მე ამის მწამს

რელიგია ის საკითხია, რაზეც პირველი კითხვები დავსვი, როცა საერთოდ კითხვების დასმა დავიწყე.

შემდეგ, როცა წამოვიზარდე, ეკლესიაშიც დამოუკიდებლად დავდიოდი.

ცოტა ხანში ძველი ქართული დამწერლობა ვისწავლე და ეკლესიის ფრესკებზე წარწერებსაც ვკითხულობდი, მომწონდა და მიზიდავდა ძველი დამწერლობა, მიზიდავდა სანთლის სუნი, მიზიდავდა ძველ კედლებზე მოხატული ფერად სამოსში ჩაცმული წმინდანები.

მომწონდა მონაზონი ქალების ჩაცმულობა, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი შარფებს და პირსახოცებს შემოვიხვევდი ხოლმე და ვამბობდი, რომ მეც მონაზონი ქალი ვიყავი.

Your browser doesn’t support HTML5

მე ამის მწამს

ეს პირველად 3 წლის ასაკში ვთქვი.

გადიოდა წლები, ვიზრდებოდი და ვცივდებოდი ეკლესიის მიმართ. ბევრ რამეზე დავეჭვდი. ბევრი საქციელი აღარ მომეწონა.

მერე რელიგიური წიგნების კითხვა დავიწყე - იქ სულ სხვა რამ ეწერა. ჩემ გარშემო „მორწმუნე“ ხალხი კი სულ სხვანაირად იქცეოდა. რაღაც არ ემთხვეოდა.

14 წლის ასაკში ვთქვი, რომ ათეისტი ვიყავი. ასე იყო 18 წლამდე. მაგრამ მაინც ბევრს ვფიქრობდი.

19 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ მე ინდივიდუალური მორწმუნე ვარ.

რელიგია ჩემთვის არის სიტყვები, ხოლო ბიბლია ამ სიტყვების ერთობლიობა.

ღმერთი, მე ასე მწამს, შემქმნელია.

და მწამს, რომ ის ჩემგან მხოლოდ ერთადერთ რამეს მოითხოვს - არ დავაზარალო ის, რაც მისი შექმნილია: ეს პლანეტა, ადამიანი, ცხოველი, ფრინველი...

მიყვარდეს მისი შექმნილი სახლი და მოვუფრთხილდე მას.

მე ადამიანს არ მოვკლავ, ამის უფლება ჩემთვის არავის მოუცია.

მე არ მოვიპარავ, რადგან სხვისი ჩემი არ არის.

მე არ მინდა ვიყო მეძავი, რადგან რადგან ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია.

ვიღაცამ ეს შეიძლება იმიტომ არ ქნას, რომ ასე ბიბლიაში წერია, წესები უნდა დაიცვას, წესებს უნდა მიჰყვეს.

სინამდვილეშიც ასე ფიქრობს? არ ვიცი.

ეკლესიაში მივდივარ ხოლმე - მომწონს იქაური გარემო. საგალობლები. სანთლების სუნი. იქ ვმშვიდდები.

იქ თქვენ ვერ მხედავთ, რადგან შეფუთნილი და შენიღბული შევდივარ ხოლმე.

მირჩევნია ვერ მიცნონ, ვინ ვარ. ასე უფრო მშვიდად ვარ, როცა თქვენ წირვას ესწრებით, ეს ჩემთვისაც თერაპიაა. მეც თქვენ გვერდით ვდგავარ.