ექსპერიმენტის მესამე კვირა კრახით დამთავრდა. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ, უკვე კარგა ხანია, ვცდილობ, საარსებო მინუმიმი, თვეში 170.80 ლარი, მართლაც მთელი თვე ვიმყოფინო. ორი კვირა როგორ გავძელი, ეს აქ და აქ წერია. ახლა იმას მოვყვები, მესამე კვირას რა მოხდა.
დღე მეთხუთმეტე
დღეს დავალიანების გამო ინტერნეტი გამეთიშა. 170 ლარიდან მხოლოდ 29 ლარი დამრჩა და ეს თანხა თვის ბოლომდე უნდა ვიმყოფინო. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ მომავალ თვეს მეტი ფული მექნება. შესაბამისად, დავალიანების გადახდაზე ფიქრით დრო არც დამიკარგავს. თავისუფალი ქსელი მოვძებნე და უსინდისოდ დავუკავშირდი. შეიძლებოდა საქმე უფრო რთულადაც ყოფილიყო. როგორც წესი, მეზობლების ინტერნეტქსელები დახურულია და ადვილი არ არის გამოიცნო, „თაზო 85-ის“ პაროლი 1234 არის, 4321 თუ სულაც ამგვარი ნიშნების გროვა - ldns03/.
აი, ასე ითვისებ სხვის საკუთრებას, როდესაც შენი აღარ გაგაჩნია.
დღე მეთექვსმეტე
დღეს ბავშვობა გავიხსენე და სიგუას ხაჭაპური გამოვაცხვე. ვინც არ იცის, განვუმარტავ: თენგიზ სიგუა 1992-1993 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ, მაშინ კი ხალხი შიმშილობდა.
თონის პური დავჭერი, მარილწყალში ჩავალბე და ზეთში შევწვი. მთხლეობა გამოვიდა! თუმცა ჩემს სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მაინც შევჭამე.
სიგუას ნამცხვრის რეცეპტი:
„5 ვაშლი, ნახევარი ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, სოდა, ძმარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და გამოაცხვეთ“.
გამომელია ყავა, სარეცხის ფხვნილი, ნაგვის პარკები და, სიმართლე რომ ვთქვა, ნაგავიც. ფული თითქმის აღარ მაქვს, ამიტომ შვრიის ფანტელს ზეთი, შაქარი და კვერცხი ავურიე და გამოვაცხვე. სიგუასას კი სჯობდა.
ღარიბი კაცი ხალხს უმეტესად გამხდარი წარმოუდგენია, არადა, რაც ეს ექსპერიმენტი დავიწყე, ერთი კილო მაინც მოვიმატე, რადგან ძირითადად პურს და ცომეულს ვჭამდი.
და შემდეგ დაკვირვებამდეც მივედი: მესამე ხარისხის სიმსუქნე, ერთმანეთთან შეუსაბამო ტანსაცმელი, ნახევრად შეღებილი თმა, გაფუჭებული კბილები და მზისგან დამწვარი კანი - აი, ასეთია ღარიბი ადამიანის გარეგნობა საქართველოში.
დღე მეჩვიდმეტე
სამსახურში კეთილ ხალხს რა გამოლევს. ნასტასიამ ქადა მიყიდა, ბექამ პიცა გამიყო, ზვიადმა - მანდარინი; ყავას, კარგა ხანია, ტასოს ვპარავ, პრეზენტაციის გასაშუქებლად მისულს კი ფურშეტიც დამხვდა.
ამერიკას არ აღმოვაჩენ, თუ ვიტყვი, რომ როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც წინასწარ არკვევს, სად რა ღონისძიება იმართება, შემდეგ კი სუფთად ჩაცმული, საქმიანი სახით მიდის ამ ღონისძიებაზე დასასწრებად. მიზანი ერთადერთია - ფურშეტი! რეგიონებში ამგვარ „ივენთებს“ ქელეხი ან იშვიათად ქორწილი ანაცვლებს. პირველ შემთხვევაში მიცვალებული ვერ გააპროტესტებს, ამ კაცს არ ვიცნობდიო, მეორე შემთხვევაში კი პატარძლისიანებს სიძის ნათესავი ჰგონიხარ, სიძისას კი - პირიქით.
დღე მეთვრამეტე
დღეს მოხარშული ბრინჯი და მურაბა მქონდა, კიდევ ერთი ნაჭერი ნამდვილი ხაჭაპური.
ვწევარ და ვფიქრობ, რომ მალე ახალი წელი მოვა. რა უნდა დადოს სუფრაზე იმ ადამიანმა, რომელიც საარსებო მინიმუმით ცხოვრობს, - მაგალითად, მარტოხელა მოხუცმა, 200-ლარიანი პენსიით? ინდაურს და გოზინაყს ვინ ჩივის, საწუწნ კანფეტსაც ვერ იყიდის. არადა, როგორ უყვართ მოხუცებს, ბამბაზიის ხალათის ჯიბეებში პატარა ბავშვებივით რომ მალავენ კარამელებს...
თუ ექსპერიმენტი გავაგრძელე, ახალ წლამდე მეც საბოლოოდ გავველურდები. შეიძლება გრინჩივით შობაც მოვიპარო და აღდგომამდე არ გამოვაჩინო, ან პირიქით, გავიგო, მეზობლებიდან ვის აქვს მრღნელების ფობია და 31-ში ჩემი ზაზუნით მივადგე: „გილოცავთ ვირთხის წეეეელს!“ ისე, ხალხი რომ ყველაფერში მხსნელს ეძებს, თორემ ამ გაბურძგნულის იმედად როგორ უნდა იყოს ადამიანი.
დღე მეცხრამეტე
მეცხრამეტე დღეს ჩემი 29 ლარი ბოლო თეთრამდე ამოიწურა. სხვათა შორის, ბოლო თეთრები არა საჭმელში, არამედ ჰიგიენის საშუალებებში დავხარჯე. რომ არ შემეძინა, პირდაუბანელი ვრჩებოდი, შესაბამისად, შევიძინე და იძულებულიც გავხდი ექსპერიმენტი შემეწყვიტა. იმის იქით მხოლოდ ბანალური შიმშილი მელოდა.
მგონი, გაცილებით მოსახერხებელია, ადამიანი კი არა, კოღო იყო. კოღოს საარსებო მინიმუმი თვეში 30 წვეთი სისხლია. ამოირჩევ ვინმეს და ყოველდღე დაკბენ. ასე კი, ადამიანი რომ ხარ და მუდმივად „ხვალ რა ვჭამოს“ დარდობ, მარტივად რომ ვთქვათ... ძნელია.