სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საშუალო ხელფასი იზრდებოდა და მესამე კვარტალში ის 1125,5 ლარი გახდა.
ამავე მონაცემებით, ქალების შრომა დაახლოებით 500 ლარით იაფი ღირს, ვიდრე კაცების და განსხვავება ხელფასებს შორის პირდაპირპროპორციულია ხელფასების ზრდისა.
მაგალითად, 2014 წლის პირველ კვარტალში, როცა საშუალო ხელფასი 795 ლარი იყო, ქალები 370,8 ლარით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ კაცებთან შედარებით.
დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზი ხელფასების ზრდის უფრო ნელი ტემპია: მაშინ, როცა კაცს წლიურად ხელფასი 66,9 ლარით ეზრდება, ქალის ანაზღაურება მხოლოდ 42,5 ლარით იზრდება.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სამსახურში გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს 202 წელი დასჭირდება თუ ამ ტემპით გააგრძელებს ცვლილებას. ევროპული ქვეყნების უმეტესობა ამ მიზანს გაცილებით ადრე, 108 წელიწადში მიაღწევს.
როგორ ითვლება საშუალო ხელფასი საქართველოში?
“ხელფასების დაანგარიშებისას ჩვენ მოვიცავთ ეკონომიკის ყველა სექტორს, გარდა შინამეურნეობების სექტორებისა, ანუ ყველაფერს, სადაც გვხვდებიან დაქირავებული თანამშრომლები“, - გვიხსნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გოგიტა თოდრიძე.
Your browser doesn’t support HTML5
საშუალო ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს არამხოლოდ უშუალოდ ხელფასი, არამედ პრემიები, დანამატები, დახმარებები.
რით აიხსნება განსხვავებული ხელფასები ქალებისა და კაცებისთვის?
საქსტატის წარმომადგენელი გოგიტა თოდრიძე ფიქრობს, რომ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ორი ფაქტორით: პირველი - დანამატებს და პრემიებს უფრო ხშირად კაცები იღებენ; მეორე - ქალები ძირითადად განათლების სფეროში მუშაობენ, სადაც ტრადიციულად ანაზღაურება სხვა სფეროებთან შედარებით დაბალია. ეს ორი ფაქტორი წევს საშუალო ხელფასს დაბლა.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რომელიც სამუშაო ადგილებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, “დასაქმებული ქალები უმეტესად დაბალკვალიფიციურ საქმეს ასრულებენ, მიუხედავად მათი განათლების ხარისხისა. უდიდესი ნაწილი წარმოდგენილია არა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, არამედ ქვედა რგოლის მუშაკად. მართალია, ქალები ხშირად ყველაზე შრომატევად საქმეს ასრულებენ, მაგრამ ისინი ნაკლებად ჩანან და ნაკლებად ხდება მათი დაწინაურება თავიანთი შრომისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.” ამავე კვლევის თანახმად, “როდესაც საქმე ანაზღაურებას ეხება, დამატებითი საათების ანაზღაურების ჩათვლით, ყოველ მეხუთე ქალს უგრძნია უთანასწორო მოპყრობა. “
გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით პარლამენტისთვის შედგენილ დოკუმენტში, რომელიც გენდერული თანასწორობის მისაღწევად არსებულ ბარიერებს და გამოწვევებს შეეხება, წერია, რომ არათანაბარი ხელფასი ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც დასაქმებულ ქალებს სამსახურებში ექმნებათ.
“დისკრიმინაციის მრავალ ფორმას შორისაა: "შუშის ჭერის" არსებობა სხვადასხვა სექტორში, ქალების კონცენტრაცია დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, სამსახურიდან დისკრიმინაციული გათავისუფლება, ღიად დისკრიმინაციული განცხადება ვაკანსიის შესახებ და კანონმდებლობის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი ღირებულების შრომისთვის. “
ჯერ ვინ უნდა გაძლიერდეს, ეკონომიკა თუ ქალები?
სოციოლოგი ანა დიაკონიძე თვლის, რომ “ეკონომიკური განვითარება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ქალთა გაძლიერებისათვის, ის პროგრამები კი, რომლებიც სპეციალურად ქალებისთვის არის შექმნილი და მათ ეკონომიკური გაძლიერებისკენ არის მიმართული, იშვიათად თუ აღწევს მიზანს.”
Your browser doesn’t support HTML5
ეკონომისტი ირაკლი მაკალათია კი ამბობს, რომ "თანასწორობის მისაღწევად საჭიროა შრომის ბაზრის განვითარება, დასაქმების დონის გაზრდა, ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა და კონკურენცია, რომელიც ბუნებრივად შექმნის გარემოს, სადაც ქალებს და კაცებს დასაქმების თანაბარი შანსი ექნებათ. ახლა კი, ჭარბი მოწოდების შემთხვევაში დამსაქმებელს აქვს ფუფუნება, ეძებოს ისეთი კადრები, რომლებიც მის პირობებს დათანხმდება. დღეს მოთხოვნა ძირითადად მაინც დაბალკვალიფიციურ პერსონალზეა."
როგორ ცდილობს საქართველო ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას?
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოს რიგი ვალდებულებები აქვს აღებული. მაგალითად, “ევროპის სოციალური ქარტია” ავალდებულებს ქვეყანას, გაატაროს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები (მაგალითად, ქალთა და მამაკაცთა მიერ თანაბარი სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების მიღება), ასევე ხელი აქვს მოწერილი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაზე და მიერთებულია პეკინის დეკლარაციასა და პლატფორმას, თუმცა მანამ, სანამ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის მიერ შედგენილი გენდერული უთანასწორობის სკალაზე პოზიციებს წლიდან წლამდე კარგავს და მსოფლიოში 99-ე ადგილს იკავებს, მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.