ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ 19 თებერვალს ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც პირობას დებს, რომ გააგრძელებს ქმრის დაწყებულ საქმეს და მალე ალექსეი ნავალნის მკვლელობის მიზეზებსაც იტყვის.
„ზუსტად ვიცით, თუ რატომ მოკლა ალექსეი სამი დღის წინ პუტინმა. ამის შესახებ მალე გეტყვით. აუცილებლად შევიტყობთ იმასაც, თუ კონკრეტულად ვინ შეასრულა ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ გვარებს და გიჩვენებთ სახეებს“, - ნათქვამია იულია ნავალნაიას ვიდეომიმართვაში.
ამ მიმართვიდან მეორე დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 თებერვალს გენერლის უფრო მაღალი წოდება მიანიჭა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ვალერი ბოიარინევს, რომელიც პირადად გასცემდა კოლონიაში ალექსეი ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანებებს.
იულია ნავალნაია
„მე ჩემს მთავარ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენს ოჯახში არაფერი შეიცვალოს: ბავშვები იყვნენ ბავშვები და სახლი იყოს სახლი“, - ასე ხსნიდა ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსის ცოლი იულია ნავალნაია თავის არჩევანს.
იულია და ალექსეი ნავალნი თანატოლები იყვნენ, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, როდესაც ორივე 22 წლისა იყო. იულია ნავალნაია ახლა 47 წლისაა.
2001 წელს დაიბადა მათი ქალიშვილი დარია, ხოლო 2008 წელს წყვილს ვაჟი ზახარი შეეძინა.
იულია განათლებით საერთაშორისო ეკონომისტია, რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
ორი რთული ორსულობის შემდეგ, იულია ნავალნაიამ საკუთარ კარიერაზე უარი თქვა და მთლიანად ოჯახს მიუძღვნა თავი.
ამავე დროს, ნავალნის პოლიტიკური და საპროტესტო საქმიანობის ყველა ეტაპზე, იულია მეუღლის გვერდით იდგა: მიტინგებზე, 2013 წლის მოსკოვის მერის საარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო შტაბში და 2017 წელს, როდესაც ნავალნი კენჭს იყრიდა რუსეთის პრეზიდენტობისთვის.
იულია ნავალნაია ესწრებოდა „კიროვლესის“ და „ივ როშის“ საქმეებზე გამართულ ყველა სასამართლო სხდომას და სულ ბოლოს ქმრის გვერდით იყო 2022 წლის თებერვალში ვლადიმირის გამოსასწორებელ კოლონიაში გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც ალექსეი ნავალნის ცხრა წელი მიუსაჯეს „თაღლითობისა“ და „სასამართლოს შეურაცხყოფისთვის“.
იმ ჟურნალისტების თანამოსაუბრეები, რომლებიც იულია ნავალნაიას შესახებ წერდნენ, ამბობენ, რომ ის გულჩათხრობილი და თავშეკავებული ადამიანია: „ის ყოველთვის ძალიან თავაზიანი და მეგობრულია, მაგრამ მის შესახებ ვერასდროს ვერაფერს გაიგებთ, თუ მის ახლო გარემოცვაში არ შეხვალთ“, - მოჰყავს იულია ნავალნაიას გარემოცვის ერთ-ერთი წევრის სიტყვები ჟურნალისტ იულია იოფეს, რომელმაც 2021 წლის ივლისში იულია ნავალნაიას შესახებ დიდი სტატია გამოაქვეყნა ამერიკულ ჟურნალ Vanity Fair-ში.
თავად ალექსეი ნავალნი, ცნობილ ბლოგერ იური დუდთან ინტერვიუში, თავისი ცოლის პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბრისას ამბობდა, რომ ის მასზე ბევრად უფრო „რადიკალიზებულია“.
"პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ორი ადამიანია - ის და იულია"
ალექსეი ნავალნიმ ეს ინტერვიუ, რომელშიც მისი ცოლი იულიაც მონაწილეობდა, იური დუდს მისი მოწამვლის შემდეგ მისცა.
2020 წლის აგვისტოში რუსეთის ეფესბეს ოფიცრებმა ალექსეი ნავალნი ტომსკში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, საბრძოლო შხამით, მოწამლეს.
