მენოპაუზა - "ბოლო დიდი ტაბუ"?

შუაღამით უეცრად გახვითქულს გაგეღვიძა. თითქოს ვიღაცამ შეგაჯანჯღარა. გულიც უსწრაფესად გიცემს - რა უნდა ხდებოდეს? ცუდი სიზმრის ბრალია? მაგრამ სიზმარს არ ჰგავს, რადგან ეს ხვალაც მოხდება და ზეგაც. უმნიშვნელო დეტალები გაგაღიზიანებს. ხშირად იტირებ, ვინმეს უმიზეზოდ წაეჩხუბები.

თან ისე გცხელა, სული გეხუთება. ციკლსაც რატომღაც დააგვიანდა. რა ჯანდაბაა? გინეკოლოგთან ხომ არ უნდა წახვიდე? კი, ეს შეიძლება მენოპაუზა იყოს. ცვლილებების ახალი ეტაპი შენს ცხოვრებაში. მენოპაუზა - ახალი სიტყვაა შენს ლექსიკონში, რომელსაც, ბოლო დროს, ხშირად უწოდებენ „ბოლო დიდ ტაბუს“. ეს ყველა ქალის თავს გადასახდენი ამბავია, რომელზე ლაპარაკიც ჯერ კიდევ სირცხვილია.

მენოპაუზაზე მასალის მომზადება რომ გადავწყვიტე, ფეისბუკზე, მენოპაუზისა და პუბერტატის (სექსუალური მომწიფების ასაკი) შესახებ წიგნის პრეზენტაციის ანონსი შემომხვდა - დამთხვევა სოციალური ქსელების ალგორითმს დავაბრალე და ღონისძიების შინაარსს ჩავხედე. აღმოჩნდა, რომ გამოცემა - სათაურით „ცხოვრების გადაკვეთის გზები“ ჩემი ძველი მეგობრის, გერმანელი მსახიობისა და პერფორმერის, მარეიკე ვენცელის ორგანიზაციამ, „აიწონა-დაიწონამ“ მოამზადა მენოპაუზის პერიოდსა და გარდატეხის პერიოდში მყოფი ქალებისა და გოგონების ინტერვიუებზე დაყრდნობით.

მარეიკესგან არ გამკვირვებია, ქალი და მისი სხეული წლებია მისი ინტერესისა და კვლევის ობიექტია. მსგავს თემებზე ბერლინსა თუ თბილისში მას არაერთი პროექტი გაუკეთებია.

„45 წლის გავხდი, პერიმენოპაუზის პერიოდი მაქვს. ამ თემითაც მაშინ დავინტერესდი, როცა ის მეც შემეხო“, - მეუბნება ის.

უცებ ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ბევრი წელია გასული:

- წარმოგიდგენია? მენოპაუზა! რომელზეც არაფერი ვიცოდი! მე, ქალმა, რომელიც თავს ფემინისტად მოვიაზრებ და სულ ასეთ თემებზე ვმუშაობ.

იმ დღეს კი, როცა შხაპის მიღებისას მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო, იფიქრა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე თავის გინეკოლოგთან წავიდა.

ნუ ღელავ, უთხრა ექიმმა, ზოგ ქალს ასე ემართება. მაგრამ, რა იყო ეს „ასე“, აღარ აუხსნია. ბერლინიდან თბილისში ამ კითხვაზე უპასუხოდ დაბრუნდა და სისხლის ანალიზი მაინც გაიკეთა: ჰორმონ პროგესტერონის დონე სისხლში საგრძნობლად დაბალი იყო.

მარეიკე ვენცელი

ამ ამბის შემდეგ ცოტა დრო კიდევ გავიდა. დაახლოებით ორი წლის წინ, ჰამბურგში, სპექტაკლის წინა ღამით, ორ საათზე მარეიკე საშინელმა შეგრძნებამ გააღვიძა. მთელი სხეული უხურდა. პანიკური შეტევა ხომ არ მაქვს? იფიქრა. ან იქნებ გადავიწვი? მაგრამ დაღლილობა მიზეზი ვერ იქნებოდა, რადგან კოვიდის პანდემია ახალი დასრულებული იყო, მუშაობაც კი ახალი დაწყებული ჰქონდათ.

ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა უძილობა, შფოთვა, სიმხურვალის შეგრძნება. უბრალოდ, ცუდად ყოფნა.

