ციხიდან 3 თვის წინ გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა ბევრჯერ თქვა, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, მაგრამ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის პოლიტიკური მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია. 20 მაისს მისი საიდუმლო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გასცა - მერაბიშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიხილავთო. თუმცა პარტიაში ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ბოლო დღეებში გაჩნდა კიდევ ერთი ვარაუდი - შესაძლოა მერაბიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.
რა შანსები აქვს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში - მძიმე ბრალდებებისა და თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ? რა ვერსიები განიხილება მასთან დაკავშირებით? რას ფიქრობენ მერაბიშვილზე მშობლიურ სამცხე-ჯავახეთში?
„ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, მე ასე ვფიქრობ, სხვა ალბათ სხვაგვარად. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი!“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.
მელია ფიქრობს, რომ შს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში წარმატებით დაუპირისპირდება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს.
გავრცელებული ვარაუდების თანახმად, მერაბიშვილი კენჭს იყრის ახალციხეში, სადაც ახლა მისი ოჯახი ცხოვრობს და სადაც ის საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მეორე დღესვე ჩავიდა.
თავად ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარობა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა აქვს. თუმცა, თუკი ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულ პრინციპს გავითვალისწინებთ, ეს საკითხი მხოლოდ მერაბიშვილისა და პარტიის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.
ახალი საარჩევნო სისტემით (თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება), პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი დეპუტატი შევა და ოპოზიცია ამ მანდატების მოპოვებისთვის კოორდინირებულ მუშაობას გეგმავს.
ასევე ნახეთ რას წერენ სოციალურ მედიაში ვანო მერაბიშვილზე მას შემდეგ, რაც მან საპატიმრო დატოვა20 მაისს, ოპოზიციური ერთობის მასპინძელ „ლეიბორისტულ პარტიაში“ რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე - განიხილება თუ არა ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატად. თუმცა საერთო სავარაუდო განწყობის წარმოდგენა არც ისე რთულია.
თებერვალში, მერაბიშვილის გათავისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, არცთუ სახარბიელო განცხადებებით შეხვდნენ ოპოზიციური ერთობის წევრები. ნაწილმა ისიც თქვა, რომ ერთიანობის შესანარჩუნებლად - არ ისურვებდა მის ხილვას „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში.
„მე არ ვურჩევდი მას აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას, გარკვეული წარსული სიმძიმეების გამო“, - განაცხადა მაშინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ასევე ნახეთ ვანო მერაბიშვილი - პოლიტიკური სარგებელი თუ ტვირთი?ისურვებდნენ თუ არა ვანო მერაბიშვილის დეპუტატობას ახალციხელები? რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიერ 20 მაისს ჩატარებულ მცირე გამოკითხვაში განსხვავებული მოსაზრებები იკვეთება. თუმცა მხარდაჭერა აშკარად სჭარბობს წინააღმდეგობას.
- „ძალიან გამეხარდება, თუ ვანო ისევ პოლიტიკაში წავა. ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება ვანოს აქ. ივანიშვილს ეშინია ვანოსი - ჭკვიანი და ერუდირებულია და იმიტომ“;
- „წლები იჯდა ციხეში და რა აზრი აქვს ისევ პოლიტიკაში ჩართვას?! არ უნდა ჩაერიოს“;
- „ხალხს შეიძლება რამე ეშველოს. მე ვფიქრობ, კარგი პოლიტიკოსია და რამეს შეცვლის. ჩვენი რაიონის კაცია და აგე, რამდენი რამე გაგვიკეთა ჩვენ. რაც მთავრობა შეიცვალა, ჩვენთან არაფერი გაკეთებულა“;
- „პოლიტიკას თუ გაუყვა, „ოცნება“ ამას არ დაუშვებს. შეიძლება ისევ დაიჭირონ“;
- „ჩემი გადასახედიდან, მოვა პოლიტიკაში. რას შეცვლის და როგორ შეცვლის - წარმოდგენა არა მაქვს. ეს ვიცი, რომ ხალხი მხარს დაუჭერს“;
- „რამდენიმე წელი ხომ მუშაობდა. არ ვიცი, ვის მოწონდა, როგორ არ მოწონდა, რაფერ მოწონდა...“;
- „აუცილებლად გააკეთებს რაღაცას, მჯერა ვანო მერაბიშვილისა“;
- „უკეთესობისკენ წავა ცხოვრება, სამსახურები გვექნება, რა ვიცი... ჩვენი სამცხე-ჯავახეთი ყველა მაგის მხარეს არის, რა ვიცი“;
- „ადამიანი როდესაც დამნაშავეა... სასჯელი მოიხადა, მაგრამ ასეთი მძიმე სასჯელი, ასეთი დიდი დანაშაულებები ჩადენილი და მერე პოლიტიკაში შემოხვიდე - ნორმალურად არ მიმაჩნია... ვერ განსაზღვრავს, არ იქნება რეალური გადაწყვეტილებების მიმღები. უნდა დაანებოს პოლიტიკას თავი“;
- „მაგის დროს იყო დახმარებები - ვაუჩერები იყო ტყისა, იყო ხვნის ვაუჩერები და ათასი რაღაც... ახლაც იქნება ალბათ“.