იულია ნავალნაია დაუყოვნებლივ ჩავიდა ომსკის საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო დახმარების თვითმფრინავმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ჩაიყვანა.
იულიამ დაჟინებით მოითხოვა, რომ მისი მეუღლე გერმანიაში გადაეყვანათ სამკურნალოდ. იულია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანამოაზრეები ეჭვობდნენ, რომ მას ომსკში არ მკურნალობდნენ, რასაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყოლოდა.
მაგრამ იულია ნავალნაიას ალექსეის პალატაში არ უშვებდნენ, არ აცნობდნენ დიაგნოზს, ხოლო ტომსკის საავადმყოფოში სამოქალაქო სამოსში მყოფი სამართალდამცავები მორიგეობდნენ.
როდესაც ნავალნაიამ „ეხო მოსკვის“ მაშინდელი მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის მეშვეობით შეიტყო, რომ პოლიტიკოსის გერმანიაში გადაყვანის ნებართვის მისაღებად კრემლი მისგან ელოდებოდა თხოვნას, იულია ნავალნაიამ ვლადიმირ პუტინს მისწერა წერილი, რომელშიც მეუღლისთვის ტრანსპორტირების ორგანიზება მოითხოვა.
2021 წლის იანვრამდე ნავალნი გერმანიაში რჩებოდა. იგი ჯერ კომაში იყო, შემდეგ თვალი გაახილა, თანდათან გამოჯანმრთელდა, გადიოდა რეაბილიტაციას და გამოძიებას აწარმოებდა მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ.
გერმანიაში მასთან იყო იულია ვაჟიშვილთან, ზახართან ერთად. „სიყვარული კურნავს და სიცოცხლეს უბრუნებს. იულია, შენ გადამარჩინე და დაე, ეს ჩაწერონ ნეირობიოლოგიის სახელმძღვანელოებში“, - წერდა ალექსეი ნავალნი გამოჯანმრთელების შემდეგ.
საგამოძიებო პროექტ Bellingcat-ის ხელმძღვანელმა ხრისტო გროზევმა, რომელმაც ნავალნისთან ერთად გამოიკვლია რუსი პოლიტიკოსის „ნოვიჩოკით“ მკვლელობის მცდელობა, - ჟურნალისტ იულია იოფესთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იულია ნავალნაიას არ უცდია, რომ ქმრისთვის რუსეთში დაბრუნება გადაეთქმევინებინა: მან თქვა, დიახ, ის უნდა წავიდესო, - ჰყვებოდა გროზევი.
„თვალთმაქცობა იქნებოდა მეთქვა, რომ არ ვღელავ. არ ვიცი, როგორ დასრულდება ყველაფერი, მაგრამ მჯერა, რომ არ შეიძლება შიში და არც უკანდახევა. ალექსეისთვის საზღვარგარეთ დარჩენა სრულიად შეუძლებელია: ძალიან ბევრს სურს ეს, ასე რომ, ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ“, - ამბობდა იულია ნავალნაია 2021 წლის იანვარში, ჟურნალ The Symbol-თან ინტერვიუში.
19 თებერვალს, როდესაც იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ გააგრძელებს გარდაცვლილი ქმრის საქმეს, ჟურნალისტმა ევგენია ალბაცმა, რომელიც კარგად იცნობს მას, ასეთი რამ დაწერა: „ყოველთვის ვფიქრობდი: პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ორი ადამიანია: იულია და ალექსეი ნავალნი... და თუ ვინმეს შეუძლია გააგრძელოს მისი საქმე, ეს სწორედ იულიაა“, - წერს სოციალურ ქსელ X-ში ალბაცი.
"მოგიწოდებთ დადგეთ ჩემ გვერდით"
2024 წლის 19 თებერვალს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ აპირებს ბრძოლას „თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მშვენიერი მომავლის რუსეთისათვის“.
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ დადგეთ ჩემ გვერდით.
გაიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა...
სირცხვილი ის კი არაა, გააკეთო ცოტა, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია თავი დააშინებინო“, - თქვა იულია ნავალნაიმ, რომელსაც რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა.