„მერე ერთმა კოლეგამ მითხრა, შესაძლოა, ეს მენოპაუზა იყოსო და ისევ წავედი ექიმთან. მითხრეს, რომ პერიმენოპაუზის პერიოდი დამიდგა და ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია დამინიშნა“.

- „ვაუ! რა მაგარია, რომ მენსტრუაცია აღარ გექნება!“, - უთხრა მარეიკეს მეგობარმა.

მაგრამ მარეიკემ უპასუხა, რომ ეს სულაც არ იყო მაგარი ამბავი. და რომ მან ცხოვრებაში ყველაზე ჯოჯოხეთური თვეები გაიარა.

ჰორმონული თერაპია რომ დაიწყო, გინეკოლოგმა სპეციალური სპრეი აჩვენა და ჰკითხა, იცი, ეს როგორ გამოიყენო?

მარეიკემ სპრეის ფლაკონს დახედა და უთხრა: ალბათ, ვაგინაში უნდა მოვითავსო? არა, არა! უთხრა ექიმმა, მკლავზე უნდა მიისხა!

„და გაინტერესებს, რატომ მეგონა ასე? - ამბობს მარეიკე და ფლაკონის ფოტოს მიგზავნის.

აი, ამას:

„მას ფალოსის ფორმა აქვს. რა უნდა მეფიქრა? სინამდვილეში კი, უბრალოდ, თავი ეხსნება და მკლავზე უნდა მიისხურო. ჯანდაბა! რომელმა კაცმა გამოიგონა ამის დიზაინი?“.

მენოპაუზაზე პირველი კითხვებით დედას მიადგა, რომ მისი გამოცდილება მოესმინა. ამის შემდეგ დაფიქრდა, რამდენი ქალი გადის ამ გზას რთულად და თან ჩუმად, გაზიარების გარეშე. ზოგი ამ დროს ღამის ცვლაშიც კი მუშაობს.

„მაშინ მივხვდი, რომ ეს ტაბუა ბევრი ქალისთვის. და პრობლემაა ისიც, რომ ეს თემა ღრმად არ უკვლევიათ. ქალის სხეული არასოდეს ყოფილა ინტერესის საგანი ასეთი კვლევებისათვის, რადგან თუ არ ფუნქციონირებ როგორც დედა, საინტერესო აღარ ხარ“.

ასე დაიწყო მარეიკე ვენცელმა პირველად მენოპაუზის კვლევა ჯერ გერმანელ ქალებში (ინტერვიუების ნაწილი ბერლინში ჩაიწერა), შემდეგ კი, თბილისში დაბრუნებულმა, უკვე საქართველოშიც - ეს იყო ამ თემაზე საუბრის დაწყების მცდელობა.

და ქალებმა ილაპარაკეს. რთულად, მაგრამ მაინც მოჰყვნენ თავიანთ ამბებს და აი, ზოგიერთი ციტატაც მათი მონათხრობიდან, რომელიც წიგნშიც მოხვდა.

ციტატა წიგნიდან "ცხოვრების გადაკვეთის გზები"

ქალები რომ მენოპაუზის სირთულეებზე დუმილს ამჯობინებენ, ეს იმანაც დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელში არსებულ, ქალების თითქმის ყველა სანდო ჯგუფში ვიკითხე, თუნდაც ანონიმურად, ხომ არ ენდომებოდათ საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვა ქალებისთვის. მოსალოდნელზე გაცილებით ცოტა ქალი გამომეხმაურა.

ციტატა წიგნიდან "ცხოვრების გადაკვეთის გზები"

მოდი, ვილაპარაკოთ, - მომწერა ბოლოს ნინო ბექიშვილმა.

გაიხსენა, ერთ დღეს, როგორ არ წავიდა თავის საყვარელ „ოუფენ ეარზე“, მუსიკის მოსასმენად, მხოლოდ იმიტომ, რომ წვიმაში დგომა დაეზარა. მაშინ მიხვდა, რომ რაღაც შეიცვალა.

„ეს იყო გარდატეხა სიბერისკენ“.

ოღონდ ძველი სურვილების გაქრობა არ იყო ერთადერთი სიმპტომი, რაც ნინოს ამ გზაზე შემოხვდა.

„ძილი გამიტყდა, ადვილად ვღიზიანდებოდი, ხშირად ვტიროდი. მოკლედ, ვერ ვუმკლავდებოდი და ბოლოს ფსიქიატრთან წავედი“.

