ძერწავს, რომ ყველა ცოცხალია. ალბათ, ეს კინოგამოცდილებიდან მოდის“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.
როგორ გააქცია ზაირამ ყაჩაღები
„განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა, თავისი აკვიატებებით. დღეს ვიხსენებდი სწორედ, რა დღეში ჩავარდებოდა ხოლმე, როცა რამე წაეშლებოდა. ეჩხუბებოდა იმას, ვინც ყველაფერს უკეთებდა, როგორ თუ ვერ აღადგინეო. როგორც თვითონ იტყოდა, თავზე კაკალს ამტვრევდა“, - იხსენებს ლანა ღოღობერიძე.
ზურაბ არსენიშვილი კი ბიძაშვილს ახასიათებს, როგორც უსაშველოდ კეთილს, მაგრამ პრინციპულს.
„ზედ გადაგყვებოდა. ვინმე რომ სთხოვდა დახმარებას, მთელი დღე ირბენდა მის საქმეზე და დაეხმარებოდა. მაგრამ პრინციპული იყო. ერთხელ კინოგადაღებიდან მოდიოდნენ ავტობუსით საბერძნეთიდან. საქართველოს საზღვარზე იარაღიანი ბიჭები ამოვიდნენ, რომ რამე წაერთმიათ. დაუპირისპირდა ზაირა და იმდენი ქნა, ავტობუსიდან ჩაყარა“.
ოჯახი არასდროს შეუქმნია, არც შვილი დარჩა. ნათესავები ამას მისი თავისუფლების სიყვარულით ხსნიან.
„ახალგაზრდობაში შეყვარებული ჰყავდა. „რეკვიემშიც“ მოხვდა ის კაცი, მაგრამ ოფიციალურად მეუღლე არასდროს ჰყოლია. მე ვერ შევძლებო, ამბობდა. ხომ არსებობს გარკვეული ფორმალობა - ცოლი, ქმარი, მორჩილება... ეს სულ სხვა ყაიდის ადამიანი იყო. მაგრამ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, უამრავი მეგობარი ჰყავდა. რაც მთავარია, აისრულა თავისი ოცნება, სამი წიგნი უნდა დავტოვოო, იძახდა. სამი კი არა, მეტიც დატოვა“, - ამბობს ზურაბ არსენიშვილი.
ზაირა არსენიშვილო 2015 წლის 8 აგვისტოს თელავის სახლში გარდაიცვალა, თელავშივე დაკრძალეს.
„სულაკაურის გამომცემლობა“ ახლო მომავალში ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულის, „კენჭების“, გამოცემას გეგმავს. ამის შემდეგ გამომცემლობა უკვე მისი მეორე რომანის, „რეკვიემის“, დაბეჭდვაზე დაიწყებს მუშაობას.