„მე ვნახე ჯალათი“ - ტვერში დახვრეტილების რეაბილიტაცია არ მოხდა

პოლიგონ მედნოეზე არსებული სამარხიდან მასობრივად დახვრეტილ მსხვერპლთა ნეშტების ფრაგმენტები

რუსეთის ხელისუფლების სურვილია, რადაც უნდა დაუჯდეს, ათასობით დახვრეტილი პოლონელი მოქალაქე უცნობის სტატუსით, მსხვერპლის ანონიმური მასის სახით დარჩეს.

მე-19 საუკუნეში ვაჟთა გიმნაზიისთვის ააშენეს ქალაქ ტვერის სამედიცინო უნივერსიტეტის ეს ჩალისფერი შენობა, რომელიც სოვეტსკაიას ქუჩაზე მდებარეობს. ფასადზე მიმაგრებული აბრა გვამცნობს, რომ აქ სწავლობდა ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ანდრეი ტუპოლევი. მისგან მარჯვნივ კიდევ ორი აბრაა: ერთი „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა, მეორე დახვრეტილი პოლონელი სამხედრო ტყვეების ხსოვნისა. მე-20 საუკუნის შუა წლებში აქ იყო ბოლშევიკური უშიშროების სამსახურის, „ენ-კა-ვე-დეს“, რეგიონალური განყოფილება, რომელსაც იქვე საპატიმრო ჰქონდა. ახალგაზრდები, ვინც სპეციალობად მედიცინა, ადამიანისთვის დახმარება აირჩია, ცოდნას იძენენ შენობაში, რომელშიც სიკვდილის კონვეიერი მუშაობდა.

დიდი ტერორის წლებში მაშინდელ კალინინის ოლქში რეპრესიებს, ოფიციალური მონაცემებით, 16 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა „ყოფილი კულაკები“ იყვნენ. ოლქის ხუთი ათასზე მეტი მცხოვრები დახვრიტეს. ისტორიკოსების თანახმად, რეალური რიცხვი მოკლულებისა ბევრად მეტი შეიძლება იყოს. ჩეკისტები აქტიურად ეძებდნენ ეგრეთ წოდებულ „მემარჯვენე-ტროცკისტულ იატაკქვეშეთს“. ეჭვი ყველაზე მიჰქონდათ - პარტიისა და კომკავშირის საოლქო კომიტეტის მდივნებზე, აღმასკომებისა და სამრეწველო ორგანიზაციების დირექტორებზე. „ხალხის მტრებად“ შერაცხავდნენ ხოლმე საკუთარ ახლო ნათესავებს. 1938 წელს დააპატიმრეს თვით ჩეკისტები, 25-მდე თანამშრომელი.

სასჯელის უმაღლეს ზომას იქვე აღასრულებდნენ, „ენ-კა-ვე-დეს“ საქალაქო სამმართველოებში. შემდეგ გვამები გადაჰქონდათ სოფელ მედნოესთან მდებარე სააგარაკო ადგილზე, მაშინდელი კალინინიდან (ტვერი) 35 კილომეტრში. გვამებს იქ, დაცულ ტერიტორიაზე, „ენ-კა-ვე-დეს“ საუწყებო აგარაკზე მარხავდნენ.

ახალი „ხალხის მტრები“

მედნოე მეორე მსოფლო ომის დაწყების შემდეგ კიდევ ერთხელ გაახსენდათ. რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის საიდუმლო ოქმის თანახმად, ჩეკისტებს რეკომენდაცია მისცეს, განსაკუთრებულ რეჟიმში განეხილათ თითქმის 22 ათასი პოლონელი სამხედრო ტყვის საქმეები და მათთვის სასჯელად უმაღლესი ზომა - დახვრეტა - შეეფარდებინათ. პარტია პოლონელებს თვლიდა საბჭოთა წყობის მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ ადამიანებად, „საბჭოთა ხელისუფლების მტრებად“.

მემორიალური დაფები სამედიცინო უნივერსიტეტის კედელზე

1939 წელს - საბჭოთა ჯარების პოლონეთში შესვლის, მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმების გაფორმების შემდეგ - სამხედრო ტყვეთა ბანაკებსა და საპატიმროებში აღმოჩნდნენ ოფიცრები და ჯარისკაცები, პოლიციელები და ჟანდარმები, მესაზღვრეები და ციხის ზედამხედველები, მეხანძრეები, სასულიერო პირები, პარტიის წევრები, ასევე გადამდგარი სამხედროები, რომლებსაც მიწის ნაკვეთები გადაეცათ დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიებზე. ეს რეგიონები 1939 წლის სექტემბრიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. ბანაკების ეგრეთ წოდებული განტვირთვა მოხდა 1940 წლის აპრილ-მაისში. ეს აქტი ისტორიაში შევიდა როგორც „დახვრეტა კატინში“. სმოლენსკის მახლობლად, სოფელ კატინთან, ნახეს დახოცილი პოლონელების გვამები. მაგრამ კალინინის ოლქში დახოცილთა რიცხვი მეტი იყო. მხოლოდ ოსტაშკოვის ბანაკში ექვსი ათასი ტყვე ჰყავდათ, ძირითადად პოლიციელები.

