„ფინანსური დახმარებების სქემა უნდა წარმოადგინოს ხელისუფლებამ. ადამიანები სახლებში ვერ ისხდებიან ყოველგვარი შემოსავლის და სურსათის გარეშე"

მერაბ ჯანიაშვილი, ეკონომისტი

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ყოველ კრიზისს აღმასვლა მოსდევს და მნიშვნელოვანია კრიზისის დასრულებისთვის მზადყოფნა:

„იმედი ვიქონიოთ, რომ მალე დასრულდება ეს ყველაფერი. ვეცადოთ, რომ ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო მომზადებულები შევხვდეთ ამ პერიოდის დასასრულს და უფრო ძლიერები შევხვდეთ. ეკონომიკაში ყოველთვის ასე ხდება - ყოველ დაცემას, უკეთესი აღმასვლა მოსდევს ხოლმე და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო დიდი სისწრაფით დაიწყებს აღმასვლას ამ პერიოდის გადავლის შემდეგ“.

ეს იმედი მან ინტერვიუს დასასრულს გამოთქვა. მანამდე კი ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს იმისათვის, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საგანგებო მდგომარეობის გადატანა შეძლოს:

„როცა ადამიანები სახლებში გამოვკეტეთ, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა ფაქტობრივად თვითიზოლაციის რეჟიმში, ოჯახის იზოლაციის რეჟიმში გვყავს გადაყვანილი, მათ არ აქვთ შემოსავალი და ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ჰქონდეთ. სანამ ეს მძიმე კრიზისული პერიოდი იქნება, სანამ ამ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი იქნება, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანების ფინანსური დახმარება.

...როგორც ამბობენ, რაღაც გეგმაზე მუშაობენ, მაგრამ არ ვიცით რაზე. ერთადერთი ვარიანტი და გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ის, რომ ამ ადამიანებს მივცეთ პირდაპირი ფულადი დახმარება და ეს შეიძლება შეეხოს მოსახლეობის ძალიან-ძალიან ფართო მასებს. აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს იმაზეც, რომ ეს დახმარება არ შეეხოს მხოლოდ ადამიანთა იმ ნაწილს, რომელსაც 40 ათას ლარზე მეტი აქვს წლიური შემოსავალი და იმათ, ვინც საჯარო სტრუქტურებშია დასაქმებული. მოსახლეობის 90% შემოსავლის გარეშე დარჩა და ამის შანსიც არ აქვს. შესაბამისად, ამ ადამიანებს, უბრალოდ თავი რომ გაიტანონ, ანუ გამოკვებისთვის აუცილებელია, რომ რაღაც ფულადი დახმარება მიიღონ. ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ ძალიან მალე.

რაც შეეხება ეკონომიკის სტიმულირების გზებს, ამაზე ჯერჯერობით საუბარიც კი ზედმეტია. სანამ არ გავიგებთ სადამდე დაეცემა ჩვენი ეკონომიკა და რა პრობლემების წინაშე დავდგებით, მანამდე აზრიც არ აქვს იმაზე მსჯელობას, ეკონომიკის სტიმულირებისთვის რამდენია საჭირო.

სავარაუდოდ, ძლიან დიდი თანხები იქნება საჭირო და ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ხელისუფლებაზე, რამდენად შეძლებენ ისინი უცხოური წყაროებიდან ფულადი რესრუსის მოზიდვას, რადგან არ არსებობს შიდა რესურსი, რომ იმ ზარალის კომპენსირება მოხდეს, დაახლოებით რაც მიადგება საქართველოს“.

მერაბ ჯანიაშვილი, გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გადაუდებელ საჭიროებაზე, ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ცვლილებების საჭიროებას. კერძოდ, ფიქრობს, რომ ბიუჯეტის შემცირებას სჯობს გაიზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი:

„კრიზისულ პერიოდებში არ არის პრობლემა, რომ დეფიციტური ხარჯვა მოხდეს“.

„დილის საუბრების“ სტუმრის ვარაუდით, გარდაუვალია და იქნება ძალიან დიდი მოცულობით უცხოური დახმარებების მოძიების საჭიროება.

„საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ამ თანხებს საიდან მოიძიებს ხელისუფლება, არ ვიცი, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ საგარეო წყაროებიდან. როგორც სსფ და მსოფლიო ბანკი აცხადებენ, ბევრად მომზადებული შეხვდნენ ამ კრიზისს, ვიდრე 2008 წლის ფინანსურ კრიზისს და ახლა ბევრად უფრო მზად არიან დაეხმარონ ქვეყანას.

...უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ იქნება მცირე თანხებზე საუბარი. თუ 2008 წელს 4,5 მილიარდი დოლარი მივიღეთ და ეს თანხა ძალიან სერიოზულად დაგვეხმარა 3-4 წლის მანძილზე. ახლა ასეთ დახმარებას არავინ მოგვცემს. ლაპარაკი უნდა იყოს უმეტესწილად სესხებზე, 6-დან 10 მილიარდ ლარამდე. საიდან უნდა მოიტანოს ეს ხელისუფლებამ, თუ არა ორი წყაროდან სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან გრძელადიანი სესხები?

მაგრამ ერთიც მინდა დავამატო - ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ბიზნესი ცოტა მეტად გაითავისებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და სოლიდარული იქნება ჩვენი ეკონომიკისადმი და რაღაც თანხები მათაც გაიღონ ამ ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. ბევრ მათგანს მიუღია სახელმწიფოსგან პრეფერენციები, ლარად ბევრისთვის უჩუქებიათ ქონება და მგონი უნდა მიხვდნენ იმას, რომ თუ ეკონომიკაში რთული მდგომარეობა იქნება და არ მოხდა საკმარისი გადანაწილება, მოსახლეობას უბრალოდ არ ექნება იმის შემოსავალი, რომ მათი პროდუქცია გაიყიდოს. ამიტომ, პირველ რიგში მათი ინტერესია ეს“.

გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკისთვის, რომელიც არაერთი ეკონომისტის შეფასებით, დღეს ჯანდაცვის მძევალია, იქნება ის, თუ რამდენ ხანს იქნება საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა და რა მასშტაბი ექნება ახალი კორონავირუსის გავრცელებას.

მერაბბ ჯანიაშვილის თქმით, შექმნილმა ვითარებამ კარგად წარმოაჩინა საქართველოს ეკონომიკის სისუსტეები:

„რაც შეეხება ეკონომიკის სტიმულირების თემას, რა თანხის მოგროვებაც მოხდება, მიმართული უნდა იყოს წარმოებისკენ. ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოაჩინა ჩვენი ეკონომიკის სისუსტე.

წლებია მეც და ბევრი სხვა ეკონომისტიც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამოკიდებული იყო ტურიზმზე და მომსახურებაზე. ახალი კორონავირუსით პირველ რიგში დარტყმა მიიღო მომსახურების სფერომ და აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში იმის საშუალებაც არ არის, რომ პირბადეები შევკეროთ. თურმე ყველაფრის იმპორტი გვიწევს.

ქალბატონმა ნათია თურნავამ ახლა აღმოაჩინა, რომ, თურმე, ადგილობრივი წარმოების განვითარება არის კარგი ეკონომიკსთვის. ორიოდე თვის წინ იძახდა კარგი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამინისტროს თუ დავარქმევთო“.

Your browser doesn’t support HTML5

მერაბ ჯანიაშვილი ეკონომიკის მყისიერ და გრძელვადიან საჭიროებებზე