ამ ვიდეოში ნინო თავის ამბავს გვიყვება.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ბექიშვილი - ვილაპარაკოთ მენოპაუზაზე

მენოპაუზაზე ილაპარაკა ნათია კობერიძემაც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დიდი ხანია მენოპაუზას თავადაც იკვლევს და ამით უფრო ადრე დაინტერესდა, ვიდრე პერიმენოპაუზის პერიოდი თავად დაუდგებოდა.

„ეს მოხდა მაშინ, როცა მოვისმინე საშინლად მიზოგინური აზრი, რომ თითქოს მენოპაუზა არასრულფასოვნებას ნიშნავს, თითქოს ქალი დამთავრდა. ამ თემაზე ქალები არ ლაპარაკობენ. რადგან მენოპაუზა საშინლად სტიგმატიზებულია, ალბათ, სწორედ დომინანტი კაცების საზოგადოების მხრიდან. თუმცა ამას ბევრი ქალიც არის აყოლილი. მე, მაგალითად, ერთი ქალი მლანძღავს ხოლმე ფრაზით „შე კლიმაქსიანო“, - ეს უცოდინრობის, ზოგადად, ქალის სხეულის არცოდნის შედეგია“.

ამ ვიდეოში ნათია გვიყვება თავის გზაზე, იმაზე, რატომ არის მენოპაუზაზე ლაპარაკი სირცხვილი, რატომ არის ქალი „უფრო ნაკლები არაქალებთან შედარებით“, ჰყვება იმაზე, რომ ქალების უმრავლესობას საქართველოში, არათუ მენოპაუზაზე საუბრის ფუფუნება, არამედ ექიმთან წასვლის შესაძლებლობაც არ გააჩნია. ჰყვება მენოპაუზის თანმდევ სტერეოტიპებზეც, რომ თითქოს ამ ეტაპზე მყოფი ქალები სექსუალურ ცხოვრებაზე უარს ამბობენ.

Your browser doesn’t support HTML5

ნათია კობერიძე - მენოპაუზა, მე და ჩემი სხეული

წლების წინ, დიდ ბრიტანეთში Nuffield Health Group-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 4 ქალიდან 1-მა თქვა, რომ მენოპაუზის სიმპტომების გამო ცხოვრება უჭირდა.

სიმპტომების მქონე ქალების თითქმის ნახევარმა (47-მა პროცენტმა) განაცხადა, რომ თავს დეპრესიულად გრძნობდნენ. ხოლო მესამედზე მეტმა (37 პროცენტი) თქვა, რომ განიცდიდნენ შფოთვას.

მენოპაუზის ეტაპზე მყოფი ქალების მდგომარეობა განსაკუთრებით რთული იყო სამუშაო ადგილებზე.

დასაქმებული ქალების 72 პროცენტი, რომლებსაც ჰქონდათ მენოპაუზის სიმპტომები, ამბობდნენ, რომ ვერ გრძნობდნენ მხარდაჭერას სამსახურში. და ეს იმის მიუხედავად, რომ ყოველი ხუთი ქალიდან ერთი აცხადებდა, რომ მათი სიმპტომები მათ სამუშაოს აზიანებდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ყოველი მეათე ქალი ამბობდა, რომ სამსახურიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა.

მენოპაუზა ქალის ცხოვრებაში ბუნებრივი მოვლენაა და ეს ეტაპი დაუდგება ყველას. თუმცა, როგორც ექიმი-რეპროდუქტოლოგი, კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოს სამედიცინო ფონდის რეპროდუქციული ლაბორატორიების დირექტორი, მარინა გვახარიაც გვეუბნება, ყველა ქალი ამ ეტაპს სხვადასხვანაირად გადის.

ეს ეტაპი დგება მაშინ, როდესაც მენსტრუალური ციკლი შეწყდება.

მენოპაუზის საშუალო ასაკი 51 წელია.

მარინა გვახარია გვიყვება, რომ ხშირად, დედის, ბებიის, დეიდის გენეტიკაც განსაზღვრავს, რა ასაკში დაეწყება ქალს მენოპაუზა. ხანდახან ემთხვევა სიმპტომებიც.

არსებობს ნაადრევი მენოპაუზაც, რომელიც ქალების დაახლოებით 1%-ში გვხვდება და ის, საშუალოდ, 40 წლის ასაკის ქალებს ეწყებათ - ჯერ კიდევ რეპროდუქციულ ასაკში.

ხანდახან იწყება ხელოვნური მენოპაუზაც - რაიმე სამედიცინო ჩარევის, ქიმიოთერაპიის ან ოპერაციის (საკვერცხეების) შემდეგ.