თუკი ვანო მერაბიშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებს გადავხედავთ, მომხრეები მას ბევრ რამეს უფასებენ და ძირითადად - კრიმინალურ სამყაროსთან დაუნდობელ ბრძოლას, პოლიციის - პატრულის გამართულ მუშაობასა და რაბათის რეაბილიტაციას.
შს ყოფილი მინისტრი და პრემიერი - ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს შემდეგი ბრალდებებით დააკავეს: 5,2 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება და ამომრჩევლის მოსყიდვა (2012 წელი - დასაქმების სახელმწიფო პროგრამა). მოგვიანებით კი მას ახალი ბრალდებები დაემატა: დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში უფლებამოსილების გადამეტება.
2014 წელს სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ყველა ამ ფაქტის გამო და მსჯავრდებულმა საპატიმროში 6 წელი და 9 თვე გაატარა.
მერაბიშვილი ციხიდან 2020 წლის 20 თებერვალს გამოვიდა და ამბიციური განცხადებები გააკეთა. თუმცა ამ განცხადებებს აღარ მოჰყოლია ამბიციური ნაბიჯები.
„პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება საბოლოო ჯამში - როგორი ფორმით და რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა. ჩვენ მეგობრები ვართ 1998 წლიდან... მეგობრობა სხვა რაღაცაა, მაგრამ პარტიულად ალბათ სწორი იყო ასე“, - თქვა 20 მაისს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ ვანო მერაბიშვილის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას.
შემდეგ, უგულავამ თქვა ისიც, რომ მერაბიშვილის საიდუმლო შეგნებულად არ გაუთქვამს და თვლის, რომ ამ ბუნებრივ მოსალოდნელობას საიდუმლო არც შეიძლება ეწოდოს - „არა მგონია, რომ დიდი საიდუმლოა... მე ჩავთვალე, რომ ყველასთვის ცხადი იყო ეს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა - რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, რომ მერაბიშვილის გაწევრიანების საკითხი პარტიაში არ განხილულა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის გადაწყვეტილებაზე საუბარს 20 მაისს თავად ვანო მერაბიშვილმაც აარიდა თავი.
თუკი ზოგი მერაბიშვილს ორგანიზატორობის უნარს უწონებს და მასში ამომრჩეველთა მოზიდვის პოტენციალსაც ხედავს, ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა დღეს კომენტარებისგან იმ მიზეზითაც შეიკავა თავი, რომ - „ვანო მერაბიშვილი ახლა ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური ფიგურა არ არის“.
„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია კი გვეუბნება, რომ მერაბიშვილი ამ ეტაპზე „ბევრად უფრო ნეგატივია, ვიდრე პოზიტივი“, რადგან „საზოგადოების აღქმით, ყველა ის ცოდვა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა თავისი მმართველობის დროს, ძირითადად სწორედ მერაბიშვილთან ასოცირდება“.
აქუბარდიას თქმით:
- „მერაბიშვილი ახლა გარკვეულწილად „კეთროვანივით“ არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის - მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გარკვეული რესურსები“;
- „არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი შესაძლებლობები გამოიყენოს, მაგრამ მას, დიდი ალბათობით, ვერ ვნახავთ პარტიულ სიაში... და მაჟორიტარადაც წამგებიანი იქნება;
- „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ვერ დავინახე რაიმე ტიპის მონანიება, წუხილი მისი მხრიდან და, მათ შორის - ყველაზე მძიმე ლაქასთან - გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით“;
- „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელის მოხდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“.
ასევე ნახეთ ყველაფერი ვანოს შესახებ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 20 მაისს ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის ოპოზიციაში ჩართვა მოგებიანი იქნება მათი გუნდისთვის.
„თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის - მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიაში, მით უკეთესი. დანარჩენი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს".
თუმცა, როგორც ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების დღეს უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა - მერაბიშვილს შეუძლია იმედგაცრუებული, გულგატეხილი ამომრჩევლის მოზიდვა, ხოლო „მგელი, მგელი... და სისხლიანი 9 წელი - ეს პოლიტტექნოლოგია ძველებურად აღარ მუშაობს, რადგან დღევანდელმა ხელისუფლებამ თითქმის ყველა სისტემური მანკიერება გაიმეორა“.