ახალი ხელისუფლების ასი დღე ხუთწუთიანი ვიდეორგოლის სახით წარუდგინა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მართვის ტერიტორიული ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მისი გუნდის მუშაობის პირველი სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ პროექტებში. სოციალური მიმართულებით ქალაქის ბიუჯეტში აისახა პროგრამები მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციისთვის და გაიზარდა თანხა მედიკამენტებით ბენეფიციარების ერთჯერადად დახმარებისთვის.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ბოლო დროს ქალაქში განხორციელებულ, დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამოყოფს და ახალი გუნდის საეტაპო გადაწყვეტილებად მიიჩნევს მდინარე რიონის სანაპიროზე მდებარე სახლების აღდგენისა და თეთრი ხიდის რეკონსტრუქციის პროექტებს. ვიდეორგოლის სახით წარდგენილ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის 24- საათიანი წყალმომარაგების პროექტის ვადის მიხედვით დასამთავრებლად მერიამ მკაცრი მონიტორინგი დააწესა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაზე. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 100 დღეში კაპიტალურად შეკეთდა გზის საფარი 10 ქუჩაზე და ჩიხში, მდინარე ოღასკურას ადიდებისა და წყალმოვარდნის პრევენციისთვის კი მდინარის კალაპოტი რამდენიმე ადგილზე გაიწმინდა. მიღწევებს შორის ვიდეორგოლში ნაჩვენებია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის აკძალვა და თამარ მეფის ქუჩაზე რეკონსტრუირებული 26 შენობის ფასადის განათება. საანგარიშო ვიდეორგოლის მიხედვით, ახალი გუნდის პოლიტიკას ქალაქის სახელოვნებო და სპორტული ტრადიციების ხასიათი განსაზღვრავს და 100 დღის განმავლობაში მერიის პატრონაჟით 70-მდე კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის რამდენიმე საერთშორისო.
თვითმმართველობის არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ ქალაქის მერის მიერ საქმიანობის 100-დღიანი ანგარიშის წარდგენა კრიტიკის საგანი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილისთვის. სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, წარმომადგენელ ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ტრადიცია წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა და ეს დადებითი ფაქტია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული პროგრამების წარმოჩენა ქალაქის საჭიროებებს ვერ ასახავს. ნუგზარ კოხრეიძისავე შეფასებით, ქალაქში იყო ახალი სოციალური პროგრამების საჭიროება, ასევე დადებითი ფაქტია გარევაჭრობის აკძალვა, რაც სტაბილურად უნდა გაგრძელდეს ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად.
ნუგზარ კოხრეიძე დასძენს, რომ მოქმედ ხელისუფლებას ეფექტური მმართველობის პრობლემა აქვს, რაც შეხვედრების ნაკლებად ორგანიზებაში და ამ შეხვედრებზე დასმული წინადადებების ნაკლებად გათვალისწინებასა და აღსრულებაში გამოიხატება.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ წარდგენილი საქმიანობის 100 დღის ანგარიშში ასახულ პროექტებს არასაკმარისად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე, რომლის განცხადებით, ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ქალაქის ინფრასტრუქტურა საჭირო მოთხოვნებს ვერ უპასუხებს და ვიზიტორების ინტერესებზე არ არის მორგებული ქალაქის კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
2017 წლის 12 ნოემბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე არჩეული ქუთაისის მერისა და მისი გუნდის საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები და ლაპარაკობენ ინფრასტრუქტურული სამუშაოების სიმცირეზე, ცენტრალური და საუბნო გზების მოუწესრიგებლობასა და სხვა პრობლემებზე საუბრობენ.
ქუთაისის ხელისუფლების საქმიანობის ასი დღის ამსახველი ხუთწუთიანი ვიდეორგოლის ბოლოს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებს, რომ მათი დაპირებები ამომრჩევლებისადმი ძალაშია. ეს მხოლოდ დასაწყისია და ახალი გუნდი დიდი გამოწვევებისთვის მზად არის.