15 სექტემბერს, სწავლა უკრაინიდან დევნილი მოსწავლეებისთვის წუთიერი დუმილით დაიწყო. მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
თბილისისა და ბათუმის ოთხ საჯარო სკოლაში, უკრაინულ სექტორზე, უკრაინიდან დევნილი 2000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. განათლების სამინისტროში მათ ზუსტ რაოდენობას ვერ გვისახელებენ და გვეუბნებიან, რომ ზუსტი მონაცემის მისაღებად, ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.
უკვე მეორე წელია, უკრაინიდან დევნილი მოსწავლეები საქართველოში აგრძელებენ სწავლას. მათი ნაწილისთვის სახელმძღვანელოები კვლავ მხოლოდ ელექტრონული ფორმითაა ხელმისაწვდომი, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნით. ასეა 41-ე საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ უკრაინის განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ამობეჭდვა სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას არ არის და თუკი მოსწავლეებს უჭირთ ციფრული სახელმძღვანელოებით სარგებლობა, მაშინ მათ თავად უნდა უზრუნველყონ წიგნების ამობეჭდვა.
განათლების სამინისტროში არ გვპასუხობენ შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება უკრაინიდან დევნილი მოსწავლეებისთვის ბეჭდური სახელმძღვანელოების შეძენა.