რუსთავის მერია თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსების ალტერნატიული ტრანსპორტის ძიებაშია მას შემდეგ, რაც კომპანია „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების მძღოლებმა დეკემბრის ბოლოს მგზავრობა 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გააძვირეს, საპროტესტო აქციისა და მერიის მოთხოვნის შემდეგ კი ძველი ფასის შენარჩუნებაზე მხოლოდ თებერვლის დასაწყისამდე დათანხმდნენ.
რუსთავის მერია ქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსებით მგზავრობის ალტერნატივად სთავაზობს გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრავი მატარებელით მგზავრობას. 12 იანვარს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველებსა და მედიის წარმომადგენლებს რკინიგზის სადგურში მისვლა და ერთად მგზავრობა შესთავაზა. გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ირაკლი ტაბაღუამ „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ ერთგვარი საყვედური გამოთქვა:
“ადამიანები მგზავრობენ რკინიგზის საშუალებით, ალტერნატიული ტრანსპორტით, და შეიძლება ინფრასტრუქტურის მოწყობა იმდაგვარად, თუნდაც მარტო სადგურის, საუბარია იმ ფართზე, სადაც იქნება მოსაცდელი, გაიყიდება ბილეთები, მოეწყობა სალარო და ბაქანი, რომლითაც მარტივად შეეძლებათ მგზავრებს - სტუდენტებს თუ სხვა კატეგორიის ადამიანებს - გადაადგილდნენ კომფორტულად“.
რუსთავის მერის მოწოდებას მოქალაქეთა ნაწილი გამოეხმაურა. რკინიგზის დანგრეულ ბაქანზე მატარებელს ჩვეულებრივზე მეტი მგზავრი ელოდებოდა. მათ შორის იყო მზია მანძულაშვილი, რომელიც თბილისში თითქმის ყოველდღე მგზავრობს ამ იაფი და შედარებით კომფორტული ტრანსპორტით. როგორც მზია ამბობს, ცუდია, რომ მატარებელი რუსთავიდან დღეში მხოლოდ ერთხელ გადის და თბილისიდანაც ერთხელ ბრუნდება:
„[საჭიროა მატარებლის] დამატებითი რეისი. ეს თუ არ შეცვალეს, არაფერი გამოვა. ზოგი [მგზავრი] 9 საათზე იწყებს [მუშაობას], ზოგი 10 საათზე...კიდევ ერთი სექცია აუცილებელია დღისითაც და საღამოსაც. [თბილისიდან საღამოს] შვიდ საათზე გამოდის, სტუდენტმა რა უნდა აკეთოს ამ დრომდე?“
ხუთვაგონიანი მატარებელი, რომელიც გარდაბნიდან თბილისისკენ დღეში ერთხელ დადის, რუსთავის ბაქანზე დილის ცხრის ნახევრისთვის 5 წუთით ჩერდება და თბილისის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში დაახლოებით 40 წუთში ჩადის. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. თბილისიდან რუსთავისა და გარდაბნისკენ მატარებელი საღამოს შვიდ საათზე გადის. რუსთაველი ბადრი მესხიშვილი ყურადღებას ქალაქის რკინიგზის სადგურის სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებს.
მისი თქმით, სადგური დანაგვიანებულია, არ ხდება მისი განათება და კრიმინალებისთვის კარგი გარემო იქმნება.
Your browser doesn’t support HTML5
ბადრი მესხიშვილი ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის მატარებლით ბევრი ადამიანი სარგებლობს და სადგურის კეთილმოწყობა აუცილებელია. ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე ლაპარაკობს გარდაბნელი ნანა შულაიაც. მისი თქმით, თბილისიდან დაბრუნებულს სიბნელეში გარდაბნის რკინიგზის სადგურის გარჩევაც კი უჭირს.
ნანა შულაიას თქმით, თითქმის დანგრეულია თბილისში, მეტროს სადგურ „სამგორის“ მახლობლად მდებარე რკინიგზის შენობაც. რუსთავის მერის მოწოდებას და მატარებლით მგზავრობის პოპულარიზების მცდელობას პოპულისტურად მიიჩნევს ადგილობრივი ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ნინო იმედაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ტაბაღუას ტრანსპორტის ალტერნატიული საშუალება კომპანია „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების მძღოლების კატეგორიული პოზიციის შემდეგ გაახსენდა: „მართალია, რუსთავის რკინიგზის სადგური „საქართველოს რკინიგზას“ ეკუთვნის, მაგრამ რატომ არ ითხოვს რუსთავის მერია მის მოწესრიგებას, რეაბილიტაციას. საერთოდ რას აკეთებს ცენტრალური ხელისუფლება, რატომ არის რუსთავი ასე მიგდებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან?... [რკინიგზის სადგურის შენობა] არის გაპარტახებული და ჰგავს ომგამოვლილს, ანტისანიტარიაა, გარშემო საცხოვრებელი კორპუსებია და საშინელი სუნი დგას“.
თავის მხრივ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გაიხსენა წერილი, რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს, ჯერ კიდევ გასული წლის მარტში მისწერა რუსთავი-თბილისი სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციის თხოვნით. მერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მნიშვნელოვანია რუსთავის მოსახლეობის აქტიურობაც, თუნდაც, დამატებითი რეისების დანიშვნის მოთხოვნით. „საქართველოს რკინიგზაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რუსთავის რკინიგზის სადგურში დაგეგმილი აქვთ სარემონტო სამუშაოები -კერძოდ, მოსაცდელი დარბაზისა და სალაროს აღდგენა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამჟამად სპეციალისტები ამზადებენ ხარჯთაღრიცხვას, რის შემდეგაც სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება.