მესამე ეპოქა პუტინიზმისა

რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებულმა ფონდმა „ლიბერალურმა მისიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „ახალი რეალობა: კრემლი და გოლემი“, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ანომალიური (ფალსიფიცირებული) ხმებისგან გასუფთავებული საარჩევნო შედეგი არ აღემატება 32%-ს, და ეს მაშინ, როცა მეორე ადგილზე გასული „კომუნისტური პარტიის“ რეალური შედეგი თითქმის 25% გამოდის. ამავე გათვლების მიხედვით, „კომუნისტები“ რუსეთის რეგიონების არანაკლებ მეოთხედში უსწრებენ მმართველ პარტიას. ანგარიშის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ პუტინიზმის მესამე ეპოქის დაწყების წინ რუსეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილებები ხდება.

ანომალიური ხმებისგან გასუფთავებული საარჩევნო შედეგი:

„ერთიანი რუსეთის“ - 32%-მდე.

„კომუნისტური პარტია“ - 25%-მდე.

რუსეთის ფედერაციის VIII მოწვევის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 2021 წლის 17-19 სექტემბერს გაიმართა. არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 49,8% მიიღო, „კომუნისტურმა პარტიამ“ კი - 18,9%.

რუსეთი. 2021 წლის სექტემბერი. საარჩევნო უბანი

324 მანდატით 450-დან „ერთიანმა რუსეთმა“ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მეორე ადგილზე გასულმა „კომუნისტურმა პარტიამ“ კი 57 მანდატი მოიპოვა, თუმცა, როგორც „ლიბერალური მისიის“ ანგარიშის ავტორები, პოლიტოლოგები კირილ როგოვი და ალექსანდრ კინევი ამტკიცებენ, რომ არა ანომალიური (ფალსიფიცირებული) ხმები, „ერთიანი რუსეთი“, დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერით, აუცილებლად დაკარგავდა არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობასაც, მაგრამ ასე არ მოხდა. რატომ?

„ეს არის საკმაოდ ტრადიციული ამბავი, დამახასიათებელი რუსული საარჩევნო ავტორიტარიზმისთვის, თუ როგორ მოიპოვება სახელმწიფო სათათბიროს მანდატები, - ამბობს კირილ როგოვი, - აქ არის ორი ძირითადი წყარო - პირველი, საარჩევნო ანომალიის ზონები, ეგრეთ წოდებული საარჩევნო სასულთნოები, სადაც ყოველთვის ხმას აძლევს მოსახლეობის 90% ან 80%, აქტივობა საშუალოდ 75%-ია და დაახლოებით ამდენივე აძლევს ხმას სახელისუფლებო კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს იგი. შედეგად, ეს ტერიტორიები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 17% ცხოვრობს, "ერთიან რუსეთს" მოუპოვებს ხმების მესამედზე (35%) მეტს, და მეორე - ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. საქმე ის არის, რომ "ერთიანი რუსეთის" მანდატების 60% ერთმანდატიან ოლქებზე მოდის. აი, ეს ორი წყარო, გაყალბების ორი შემადგენელი ნაწილი, იძლევა ამგვარ უპირატესობას“.

კირილ როგოვი, პოლიტოლოგი

ანგარიშის ავტორთა თქმით, საყურადღებოა ის, რომ მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“, მიუხედავად იმისა, რომ შეინარჩუნა პირველობა, 2021 წლის არჩევნებში, 2016 წელთან შედარებით, 5%-ით ნაკლები ხმა მიიღო. 2016 წელს 54% აიღო, 2021-ში - 49%. და კიდევ: 2015 წელს „ერთიანმა რუსეთმა“ პირველი ადგილი დაიკავა ყველა რეგიონში, წელს კი, პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, 4 რეგიონში „რუსეთის კომუნისტური პარტია“ გავიდა პირველზე, დაახლოებით ათ რეგიონში კი - მეორე ადგილზე უმნიშვნელო ჩამორჩენით.


2016 წელს მმართველმა პარტიამ 54 % აიღო, 2021-ში კი 49 %.

2015 წელს „ერთიანმა რუსეთმა“ პირველი ადგილი დაიკავა ყველა რეგიონში, 2021 წელს კი 4 რეგიონში „რუსეთის კომუნისტური პარტია“ გავიდა პირველ ადგილზე.

2021 წლის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი შედეგი ისიც არის, რომ, ანომალიებისგან გაწმენდილი შედეგებით, კომუნისტებმა მიიღეს 25%, რაც ფუნდამენტური სიახლეა, რადგან რუსული საარჩევნო სტრუქტურა, საარჩევნო ავტორიტარიზმი, როგორც წესი, ისეა მოწყობილი, რომ არსებობს ერთი ცენტრალური პარტია, რომლის უკანაც მიჩანჩალებენ დანარჩენი ცეროდენა პარტიები. 2017 წლის არჩევნებში დაახლოებით 10% მიიღო სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, ხოლო 40% - ცენტრალურმა პარტიამ, 2021 წელს რადიკალურად განსხვავებული სურათია: მთავარ, მმართველ პარტიას აქვს 33%, მეორე პარტიას კი - 25%.

„რეალურად სახეზეა დე ფაქტო თანასწორობა“, - ამბობს ალექსანდრ კინევი, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსი „კომუნისტების“ მკვეთრ დაწინაურებას სხვა დანარჩენ პარტიებთან შედარებით:

„კომუნისტური პარტიის საარჩევნო წარმატების მთავარი წყარო თავად რუსეთის ხელისუფლებაა. მაინც რა დაეხმარა "რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას" საპროტესტო ხმების ამგვარ კონსოლიდაციაში? პასუხი მხოლოდ ერთია: პოლიტიკური ველის გაწმენდა. ხელისუფლებას რომ არ გაესუფთავებინა პოლიტიკური ველი მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობისგან, არ მოხდებოდა საპროტესტო ამომრჩევლის კონსოლიდაცია "კომუნისტური პარტიის" ირგვლივ. უხეშად რომ ვთქვათ, ნავალნის სია რომ ყოფილიყო, თავის 6-7%-ს შეაგროვებდა, ვიღაც სხვაც იქნებოდა და, შესაბამისად, რუსეთის კპ-ს არ ექნებოდა 25%“.

ალექსანდრ კინევი, პოლიტოლოგი

ანგარიშის ავტორთა თქმით, პოლიტიკური ველის დივერსიფიკაცია არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიდა რუსეთის ხელისუფლებას, მხოლოდ რთული სამუშაო ექნებოდა ჩასატარებელი.

„მაგრამ მათ უბრალოდ არ იციან რთულ სქემებზე მუშაობა, დეგრადირდნენ, დაავიწყდათ საქმის კეთება, ამიტომაც, ერთადერთი, რაც მათ ხელში უჭირავთ, ეს არის ურო და აკრძალვა. რა ჰგონიათ, თუ დააპატიმრებენ ყველას, ვინც არ მოსწონთ, შემოიღებენ ახალ აკრძალვებს, მაშინ ამ კანდიდატთა ამომრჩეველი გაქრება? ცხადია, ამომრჩეველი არ გაქრება, ის აირჩევს იქიდან, რაც დარჩა, ხოლო იმათ შორის, ვინც დარჩა, "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია" ყველაზე პერსპექტიული და რადიკალური პროექტი გამოდგა“, - ამბობს ალექსანდრ კინევი.

რუსეთის მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნაზე საუბრისას, ცალკე გამოსაყოფია „ყირიმის სინდრომის“ განელება: მან, ფაქტობრივად, შეწყვიტა მუშაობა; ასევე უკიდურესად არაპოპულარული საპენსიო რეფორმა, რამაც ბიძგი მისცა ძალაუფლებისადმი დამოკიდებულების მნიშვნელოვან ცვლილებას; თავისი საქმე გააკეთა ხანგრძლივმა ეკონომიკურმა სტაგნაციამაც.

„უნდა ითქვას, რომ "კომუნისტური პარტიის" ირგვლივ კოალიცია, გარკვეულწილად, "კომუნისტური პარტიის" ნების გარეშე შეიკრიბა. ზოგადად, "კომუნისტური პარტიის" ამ წარმატებაში ოთხი კომპონენტია გამოსაყოფი: კომუნისტების ტრადიციული ბირთვული ელექტორატი, სოციალურ ნიადაგზე არსებული საპროტესტო განწყობები ძირითადად მათი, ვინც ცოტას გამოიმუშავებს. მესამე კომპონენტი - ანტიოლიგარქიული, ანტიკორუფციული, მაგრამ უფრო პოპულისტური ტენდენცია, რომელიც არსებობს რეგიონებში და, რომელსაც ადრე ჟირინოვსკის პარტია იზიდავდა. და მეოთხე, რა თქმა უნდა, "ხმის გონივრული მიცემის" ეფექტი, როცა ყველა ოპოზიციონერი ამომრჩეველი ხმას აძლევს ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას ან კანდიდატს“, - მიაჩნია პოლიტოლოგ კირილ როგოვს.

გენადი ზიუგანოვი, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი

რუსეთის მმართველი პარტია ასევე წლებია ერთგულობს ე.წ. დაბალი აქტივობის სტრატეგიას, რომელსაც პირველად 2013 წელს მიმართა. სწორედ მაშინ გადაწყდა არჩევნების სექტემბრისთვის გადატანა. სექტემბერში, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მოსახლეობის ნაწილი მინდორშია გასული მოსავლის ასაღებად, ნაწილი კი შვებულებებიდან არ დაბრუნებულა. ანგარიშის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ამგვარი რამ შემთხვევით არ გაკეთებულა.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის აქტივობის ზრდა ერთგვარი დანაღმული ველია, რომელზე გავლაც კაცმა არ იცის როგორ დასრულდება. ძალიან ეშინიათ ამის. ამიტომ ხდება ბიულეტენების სტერილიზაციის მცდელობები, კონკურენტუნარიანი კანდიდატების გამორიცხვა და ა.შ. ერთადერთი, რაც ოპოზიციას ასეთ პირობებში რჩება, აქტივობის გაზრდისთვის ბრძოლაა, ეს არის დღევანდელი არჩევნების მთავარი პრობლემა“, - ამბობს ალექსანდრ კინევი.

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ყველა სიახლე, მათ შორის, ხმის ელექტრონული მიცემის სისტემის დანერგვა და ხმის მიცემის პროცესის სამ დღემდე გახანგრძლივება - არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად გაკეთდა, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი კირილ როგოვი ამბობს, გაყალბების ამგვარ დახვეწილ მექანიზმებს თანდათან ცვლის ძალადობა და უხეში ზეწოლა:

საპროტესტო მსვლელობა მოსკოვში. "ჩემი რუსეთი ციხეში ზის"

„შეგიძლიათ გააყალბოთ ყველა არჩევნები, თუ მოგვიანებით გექნებათ საშუალება, არავის მისცეთ ამის თქმის უფლება, არავინ ალაპარაკოთ ამაზე, არ დაუშვათ ამ ფაქტით აღშფოთებული ხალხის რაიმე სახის კონსოლიდაცია. ეს ის ვითარებაა, რასაც ვაკვირდებით მაღალი დონის რეპრესიების მქონე ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც უბრალოდ ფურცელზე წერენ, რამდენი მივიდა არჩევნებზე და რამდენმა დაუჭირა მას მხარი, რადგან არ არსებობს ინსტრუმენტები, რომლებითაც შეიძლება გავლენის მოხდენა შექმნილ ვითარებაზე. ამგვარი ცვლილება, რეპრესიული და ძალაუფლების იარაღები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ხოლო მანიპულაციური იარაღები სულ უფრო და უფრო ატავიზმად და წარსულის ერთგვარ გადმონაშთად გვევლინება“.

რას შეცვლის კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსული ჯარების შესაძლო შეჭრასთან, სჭირდება თუ არა რუსეთის ხელისუფლებას ომი ახალ ვითარებაში?

კირილ როგოვი: „პრინციპში, პატრიოტული მობილიზება იმ უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაა, რომელიც ბოლო არჩევნებზე გამოიკვეთა. ამომრჩევლის ნაწილს ამგვარი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გახლეჩს, მაგრამ საკითხავია, რამდენად წამოეგება ამას მოსახლეობა. იმიტომ, რომ უკვე იყო ერთი პატრიოტული მობილიზაცია ყირიმთან დაკავშირებით, რამაც გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია. ყირიმი ჩვენია, მაგრამ ბედნიერება არა და არ ჩანს. როცა მეორე ყირიმს გთავაზობენ, ბუნებრივია, ბევრად სკეპტიკურად ხარ განწყობილი. მეტიც, 2014 წელს, როცა ყირიმის საკითხი იდგა, სხვა ვითარება იყო, დიდი დრო არ იყო გასული ეკონომიკური აღმავლობის პერიოდიდან. ახლა სხვა ვითარებაა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ხალხისთვის მთავარია არა მძლავრი თვითმპყრობელობა, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება“.

ალექსანდრ კინევი: „მე ვფიქრობ, რომ ექსპანსიის სცენარი პრობლემებს ვერ მოაგვარებს, პირიქით, გამოიწვევს სისტემის დაჩქარებულ კოლაფსს, რადგან ექსპანსია გამოიწვევს რესურსების გადატვირთვას“.

2021 წლის 1 ნოემბერი, სმოლენსკის რეგიონი, ელნა. ფოტო გადაღებულია თანამგზავრიდან. რუსეთის შეიარაღებული ძალების თავმოყრა რუსეთ-ბელარუსის წვრთნების, "დასავლეთი 2021"-ის შემდეგ.

ანგარიშის ავტორები ვითარებიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად სახავენ რეჟიმის განახლებას მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გარემოცვიდან, ერთგვარი „ახალი გორბაჩოვის“ გამოჩენას, თუმცა უფრო რეალურად მიაჩნიათ მოვლენების ტრადიციული განვითარება, როცა ავტორიტარული რეჟიმი განაგრძობს არსებობას ლიდერის ჭკნობის პროცესში.

კირილ როგოვის თქმით, რეპრესიების შედეგად მიღებული სურათი ასახავს მხოლოდ მოჩვენებით სტაბილურობას, რომელიც მუდმივად ვერ გაგრძელდება:

„როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ რეჟიმებში, უპირველეს ყოვლისა, ირღვევა კავშირები საზოგადოებასთან. ასევე მცდარია არჩევნების გზით მიღებული ინფორმაცია. რეპრესიები იძლევა სურათს, რომელიც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გასაღდეს სტაბილურობად. საბჭოთა რეჟიმის დროს ფასები ფიქსირებული იყო, ამიტომ, როდესაც ინფლაცია დაიწყო, ვერავინ ხედავდა, რომ ფასები იცვლებოდა, ვერ ხედავდა, როგორ ვითარდებოდა ეკონომიკური კრიზისი. ახლაც, როცა ყველაფერი დაბლოკილია: იბლოკება არჩევნები, იბლოკება თავისუფლება ძალისმიერი ინსტრუმენტებით, არ ჩანს, როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესი, რომელიც რაღაც მომენტში მოულოდნელად იფეთქებს“.

პუტინის პიროვნების კულტი?

პუტინიზმის მესამე ეპოქის ზღურბლზე გარკვეული სახის პრობლემები აქვს თვითონ ვლადიმირ პუტინსაც, რომლის პრეზიდენტად დარჩენას (2024 წლის შემდეგ) ეწინააღმდეგება რუსეთის მოსახლეობის 42%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლიდან მოყოლებული. ასეთია „ლევადა-ცენტრის“ მიერ 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინის მორიგი ვადით პრეზიდენტად არჩევა ყველაზე ნაკლებად უნდათ ახალგაზრდებს - 18-24 წლის რესპონდენტებს (57%-ს არ უნდა, 32%-ს უნდა).

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის მოქალაქეების 40%-ს მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინი გამოხატავს „ძალოვნების“ ინტერესებს, რაც ყველაზე მაღალი შედეგია 2017 წლის შემდეგ. 40%-ს მიაჩნია, რომ ის გამოხატავს „ოლიგარქების“ და მსხვილი ბიზნესის ინტერესებს. 29%-ს მიაჩნია, რომ პუტინი ჩინოვნიკებისა და ბიუროკრატიის ინტერესებს გამოხატავს. სიის ბოლოში არიან ღარიბები - 2%, და ინტელიგენცია - 9%.

პუტინი გამოხატავს: ძალოვნების ინტერესებს - 40 %, „ოლიგარქების“ და მსხვილი ბიზნესის - 40 %, ჩინოვნიკებისა და ბიუროკრატიის - 29 %, ინტელიგენცია - 9 %, ღარიბების - 2 %.

რუსების მეოთხედს (26%) სჯერა, რომ რუსეთში არსებობს ვლადიმირ პუტინის პიროვნების კულტი. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ. მაშინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 25%. 21%-ს მიაჩნია, რომ კულტი ჯერ არ არსებობს, მაგრამ მისი გაჩენის წინაპირობა სულ უფრო მატულობს.