„საშინელი სანახაობა“

რუბანოვი ჭკუიდან შეიშალა, ჩემმა პირველმა მოადგილემ, პავლოვმა, თავი მოიკლა; ასევე ტყვია დაიხალა ჩემმა მძღოლმა, სუხაროვმა.

კალინინის ოლქის „ენ-კა-ვე-დეს“ სამმართველოს უფროსი დმიტრი ტოკარევი, მანამდე მესაზღვრე, მოსკოვში 1940 წლის მარტში დაიბარეს. მასთან ერთად დედაქალაქში გაემგზავრნენ პირველი მოადგილე პავლოვი და კომენდანტი რუბანოვი. ტოკარევი 1991 წელს, როცა მას საბჭოთა კავშირის პროკურატურა დაკითხავდა, იხსენებდა: „პავლოვმა გზაში შენიშნა, კომენდანტთან ერთად მივდივართ, კომენდანტები კი სასიკვდილო განაჩენების გამო სჭირდებათო“. ტოკარევს მოსკოვში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელის მოადგილემ ბოგდან ქობულოვმა უთხრა, ოპერაციები თქვენი ოლქის ტერიტორიაზე ჩატარდება და თქვენი თანამშრომლების გარეშე ეს ვერ გაკეთდებაო. ტექნიკური ხელმძღვანელობისთვის კალინინში ჩავიდა „ენ-კა-ვე-დეს“ საკომენდანტო განყოფილების უფროსი ვასილი ბლოხინი. სოვეტსკაიას ქუჩაზე მდებარე ციხის შენობა სამხედრო ტყვეებისთვის გაათავისუფლეს. საგანგებოდ მოწყობილი კამერის კედლებზე სქელი შალის ნაჭერი ააკრეს, სროლის ხმა რომ ჩაეხშო. აზუსტებდნენ ოსტაშკოვის ბანაკიდან მოყვანილი პოლონელი ტყვეების ვინაობას და ადარებდნენ დასახვრეტების სიას. სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი ტოკარევის დაკითხვისას აზუსტებს: „თქვენ ამბობთ, რომ ესწრებოდით ორ თუ სამ დაკითხვას, ასეა? და რამდენი ადამიანი დაკითხეს?“ „არავინ დაუკითხავთ. ერთ ყმაწვილს ჰკითხეს, „რამდენი წლის ხარო?“ 18-ის - იყო პასუხი. „სად მსახურობდი“? - „სასაზღვრო ნაწილში“ . „რად მსახურობდი“? - „ტელეფონისტად“. მე პირველად მივედი იქ და ათი-თხუთმეტი წუთით დავრჩი, მერე საქმეები მოვიმიზეზე და წავედი. საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი ვიყავი, შვიდი თუ რვა გარნიზონი მექვემდებარებოდა. კომიტეტში წავედი, რომ სწავლების საგზური ამეღო და ერთი დღის ნაცვლად 3-4 დღით დავრჩი. როცა დავბრუნდი, „მხიარულება“ გრძელდებოდა.

დახვრეტილი პოლონელების ხსოვნის მემორიალი

განაჩენის აღმსრულებელი ტყვეს კეფაში ესროდა მიბჯენით, შემდეგ სხვა შემოჰყავდათ. სიკვდილის კონვეიერი უშეცდომოდ მუშაობდა. დმიტრი ტოკარევი იხსენებს, რომ თავიდან მოიყვანეს სამასი კაცი. ეს ძალიან ბევრი აღმოჩნდა, რადგან ღამეები მოკლე იყო, დროში ვერ ეტეოდნენ. შემდეგ უკვე 250-250 ტყვე მოჰყავდათ. და მე ვიხილე მთელი ეს საშინელება. ბლოხინმა თავისი სპეცტანსაცმელი ჩაიცვა: ტყავის ყავისფერი ქუდი, ტყავის ყავისფერი გრძელი წინსაფარი, ასეთივე ხელთათმანები, გრძელი, იდაყვამდე სახელოებით. ამან ჩემზე საზარელი შთაბეჭდილება მოახდინა. მე ჯალათი ვნახე.

დახვრეტის ოთახიდან გვამები ეზოში გაჰქონდათ, იქ ალაგებდნენ მანქანებზე და ხუთი- ექვსი მანქანით გადაჰქონდათ მედნოეში, სადაც უკვე მომზადებულ ორმოებში ექსკავატორების საშუალებით მარხავდნენ. ასე იყო ყოველდღე. საშინელი სანახაობა იყო, -ჰყვებოდა დმიტრი ტოკარევი, - იმდენად საშინელი, რომ რუბანოვი ჭკუიდან შეიშალა, ჩემმა პირველმა მოადგილემ, პავლოვმა, თავი მოიკლა; ასევე ტყვია დაიხალა ჩემმა მძღოლმა, სუხაროვმა.

