მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებით, ფეხით - საით მიდიან უკრაინელი ლტოლვილები

უკრაინელი ლტოლვილები მოლდოვის რესპუბლიკაში პალანკის გამშვებ პუნქტზე, 2022 წლის 26 თებერვალი.

უკრაინაში რუსეთის ჯარების ინტერვენციის  მე-4 დღეს, გაეროს თანახმად, უკრაინიდან მოსაზღვრე პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდ სახმელეთო ომს უკვე 150 000-ზე მეტი ადამიანი გაექცა.

"იქ წავალთ, სადაც კარი ღია დაგვხვდება. სხვა არჩევანი არ გვაქვს", - უთხრა 24 თებერვალს რადიო თავისუფლების პროექტ Current time-ს კოსტანტინოვკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ოჯახს უსაფრთხო ადგილას გზავნიდა. თვითონ კი აღმოსავლეთ უკრაინაში დარჩა.

იძულებით გადაადგილებული ადამიანები მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებითა და ფეხით ცდილობენ უსაფრთხო ქვეყანაში მოხვედრას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეიჭრა.

26 თებერვალს ქვეყნის საზღვრებზე გრძელი რიგები დადგა.

ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 100 000 ადამიანი პოლონეთში უკვე ჩავიდა. უკრაინელ ლტოლვილთა ნაკადების შესახებ იტყობინებიან სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი და მოლდოვაც.

"აბსოლუტურად სულისშემძვრელი მდგომარეობაა. მოლდოვაში უკანასკნელი 36 საათის განმავლობაში ათასობით და ათასობით ლტოლვილი შემოვიდა. მათ შორის, ბევრი ქალი და ბავშვი", - ამბობს UNHCR-ის წარმომადგენელი ცენტრალურ ევროპაში როლანდ შილინგი, რომელიც მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან იმყოფება.

ის უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, რომელიც, შილინგის შეფასებით, მართლაც შთამბეჭდავია.

"აქ ძალიან კარგი პროცედურაა, ხალხისთვის პასპორტის ქონა აუცილებელი არაა, საზღვრის გადასაკვეთად ნებისმიერი სახის დოკუმენტი გამოდგება, რომლის საშუალებითაც ადამიანის იდენტიფიკაციაა შესაძლებელი. ავტობუსები უფასოა, ლტოლვილების მხარდასაჭერად ადგილობრივებიც მოვიდნენ, ეხმარებიან საკვებითაც", - ამბობს შილინგი.

სლოვაკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში, 27 თებერვალს, GMT 06:00 საათამდე, დაახლოებით 10 000 ადამიანი მიიღო.

რუსეთის შემოჭრიდან სამი დღის განმავლობაში 43 000-ზე მეტი უკრაინელი რუმინეთშიც გაიქცა.

გერმანია, რომელიც უკრაინას არ ესაზღვრება, აცხადებს, რომ უკრაინიდან პირველი ლტოლვილები მიიღო, თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, ეს რიცხვები ჯერჯერობით დაბალია.

იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს შორის ძირითადად ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან. 18-დან 60 წლამდე კაცებისთვის უკრაინის დატოვება აკრძალულია.

გაქცეულთაგან ბევრს მეგობრები, ნათესავები ან ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვრებთან ხვდებიან.

ვითარების გაუარესების შემთხვევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ლტოლვილთა რაოდენობის 4 მილიონამდე ზრდას ელოდება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ ასევე თქვა, რომ მეზობელი ქვეყნების მთავრობებთან მუშაობენ და მოუწოდებს მათ საზღვრები ღია დატოვონ მათთვის, ვინც უსაფრთხო ადგილსა და თავდაცვის გზებს ეძებს.

"ჩვენ მზად ვართ ყველა ძალისხმევის მხარდასაჭერად, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება", - განაცხადა გრანდიმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ მისი ქვეყნის საზღვრები ღიაა უკრაინის მოქალაქეებისთვის, ქვეყანა დაეხმარება ყველას, ვინც მოლდოვაში "ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის" ჩავა.

პოლონეთმა, რომელსაც ბოლო წლებში მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა ჰქონდა, განაცხადა, რომ მზადაა იმდენი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც მის საზღვრებს მიადგება.

უნგრეთმაც, რომელიც ბოლო წლებში სირიიდან ჩასული ლტოლვილების მიმართ მკაცრი იყო, პირობა დადო, რომ უკრაინიდან გაქცეული ადამიანებისთვის საზღვარს გააღებდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა BBC-ს განუცხადა, რომ გაუჩერებლად მუშაობენ იმაზე, თუ კიდევ რის გაკეთება შეუძლიათ უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლების დასახმარებლად.

"ეს სასოწარკვეთილი სიტუაციაა. ჩვენ ვმუშაობთ გაეროსა და წითელ ჯვართან", - თქვა მან.

რას აკეთებს საქართველო?

აპირებს თუ არა საქართველო უკრაინელი ლტოლვილების მიღებას და მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია, - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით საქართველოს მთავრობის პრესცენტრს მიმართა. მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, მაგრამ მოიკითხავენ და გაგვაგებინებენ. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

"სოლიდარობისთვის და კოლექტიური პასუხისმგებლობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს გეგმა, თუ რა ტიპის მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას ომის პირობებში", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე. მას მიაჩნია, რომ ლტოლვილების მიღებაზე შეთავაზება საქართველოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, გვაქვს ფინანსური კრიზისი და უნდა ვივარაუდოთ, რომ ომის ფონზე ის კიდევ უფრო გაღრმავდება,ლტოლვილებს ფინანსურად საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად ეხმარებიან ხოლმე და პრინციპში ამ ხარჯის გარკვეულწილად დაზღვევა მათი მხრიდანაც შესაძლებელია", - ამბობს მიქელაძე.

ის ასევე იხსენებს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში მომხდარი ომების დროს უკრაინამ მას გაუწია და აღნიშნავს, რომ ლტოლვილების მიღება საქართველოს პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

"უკრაინამ 2008 წლის ომის დროს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად 9 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. დევნილთა სახლების რეაბილიტაციისთვის - 50 მილიონი და ასე შემდეგ.

მეორე საკითხია, რამდენად უნდათ უკრაინელ თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში შემოსვლა, რამდენად იგრძნობენ ისინი თავს უსაფრთხოდ ქვეყანაში, რომელიც ასევე სამხედრო აგრესიის ობიექტი იყო და სადაც ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას აშკარად არ იკავებს", - აღნიშნავს ის.

თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. აფეთქებების ხმა თითქმის მთელ ქვეყანაში ისმის.

რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

კვამლი და ცეცხლი კიევში დაბომბვის დროს, 2022 წლის 26 თებერვალი.

უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

დაახლოებით 44-მილიონიანი მოსახლეობით უკრაინა ევროპაში სიდიდით მეშვიდე სახელმწიფოა. 603,550 კვადრატული კილომეტრით კი სიდიდით მეორე ქვეყანაა ევროპაში, რუსეთის შემდეგ.