მენოპაუზას თავისი რამდენიმეწლიანი შესავალი პერიოდი აქვს - სწორედ ესაა პერიმენოპაუზა. ამ დროს იცვლება საკვერცხეებში ესტროგენის გამომუშავება (ფლუქტუაცია). ციკლი ირღვევა. მენსტრუაციის რაოდენობა ან მცირდება, ან პირიქით, იმატებს.

მარინა გვახარია შენიშნავს, რომ მენოპაუზამ შესაძლოა აბსოლუტურად უსიმპტომოდ ჩაიაროს, თუმცა სხვადასხვა წყაროებით, ქალების 50-დან 80 პროცენტამდე მენოპაუზის თანმდევი შემაწუხებელი სიმპტომების გამო მაინც უწევთ ექიმთან მისვლა.

სიმპტომებიც განსხვავებულია.

  • პირველი არის სისხლძარღვოვანი სისტემის და ვეგეტატიური სისტემის სიმპტომები, მარტივი ენით - „ალები“, რაც სიმხურვალის შეგრძნებას და ოფლიანობას იწვევს.
  • მეორე - ძილის დარღვევის სიმპტომებია. ქალები ხშირად უჩივიან უძილობას. ან ჩაძინების შემდეგ მალე გაღვიძებას და მუდმივ დაღლილობას.
  • მესამე ჯგუფში კი სასქესო და საშარდე სისტემის სიმპტომები შედის - სიმშრალე, ქავილი, სექსუალური აქტის დროს ტკივილი, ცისტიტიც კი.

ამ პერიოდში ქალებში ხშირია ოსტეოპოროზი - ძვლების სიმკვრივის შემცირება, რაც მენოპაუზის დროს უფრო ჩქარდება და შესაძლოა, მოტეხილობით დასრულდეს.

თუ მენოპაუზა უსიმპტომოდ მიდის, განსაკუთრებული მკურნალობა არ ინიშნება, თუმცა მარინა გვახარია გვეუბნება, რომ წელიწადში ერთხელ ექიმთან მისვლა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ისედაც სავალდებულოა. თუ მენოპაუზა რთულად მიდის, ინიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, თუმცა ესეც კონკრეტულ შემთხვევაში ექიმთან ერთად უნდა გადაწყდეს, რადგან ამ თერაპიას ახლავს თავისი საფრთხეებიც - ძუძუს კიბოს თუ ვენური თრომბოზის საფრთხე.

„რაღა დროს ჩემი სექსია“ და ის, რომ თითქოს მენოპაუზის შემდეგ სექსუალური ცხოვრება სრულდება, უბრალოდ სტიგმაა.

„არავითარი მიზეზი არ არსებობს, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ქალს პერიმენოპაუზის ან მენოპაუზის დროს სექსუალური ურთიერთობა. ეს უფრო სოციოლოგიური ხასიათის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც განათლება სჭირდება“, - ამბობს მარინა გვახარია.

მენოპაუზა ჯერ ისევ ჯიუტად რჩება ტაბუდადებულ თემად.

თუმცა, მასზე ღიად ლაპარაკი ბოლო წლებში ცნობილმა ქალებმაც გაბედეს.

ნიუ-იორკის ერთ სუსხიან ღამით, საუკეთესო ქალი მსახიობის მორიგი ჯილდოს მიღებისას, კინოვარსკვლავმა ემა თომპსონმა ასე იხუმრა:

„როგორი ცივი ღამეა, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ჩემი მენოპაუზის მადლიერი ვარ“.

ამ ხუმრობით მან მილიონობით ქალს მიაწვდინა ხმა და მათი გაუბედავი სათქმელიც თქვა.

და ბოლოს, იმ ქალებს, ვინც ახლა მენოპაუზის გზას ადგანან რთული სიმპტომებით, ექიმები ურჩევენ, თუ ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ, რამდენიმე უნივერსალური წესის დაცვას მაინც ეცადონ.

  • დაისვენონ, როცა ეს შესაძლებელია.
  • იკვებონ ჯანსაღად, ივარჯიშინ და იმოძრაონ.
  • ეცადონ მიიღონ კალციუმით მდიდარი საკვები,.
  • თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, იოგით დაკავდნენ.
  • ელაპარაკონ ამაზე ახლობლებს, ოჯახის წევრებს.

და არ დარჩნენ მარტო თავიანთ მენოპაუზასთან. ასე ეს პერიოდი უფრო ადვილად გაივლის.