საერთო ხსოვნა

საბჭოთა ხელისუფლება უარყოფდა კატინის დახვრეტასთან რაიმე კავშირს და ყველაფერს ჰიტლერულ გერმანიას აბრალებდა. სტალინიზმის დანაშაულად კატინის ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარეს მხოლოდ 1990 წელს. ათი წლის შემდეგ მედნოეში გახსნეს მემორიალური კომპლექსი და საბჭოთა და პოლონური სასაფლაოები. პოლონურ ნაწილზე 6311 ფირფიტაა, დახვრეტილების სახელებითა და გვარებით. ცენტრში 25 კათოლიკური ჯვარია აღმართული, მიკვლეული ჯგუფური სასაფლაოების რიცხვის მიხედვით. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სასაფლაოზე ოთხი კონფესიის - ებრაული, მაჰმადიანური, კათოლიკური და მართლმადიდებლური - სიმბოლოები დგას. კომპლექსის სტუმრებს გიდი ეუბნება, რომ „ხსოვნა ერთია, ის აერთიანებს მსხვერპლთ, მიუხედავად ეროვნული თუ პოლიტიკურ შეხედულებებისა. ესაა ამ მემორიალური კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“. დახვრეტილი პოლონელი სამხედრო ტყვეების ერთი ჯგუფის ნათესავებმა გაერთიანება “მემორიალის“ დახმარებით განცხადება შეიტანეს მათ, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა, რეაბილიტაციაზე. რუსეთის ფედერაციის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ ამისთვის არ მოიპოვება საკმარისი პირადი დოკუმენტები. ყველა ინსტანციის სასამართლოები უწყებას მიემხრნენ. ახლა „მემორიალი“ გამოსაცემად ამზადებს კალინინში დახვრეტილი ტყვეების შესახებ წიგნს, რომელშიც შეიტანენ თითოეული მსხვერპლის ბიოგრაფიულ მონაცემებს „ენ-კა-ვე-დესა“ და პოლონურ არქივებზე დაყრდნობით. რადიო თავისუფლებას „მემორიალის“ პოლონური პროგრამის ხელმძღვანელმა ალექსანდრ გურიანოვმა უთხრა, როცა ლაპარაკს ვიწყებთ ერთი რომელიმე კონკრეტული პირის მსხვერპლად აღიარების შესახებ, როცა მისი სახელი და გვარი ცნობილია, მაშინვე უარს ამბობენ და იმიზეზებენ, რომ არ არის შემონახული დოკუმენტები, რომლებიც ამის შესაძლებლობას მოგვცემდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების სურვილია, რადაც უნდა დაუჯდეს, ათასობით დახვრეტილი პოლონელი მოქალაქე უცნობის სტატუსით, მსხვერპლის ანონიმური მასის სახით დარჩეს, არ მოხდეს საბჭოთა სახელმწიფო ტერორის მსხვერპლად კონკრეტული პირების აღიარება. ჩვენ ვამტკიცებთ, აცხადებს მემორიალის თანამშრომელი, რომ შემონახული მასალა იძლევა იმის საშუალებას, ცალკეული პირი აღიარებულ იქნეს სწორედ ამ დახვრეტის მსხვერპლად. ალექსანდრ გურიანოვი თავის კოლეგებთან ერთად რვა წელიწადია მუშაობს რუსეთში პირველ წიგნზე, რომელიც შეეხება კალინინის ტერორის მსხვერპლთ. ამ წიგნში ისტორიკოსებმა, პოლონურ და საბჭოთა არქივებზე დაყრდნობით, შეაგროვეს მონაცემები ოსტაშკოვის ყველა იმ ტუსაღის შესახებ, რომლებიც დახვრიტეს.

დაღუპულთა მემორიალის ფრაგმენტი

გურიანოვი თვლის, რომ დოკუმენტები უნდა განიხილონ კომპლექსურად, რათა თითოეული სამხედრო ტყვის დახვრეტის ფაქტი დადასტურდეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ, რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად, მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ამ კანონს რუსეთის სახელმწიფო უწყებები არღვევენ. „კანონით, ისინი მოვალე არიან განიხილონ განცხადებები და ან უარი უთხრან, ან გასცენ ცნობა რეაბილიტაციის შესახებ. მათ კი ამ განცხადებების განხილვაც არ სურთ. მთავარი ამოცანაა ხსოვნის უკვდავყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება უარზეა, აღიაროს ეს“, ფიქრობს ალექსანდრ გურიანოვი.

დახვრეტილთა დასაფლავების ადგილი

ტვერის სამედიცინო ინტიტუტის შენობაში უსაშვოდ ვერ შეხვალთ, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეზოს კარს აღებენ მათთვის, ვისაც ყვავილების მიტანით სურს პატივის სცეს მსხვერპლის ხსოვნას. ქუჩის მეორე მხარეს, სკვერში, მემორიალური ქანდაკება დგას: ეს არის მუხლებზე დაჩოქილი, თავდახრილი ადამიანის ფიგურა, რომელსაც მკერდზე დიდი ხვრელი აქვს. „ხალხის მტრების“ შთამომავლები ხსოვნის დღეს აქაც მოდიან.