90-მდე ოჯახი ბინებისა და ვენახების დაკანონების მოლოდინშია

ამ ბინებში, უკვე წლებია, თვითნებურად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვაგან წასასვლელი და საცხოვრებელი არ აქვთ.

ლაგოდეხში ფერმერები ვენახების, ხოლო უსახლკაროები ბინების დაკანონების მოლოდინში არიან. ლაპარაკია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რომლის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, მოსახლეობისთვის გადაცემის დაპირება ხელისუფლებამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ გასცა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის შესრულდება დაპირება, მაჟორიტარი დეპუტატი კი ამბობს, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია და დარჩენილია მცირე პროცედურები.

Your browser doesn’t support HTML5

90-მდე ოჯახი ბინებისა და ვენახების დაკანონების მოლოდინშია

ლაგოდეხში მცხოვრები 75 ოჯახი პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ გაცემული დანაპირების შესრულების მოლოდინშია. საქმე ეხება 22 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა მას მოსახლეობა უვლის და პატრონობს. იმის გამო, რომ ფერმერებს ვენახები არ აქვთ დაკანონებული, ვერ სარგებლობენ ვერც ერთი სახელმწიფო პროგრამით, მათ შორის აგროდაზღვევით.

ადგილობრივი მოსახლეობა ვენახების დაკანონებას, ათწლეულებია, ითხოვს. ამ ხნის განმავლობაში მათ დაპირება საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არაერთხელ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ.

2018 წლის 25 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ, ლაგოდეხში მცხოვრებ მევენახეებს მაჟორიტარი დეპუტატი, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ. ისინი ადგილობრივებს ვენახების სიმბოლურ ფასად დაკანონებას დაჰპირდნენ, თუმცა ფერმერებმა ამ დრომდე არ იციან, რა ეტაპზეა მათი საქმე და შესრულდება თუ არა წინასაარჩევნო დაპირება:

„გვითხრეს, არჩევნების შემდეგ იქნებაო, თუმცა უკვე ორი თვე გავიდა და ჯერ არაფერი ვიცით. მე მგონია, რომ მოგვატყუეს“;

„გუშინაც ვიყავი მერიაში და მითხრეს, რომ იანვრის ბოლომდე დაგვიბარებენ, რადგან ხელშეკრულებებია გასაფორმებელი“;

„საპრეზიდენტო არჩევნების მერე არავინ არ ყოფილა, არჩევნებამდე კი ორი შეკრება შედგა. გვითხრეს, ვისაც დასაკანონებელი გაქვთ, 1 ლარად დაგიკანონებთო, თუმცა დღემდე ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ შეასრულებენ წინასაარჩევნო დაპირებას“.

ფერმერებთან შეხვედრა

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც ლაგოდეხში არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა, 10-მდე ოჯახისთვის ყოფილი სამხედრო ბინების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაცემას ეხება. ამ ბინებში, უკვე წლებია, თვითნებურად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვაგან წასასვლელი და საცხოვრებელი არ აქვთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბინების ნაწილი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ლაგოდეხში მივლინებით მყოფი სამხედრო მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დაიკანონა.

ლაგოდეხ-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სამხედრო ბინების მოსახლეობისთვის გადაცემის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა გარკვეული პროცედურებია გასავლელი. რაც შეეხება 75 ოჯახისთვის ვენახების დაკანონებას, დეპუტატი ამბობს, რომ ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია:

„მთავრობამ 31 დეკემბრით დათარიღებული განკარგულებით მოსახლეობას გადასცა მიწის ნაკვეთები, სადაც ვენახებია გაშენებული. ახლა ნელ-ნელა დაიწყება ტექნიკური ხასიათის პროცესი, როდესაც ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს თითოეულ მათგანთან, რომლის შემდეგაც სიმბოლური საპრივატიზაციო თანხა, ერთი ლარი, უნდა გადაიხადონ. მე შემიძლია ვთქვა, რომ მათ ვენახები გადაცემული აქვთ საკუთრებაში. უბრალოდ, ხელშეკრულებებია გასაფორმებელი. სამხედრო ბინებს რაც შეეხება, ჩემი ინფორმაციით, ზოგს ორი ბინა აქვს დაკავებული და ამასთან დაკავშირებით რომ არ იყოს გაუგებრობა, ხდება ამის მოკვლევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში დავადგენთ ყველაფერს“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადასცეს თელავში 103 ოჯახს. ლაგოდეხის მსგავსად, ეს ოჯახებიც ბინებში თვითნებურად იყვნენ შესული.

თელავში ყოფილი სამხედრო ქალაქის კორპუსებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას ათწლეულები ვერ ახერხებდნენ. მათ შორის, ვინც თელავში ბინა ერთ ლარად მიიღო, თამარ ბაღათრიშვილიც არის.

დაუკანონებენ თუ არა, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების მიხედვით, ლაგოდეხში მცხოვრებ ოჯახებს სამხედრო ბინებს და ვენახებს, ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.