"კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ პროკურატურისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 13 ოქტომბერს მიცემული ინტერვიუს შინაარსისგან. ხიდაშელი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში იქნა მოძიებული, მაგრამ სატელევიზიო ეთერში განსხვავებულად ჰყვება საგანგებო მისიის დაკისრების, რუკების ძებნა-ძიების პროცესის, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტისა თუ ბეჟან მაისურაძის როლთან დაკავშირებულ დეტალებს.
თხოვნის შესრულება
„2019 წლის ოქტომბერში ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, რომ დავხმარებოდი 1936-1938 წლებში გამოშვებული რუკების გამოძიებაში, რადგან ასეთი რუკები საქართველოში არ იძებნებოდა...
ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, რომ დავხმარებოდი მას და საქართველოსთვის ზემოთხსენებული პერიოდის რუკები მომეძებნა და გადამეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რადგან სამსახურებრივად ეს სამინისტრო ამ რუკებს საჭიროებდა“ - ეს არის ფრაგმენტი დავით ხიდაშელის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენებიდან.
თუმცა უკვე 13 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში იმავე დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ რუკების მოძიების თხოვნა მოდიოდა არა ბეჟან მაისურაძისგან, არამედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც პირველად 2017 წელს შეხვდა და მას შემდეგ ერთმანეთთან მხოლოდ დაბადების დღის მილოცვები აკავშირებდათ - „2019 წლის სექტემბერში დამირეკა... მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძიებინა რაღაც რუკა“.
ხიდაშელი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილმა ის დეტალებისთვის თავდაცვის მინისტრთან გადაამისამართა.
ასევე ნახეთ ხიდაშელი ჰყვება რომ ივანიშვილმა დაურეკა და დახმარება სთხოვა დავით გარეჯის საკითხზერაც შეეხება ბეჟან მაისურაძეს, დავით ხიდაშელმა ინტერვიუს სხვადასხვა ფრაგმენტში ის მეზობლად, ამხანაგად თუ მეგობრად მოიხსენია და ისიც თქვა, რომ მაისურაძე ამ საქმეში მხოლოდ „კურიერის“ ფუნქციას ასრულებდა - უნდა გამოერთმია რუკები და სხვა მასალები თავდაცვის მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის და დავით ხიდაშელისთვის უნდა გაეგზავნა.
თუმცა ბეჟან მაისურაძე მხოლოდ კურიერი რომ არ იყო, გამოძიებისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენების რამდენიმე ფრაგმენტშიც ჩანს. კერძოდ:
- დავით ხიდაშელი დაკავებულ ივერ მელაშვილთან შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდის აღწერისას წერს: „ეს შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2020 წლის 30 ივლისს და მე, ბეჟან მაისურაძესთან ერთად (სადელიმიტაციო-სადემარკაციო) კომისიის თავმჯდომარის ლაშა დარსალიას მიერ მიწვეული ვიყავი როგორც სპეციალისტი“.
- დავით ხიდაშელის ჩვენების თანახმად, ბეჟან მაისურაძე ასევე ესწრებოდა 2020 წლის 1 აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრასაც;
- ბეჟან მაისურაძეს ხიდაშელი ახსენებს ჩვენების იმ ფრაგმენტშიც, სადაც რუსეთში მოპოვებულ მასალებთან უანგარო მიდგომაზე ლაპარაკობს - „მე და ბეჟან მაისურაძემ 2020 წლის აპრილსა და ივლისის თვეებში სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესაძლებლობიდან გამომდინარე, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“.
ვინ არის ბეჟან მაისურაძე?
ვინ არის ბეჟან მაისურაძე და არის თუ არა ის უშიშროების ყოფილი მინისტრის, ამჟამად კრემლის იდეოლოგიის გამტარებლის, იგორ გიორგაძის პარტნიორი?
ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის მოძიება ინტერნეტში განთავსებულ არაერთ რუსულენოვან ვებსაიტზეა შესაძლებელი.
ბეჟან მაისურაძე იგორ გიორგაძესთან ერთად არის მოხსენიებული ფონდ „თანამემამულეების“ ("СООТЕЧЕСТВЕННИКИ") თანადამფუძნებლად. იქვე ნათქვამია, რომ დღემდე მოქმედი ფონდი ქართველი და რუსი ეროვნების მოქალაქეების სულიერ-ისტორიული და ნაციონალურ-კულტურული ტრადიციების აღორძინებას ისახავს მიზნად.
- ბეჟან მაისურაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დავით ხიდაშელმა სატელევიზიო ეთერში პასუხი არ გასცა - თქვა, რომ არ იცის, რადგან ამ საკითხის გადასამოწმებლად მაისურაძეს ჯერ არ შეხვედრია;
- თუმცა, ასეც რომ იყოს, დავით ხიდაშელი ამბობს, რომ - „აბსოლუტურად არ მაინტერესებს, გინდა გიორგაძესთან ჰქონდეს კავშირი, გინდა იმასთან...ვთხოვე მეზობელს, მიდი, გამოართვი რუკები და მომიტანე“.
ეს საკითხი საინტერესო ხდება, თუკი სახელმწიფო სტრუქტურიდან სახელმწიფო დოკუმენტაცია იგორ გიორგაძის პარტნიორს უპრობლემოდ გაატანეს. ბოლო დროს გაჩაღებული მწვავე დისკუსიის ერთ-ერთ უმთავრეს თემას სწორედ რუსეთის შესაძლო გავლენები წარმოადგენს.