„სამი დღის სიბნელის შემდეგ, მე ვიღებ პოზიტივის რეგულარულ ინიექციებს - ყოველ საათში ვუყურებ იულია ნავალნაიას მიმართვას იუტუბის გვერდზე.
ერთი საათის შემდეგ იყო 80 ათასი ნახვა. 2 საათის შემდეგ - 540 ათასი. სამ საათში, ერთ-ნახევარ მილიონზე მეტი.
პუტინი ფიქრობდა: არ არის ადამიანი, აღარ არის პრობლემა. ისტორიული ეპოქის ყველა სულთამხუთავის ჩვეულებრივი მცდარი წარმოდგენაა“, - წერს ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი), რომელზეც რუსეთში ძებნაა გამოცხადებული.
იულია ნავალნაიას ერთპიროვნული თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსმა ოპოზიციონერმა დმიტრი გუდკოვმა, რომელიც იმედოვნებს, რომ რუსეთის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამჯერად მაინც მოახერხებენ ურთიერთწყენის დავიწყებას და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას: „რადგან მტერი ძლიერია. და მე ვშიშობ, რომ ეს, სამწუხაროდ, არ არის ბოლო პოლიტიკური მკვლელობა“, - თქვა მან „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ
როგორ კლავდნენ ნავალნის2022 წლის მარტის განაჩენის დღე იყო ბოლო დღე, როდესაც, იულიას თქმით, ის ალექსეის გვერდით იყო და შეეძლო ჩახუტებოდა ქმარს. ამის შემდეგ ცოლ-ქმარს უკვე ერთმანეთის ნახვის შესაძლებლობა აღარ მისცემიათ.
მეუღლესთან განშორებას ამძიმებდა ინფორმაცია საპყრობილეში ალექსეი ნავალნისადმი არაადამიანური მოპყრობისა და წამების შესახებ, რომელიც ასე აღწერა მიმართვაში იულია ნავალნაიამ:
„ალექსეი კოლონიაში გარდაიცვალა სამი წლის ტანჯვისა და წამების შემდეგ. ის უბრალოდ კი არ იჯდა და იხდიდა სასჯელს, როგორც სხვები, მას აწამებდნენ - სვამდნენ კარცერში, ბეტონის ყუთში.
გთხოვთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ: ეს არის ექვსი ან შვიდი კვადრატული მეტრის ოთახი, მასში არაფერია გარდა ტაბურეტისა, ხელსაბანისა, ტუალეტის ნაცვლად იატაკში გაკეთებული ნახვრეტისა და საწოლისა, რომელსაც კედელზე აკრავდნენ, რათა მასზე წამოწოლა შეუძლებელი ყოფილიყო. ჭიქის, წიგნის (ერთი) და კბილის ჯაგრისის გარდა, მას სხვა არაფერი ჰქონდა. ასობით დღის განმავლობაში“, - თქვა იულია ნავალნაიამ 19 თებერვლის მიმართვაში.
იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, რომელში ყოფნაც იულიამ წამებას შეადარა, ალექსეი ნავალნის პატიმრობის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაახლოებით 300 დღე ჰქონდა გატარებული.
- 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერაციულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციმბირის კოლონიაში გარდაიცვალა.
- ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ცნობების გავრცელებიდან სულ რამდენიმე წუთში, პროპაგანდისტულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ის თრომბის მოწყვეტის გამო მოკვდა.
- 17 თებერვალს, დილით კოლონია „პოლარულ მგელში“ ჩასულ ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სეირნობის მერე მოულოდნელად გული გაუჩერდა და სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
- ცხედარი მათ ადგილზე აღარ დახვდათ. კოლონიის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ის კოლონიიდან 50 კილომეტრში, ქალაქ სალეხარდის მორგში გადაასვენეს.
- ალექსეი ნავალნის ოჯახმა და ახლობლებმა მოითხოვეს ცხედრის დაბრუნება, რაზეც რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობს.
- სასჯელაღსრულების უწყებაში ალექსეი ნავალნის ადვოკატებსა და დედას განუცხადეს, რომ სიკვდილის მიზეზის „გამოძიება“ მომავალ კვირამდე არ დასრულდება.