ლარის კურსის ვარდნამ 7 ნოემბერს წლის რეკორდულ მაჩვენებელს (1 დოლარი - 2.7656 ლარი) მიაღწია. მართალია, 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი მცირედით (0.0151) გამყარდა, მაგრამ ეს ეკონომისტებისთვის საერთო სურათს არ ცვლის. მათი აზრით, კურსის ვარდნა ხელს არავის აძლევს და, მით უმეტეს, დისკომფორტს უქმნის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების მეორე ტურისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადება. მიუხედევად იმისა, რომ ხელისუფლება ინფლაციის კონტროლზე ლაპარაკობს, სამომხმარებლო ბაზარზე ფასები გაზრდილია მთელ რიგ პროდუქტებზე. ლარის მდგომარეობას ხელისუფლება ოპონენტებსა და დაძაბულ საარჩევნო გარემოს აბრალებს.
- რამდენად დამაჯერებელი და დამაიმედებელია ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული განცხადებები?
- არსებობს თუ არა ლარის გაძლიერების შანსი არჩევნების მეორე ტურამდე?
როგორია ლარის სწრაფი მობრუნების შანსები?
„ლარის კურსის რეკორდული გაქცევა, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევს ხელისუფლებას და, მით უმეტეს, არჩევნების მეორე ტურის წინ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბას) ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა. ექსპერტის აზრით, ძირითადი პრობლემების აღმოფხვრა მოკლე დროში ვერ მოესწრება, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე კვირაში სწრაფი შედეგი შეიძლება მოიტანოს:
- თუკი პროცესში ჩაერევა ეროვნული ბანკი (ინტერვენცია) და სავალუტო აუქციონის საშუალებით მოახდენს ზეგავლენას ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე;
- თუკი არ მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ აუთვისებელი თანხის, 3 მილიარდ ლარზე მეტის სწრაფად ხარჯვა;
- თუკი გამოვლენ კომპეტენტური თანამდებობის პირები, ხალხს დამაჯერებლად განუმარტავენ შექმნილ სიტუაციას და პანიკის განმუხტვას მოახერხებენ.
Your browser doesn’t support HTML5
ოპოზიცია ხელისუფლებას მართლაც მწვავედ აკრიტიკებს და ამ კრიტიკის კონკრეტულ საფუძველსაც ხედავს. თუმცა ეკონომისტების ნაწილს და მათ შორის, პაატა ბაირახტარს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა საერთოდ არ ზრუნავენ ლარის კურსის სტაბილურობაზე და სწორედ ამით არის გამოწვეული ლარის „სიურპრიზები“. შედეგად კი, სარგებლობს მხოლოდ რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენაში. ბაირახტარის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დოლართან მიმართებით ლარის კურსის 2.7-იან ნიშნულზეა გათვლილი, სავარაუდოდ, ლარის მკვეთრ გამყარებას არ უნდა ველოდოთ.
ხელისუფლება ოპონენტებს ადანაშაულებს
ეროვნული ბანკისა და მთავრობის კაბინეტის წევრების განმარტებებს თუ მოვუსმენთ, ფაქტია, რომ ძირითადად ყველაფერი წინასაარჩევნო დაძაბულ გარემოსა და ოპონენტების რიტორიკას ბრალდება.
- ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რომ არა არჩევნების ფაქტორი და უპასუხისმგებლო საჯარო მოხელეებისა თუ ექსპერტების განცხადებები, ლარს ვარდნის სხვა საფუძველი არა აქვს;
- ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებითაც, ყველაფერი ოპონენტების მიერ გავრცელებული ტყუილების ბრალია - ტყუილი კი, მოსახლეობაში „ჩვეულებრივ აჟიოტაჟს“ თესავს;
„გარკვეული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებზე“ ილაპარაკა 8 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. ის აბსოლუტურად ეთანხმება ეროვნული ბანკის შეფასებებს და თვლის, რომ ლარის მდგომარეობა ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის განპირობებული. ლარის მდგრადი სტაბილურობის მისაღწევ მთავარ სტრატეგიად პრემიერი დედოლარიზაციას მიიჩნევს.
Your browser doesn’t support HTML5
ვინ ზარალდება ყველაზე მეტად?
ხელისუფლება აცხადებს, რომ მის მთავარ ამოცანას ინფლაციის კონტროლი წარმოადგენს და მაჩვენებელი არ აღემატება წინასწარ დაგეგმილ ნიშნულს. ამ ლოგიკით, არ არსებობს ფასების ზრდის რეალური საფრთხე, თუმცა სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდა არაერთ პროდუქტზე აღინიშნება.
Your browser doesn’t support HTML5
მოსახლეობა შეწუხებულია ფასების ზრდით, ფასების ზრდა კი, დიდწილად იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდით არის განპირობებული, რადგან იმპორტიორებს, ლარის ვარდნის პირობებში, დოლარის შეძენა უფრო ძვირად უწევთ. თუმცა საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, გაძვირდა ზოგიერთი ადგილობრივი წარმოების პროდუქტებიც.
მეორე მოწყვლად კატეგორიაში, რომელიც ასევე ძალიან ზარალდება, შედიან მოქალაქეები, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ აღებული. როგორც ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სახელმწიფოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ძირეული ცვლილებისა და ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე, ლარი მუდამ ცუდ მდგომარეობაში იქნება.