ასევე ნახეთ ვის წისქვილზე ასხამს წყალს „კარტოგრაფების საქმე“? - რამდენიმე მოსაზრებარადგან ხიდაშელმა ექსკლუზიური ინტერვიუ „რუსთავი 2“-ს მისცა, ხოლო დანარჩენ მედიასაშუალებებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, 14 ოქტომბერს მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ბეჟან მაისურაძესთან დაკავშირებით გვიპასუხა, რომ ჯერ ისევ არაფერი გაურკვევია და „მალე“ შეხვდება მას.
ხიდაშელმა არ გვიპასუხა შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა თვალნათელ განსხვავებას მიცემული ჩვენებისა და სატელევიზიო ინტერვიუს შინაარსებს შორის - „რომელია მართალი?“.
„მე თხოვნებს ვღებულობ მარტო!!!“ - ასეთი პასუხი კი ბიზნესმენისგან მივიღეთ ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე, რომელშიც რუკების მოძიებასთან დაკავშირებით გამოყენებული გვქონდა სიტყვები - „დავალების მიღება“.
ხიდაშელის სტატუსი და ნდობა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში დავით ხიდაშელმა თქვა, რომ დაკარგულ რუკებს, მათ შორის - რუსეთშიც, ყველანაირი სტატუსის გარეშე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ისე ეძებდა. შემდეგ „როსრეესტრში“ მოძიებული რუკების კვლევა რუსეთშივე, „როსკარტოგრაფიას“ დაუკვეთა.
ჩვენებაში, კვლევის შემსრულებლად მოხსენიებულია ს.ს. „სივრცული მონაცემებისა და სერვისების ოპერატორი“, რომელმაც, თავის მხრივ, ხელშეკრულება გააფორმა „ურალგეოინფორმთან“ სადაც მიზანი, ისევ ჩვენების მიხედვით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1938 და 1978 წლებში, ისტორიულად არსებული სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის შედარება და ციფრული თემატური რუკების შექმნა იყო. სავარაუდოდ, სწორედ რუსეთში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა მელაშვილისთვის და ილიჩოვასთავის წაყენებული ბრალიც - საქართველოს მიწების დათმობასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ დამალული იყო თუ არა რუკა მასშტაბით 1:200 000ამასთან, გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ საგარეო უწყება დავით ხიდაშელს რიგით მოქალაქედ არ აღიქვამდა და მას მიწვეული „სპეციალისტის“ სტატუსით მოქმედების საშუალებას აძლევდა. ხიდაშელს შეეძლო, მაგალითად:
- კონკრეტული რუკების არგამოყენების თემაზე შეკითხვები დაესვა კომისიის წევრებისთვის და დისკუსიაში შესულიყო მათთან;
- გამოეთქვა საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ან არ უნდა მოქცეულიყო კომისია.
სატელევიზიო ინტერვიუში დავით ხიდაშელმა თქვა, რომ რუკების მოძიების პროცესში ის შემთხვევითი ფიგურა არ იყო, რადგან სამსახურეობრივად მას სხვადასხვა დროს ასეულობით სხვადასხვა რუკა აქვს მოძიებული და ზუსტად იცის - რა სად და როგორ უნდა ეძებოს.
დავით ხიდაშელი ამბობს, რომ არაერთი ბიზნესის მფლობელია და სხვა საქმიანობასთან ერთად, ის ამჟამად ბერძნულ კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც არის.
ასევე ნახეთ დავით ხიდაშელი: ჩემს ქვეყანას მტკიცებულებები დავუბრუნე, რომელიც დაეხმარება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროსთუმცა მის ბიოგრაფიაშია ასევე 7-წლიანი მუშაობს გამოცდილება (2007-2014) რუსეთის მსხვილი კორპორაციის - АФК “Система”-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტზე.
- მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და ხელმძღვანელი პირებიც მათი მეთვალყურეობით ინიშნებიან.
- ხიდაშელმა სატელევიზიო ინტერვიუში უარყო, რომ “Система” დაახლოებული იყო რუსეთის ხელისუფლებასთან და თქვა, რომ ამაზე კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირებაც მეტყველებს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხიდაშელმა კარტოგრაფიული მასალის მოპოვება "რუსეთში საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით" შეძლო. სპეცსამსახურების ჩარევა ხიდაშელმა კატეგორიულად უარყო 13 ოქტომბრის სატელევიზიო ინტერვიუში.
რას ეფუძნებოდა დავით ხიდაშელისადმი ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან? ხომ არ იყო სარისკო მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტების პრაქტიკულად უცხო პირისთვის გადაცემა, რომელსაც რამდენიმე ათეული წელია არ უცხოვრია საქართველოში?
ეს შეკითხვები მედიის წარმომადგენლებმა 14 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს ლაშა დარსალიასაც - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარეს.
მან თქვა, რომ ნდობას დავით ხიდაშელის მიერ მოძიებული მასალები იმსახურებდა, წინასწარი შეფასებები საიმედოა და სწორედ ამ მასალებით მოხდება მოლაპარაკებების გაგრძელება აზერბაიჯანულ მხარესთან.
დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა სადელიმიტაციო კომისიის წევრებისთვის აქამდეც კარგად ნაცნობი, დაუმოწმებელი რუკის იდენტურია და მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.
გამოკითხვის ოქმებით ასევე დგინდება, რომ კომისიის წევრებმა სხვადასხვა დროს განხილეს და არადამაკმაყოფილებლად ჩათვალეს 1:200 000-იანი რუკის შინაარსობრივი და ტექნიკური მახასიათებლები.